ამ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის, ანუ სასამართლოს სრული შემადგენლობის - 9 მოსამართლის - პრეროგატივაა.
პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს „კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუკი გადაწყვეტილებაში სხვა ვადები არ არის მითითებული.
რას ასაჩივრებს პრეზიდენტი?
პრეზიდენტის სარჩელი, კანონის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა 15 ივლისს დაასახელა მხოლოდ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელსაც სარჩელი შეეხება. ეს მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, რომ მიიღონ „ყველა ზომა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები“.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 78 მუხლის გარდა, სარჩელი მოიცავს კონსტიტუციის შემდეგ მუხლებს:
- მე-12 მუხლი - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება;
- მე-15 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები;
- მე-17 მუხლი - აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები;
- 22-ე მუხლი - გაერთიანების თავისუფლება;
- 31-ე მუხლი - საპროცესო უფლებები.
კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია გვეუბნება, რომ სასამართლოში, ობიექტური განხილვის პირობებში, კონსტიტუციის დარღვევის დადგენა ძნელი არ იქნება და მათ შორის - 78-ე მუხლის შემთხვევაში - „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
„ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციური პრინციპი, იდეა გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირში არსებული წესებისა და პროცედურების დაცვით გავწევრიანდეთ ამ ორგანიზაციაში.
აღნიშნული წესებისა და პროცედურების დაცვა, ჩანს, არ მოხდა - რადგან შესაბამისმა ინსტიტუტებმა გვითხრეს - არ მიგიღებთ ევროკავშირში ამ ფორმით და ვაჩერებთ ამ პროცესსო... აშკარაა, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა სწორედ ამ კანონის მიღების შემდეგ გაუფუჭდა. ეს ყველაფერი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევის ხილული დასტურია“, - ჩოკორაია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მტკიცებულებებად გამოდგება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები.
„ქართული ოცნება“ თვლის, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს უსამართლოდ ექცევიან და დამსახურების მიუხედავად აფერხებენ ქვეყნის სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. მმართველი პარტია კვლავ ლაპარაკობს მიზანზე - საქართველო 2030 წელს გაწევრიანდეს ევროკავშირში. მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ეს ლოგიკა გაუგებარია საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
რა პროცედურებია წინ?
თავდაპირველად, სარჩელი უნდა დარეგისტრირდეს - რისთვისაც სასამართლოს რეგლამენტში 3-დღიანი ვადაა გაწერილი. ამ ვადაში მოწმდება წარდგენილი მასალების ფორმალური (და არა შინაარსობრივი) შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან.
სარჩელი რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და თუკი არსებობს უზუსტობები, მოსარჩელეს გამოსასწორებლად 15-დღიანი ვადა ეძლევა. თუკი ამ ვადაში „ფორმალური უზუსტობა არ გამოსწორდა, საორგანიზაციო დეპარტამენტი აუქმებს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციას“.
დარეგისტრირებული სარჩელი დაუყოვნებლივ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.
სასამართლოს თავმჯდომარე, შვიდი დღის ვადაში, საქმეს გადასცემს ან კოლეგიას, ან პლენუმს და ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს.
ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის სარჩელის განხილვა პლენუმის პრეროგატივაა, რომელშიც შედის საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, ცხრავე მოსამართლე - თავმჯდომარის ჩათვლით.
- პრეზიდენტის სარჩელის მოპასუხე იქნება საქართველოს პარლამენტი, კერძოდ - საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონი დაამტკიცა.
- სარჩელი, საქმის მასალებთან ერთად, მოპასუხეს მომხსენებელი მოსამართლის დანიშვნის შემდეგ გაეგზავნება. მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი შესაგებელი 1 თვის ვადაში, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ.
- მოპასუხის შესაგებელი 5 დღის ვადაში ეგზავნება მოსარჩელე მხარეს. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვას.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გამწესრიგებელი/არსებითი განხილვის სხდომის თარიღს დანიშნავს პლენუმის თავმჯდომარე და 5 დღით ადრე ეცნობებათ მხარეებს.
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, სწორედ გამწესრიგებელი სხდომის ეტაპზეა შესაძლებელი სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუმცა ამ მხრივ კანონში ვადები დაკონკრეტებული არ არის.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მიხედვით: თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.
- სასამართლოს რეგლამენტის თანახმად კი: თუკი საკითხის გადაწყვეტისას ხმები თანაბრად გაიყო, სადავო ნორმის მოქმედება არ შეჩერდება.
კონსტანტინე ჩოკორაია გვეუბნება, რომ ყველა პირობა არსებობს „გამოუსწორებელი შედეგების“ დასადასტურებლად, რადგან „აგენტების კანონის“ მოქმედების შედეგად, შესაძლოა, დაიხუროს არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციები და შესაძლოა, ამასობაში საქართველოსთვის დაიხუროს - ევროინტეგრაციის შესაძლებლობების ფანჯარაც.
რაც შეეხება არსებითი განხილვის ვადებს:
- კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან
- სარჩელის განხილვის ვადა 2 თვით გაგრძელდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
თუმცა უკვე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების ლოდინი იურისტებს, არცთუ იშვიათად - წლობითაც უწევთ.
ასევე ნახეთ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში - სარჩელები და შანსებიპრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს, სამუშაო საათების დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შევიდა.
უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების ერთობლივი სარჩელიც, რომელშიც ე.წ. აგენტების კანონის თითქმის ყველა მუხლია გასაჩივრებული. სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოსარჩელეთა ეს ჯგუფიც ითხოვს.
პრობლემად რჩება ნდობა სასამართლოს შემადგენლობის მიმართ.
„საკონსტიტუციო სასამართლო არ არის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო. იქ არის რამდენიმე მოსამართლე, რომელიც პრინციპულობითა და დამოუკიდებლობით გამოირჩევა. ეს შეეხება ძირითადად 3 მოსამართლეს და ეს ჩანს ხოლმე.
ამიტომ დიდი იმედები არ მაქვს და დიდ მოლოდინებს ვერ შევიქმნი ამ პირობებში. თუმცა ეს იქნებოდა [კანონის გაუქმება] შანსი აბსოლუტურად ყველასთვის. რადგან ეს საკითხი დაკავშირებულია ამ ქვეყნის მომავალთან“, - გვეუბნება კონსტანტინე ჩოკორაია.
78-ე მუხლი "სისულელეა, არ უნდა ჩაგვეწერა კონსტიტუციაში"
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეა, საკუთარი ტელევიზიის გადაცემაში 15 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „საკრალურ დონეზეა“ აყვანილი და „იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ წერია კონსტიტუციაში“.
„ჯერ რატომ წერია კონსტიტუციაში - ეს საერთოდ სისულელეა და მე თუ მკითხავთ - არ უნდა ჩაგვეწერა. რა უნდა ასეთ რაღაცეებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია... ეს არის რაღაც უპირობო შესვლა [ევროკავშირში], ნებისმიერ ფასად. არ ხდება იმის განხილვა - რა პლუსებს მოგვიტანს ევროკავშირი, რა მინუსებს მოგვიტანს“, - განაცხადა რუხაძემ, რომელიც ასევე ამბობს, რომ პირადად მან საქართველოს „დასჯის პირველი ნაბიჯად“ აღიქვა - უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე გაჩენილი უნიკალური შესაძლებლობა - დაჩქარებულიყო საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.
„მე თუ მიმათრევენ ევროკავშირში იმის გამო, რომ ეს მშვიდობა არ დავარღვიე, ძალიან კარგად უნდა დავფიქრდე, მინდა თუ არა იქ შესვლა დღეს... 2022-ში რომ გვითხრეს - მოდით, ბიჭებო, დროზე ადრე შემოიტანეთო [გაწევრიანების განაცხადი], ცუდი რაღაცის გამო გვითხრეს, მე ასე მგონია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ - არ შევყევით ომში“, - ესეც რუხაძის სიტყვებია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ირაკლი რუხაძის მოსაზრება მხოლოდ ერთი ადამიანის, ანდა ერთი მედიამფლობელის პოზიციად ვერ ჩაითვლება, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ნაწილია. შესაბამისად, ოპონენტები თვლიან, რომ - რუხაძე ივანიშვილს ახმოვანებს და, რომ სამომავლოდ არც 78-ე მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება გამოირიცხება.
„თავის დროზე, როდესაც ეს მუხლი [78-ე] შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში „ქართულმა ოცნებამ“, მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს იყო მათი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი, ერთი მხრივ - რომ დაერწმუნებინათ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ თითქოსდა დასავლურ ორიენტაციაში და, ამავე დროს, ეს იყო სატყუარა, რომელიც გადაუგდეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს“, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე, რომელიც ახლახან შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პლატფორმას - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“.
„ქართულ ოცნებაში“ კვლავ იხსენებენ, რომ 78-ე მუხლი კონსტიტუციას მათი მმართველობის დროს დაემატა და, რომ ხელისუფლება არჩეული კურსის ერთგულია.
„ამ ჩანაწერის გარეშეც ცნობილია პოლიტიკური გეზი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს - ის, რომ საქართველო დამკვიდრდეს სრულად ევროკავშირის სივრცეში. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ ამ შეფასებას.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, ის არა მხოლოდ სიტყვით და საქმით, არამედ კონსტიტუციური ჩანაწერითაც არის ნათელი“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ირაკლი რუხაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამოხატვას, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას „ქართული ოცნება“ გამოხატავს:
„ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია“.
შესაძლებელია ამ მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება?
იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი ამოიღოს და ამით გაანულოს ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანების ვალდებულება, საჭიროა, რომ ფლობდეს საკონსტიტუციო უმრავლესობას [არანაკლებ 113 დეპუტატი]. მას იმედი აქვს, რომ მომავალ არჩევნებში სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს.
ასევე ნახეთ ივანიშვილის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს კონფლიქტზე აღქმა შეიცვლება16 ივლისს, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 60% უჭერს მხარს და „განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება“ მოქმედ ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ საბოლოოდ დაასრულოს „ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში“.
მისი სიტყვებით, „ქართულ ოცნებას“ წინ აქვს „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად, გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დასასრულებლად“ და „საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად“.
ოპოზიციის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკვლევა აჩვენებს, რომ - მმართველი პარტია უბრალო უმრავლესობითაც ვერ იმარჯვებს.
„არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის - სუვერენიტეტისთვის პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით. არსებობს ასეთი ადამიანები... თუ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და სახელმწიფოს, მაშინ უნდა მივცეთ ყველა აზრს არსებობის უფლება“, - ასე შეაფასა ირაკლი რუხაძის განცხადებები „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით - კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერი - საქართველოს მოქალაქეების „აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს“.