სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, მაგრამ ამ უკანონობისთვის, მისი აზრით, ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემას.
„მედია მირეკავს და აინტერესებს ჩემი პოზიცია, რამდენად კანონიერია პარლამენტის შენობის პიკეტირება. რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.
უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში.
პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია. მაჟორიტარებს კი თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ“, წერს ნინო ლომჯარია.