ივანიშვილი კვლავ ახსენებს "გლობალური ომის პარტიას", "აგენტურას" და ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოზე "უპრეცედენტო ზეწოლაა" "მეორე ფრონტის" ლობირების შედეგად.
"გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის განცდას, რომ საქართველოს კონფლიქტი აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს, თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება.
გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია - რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ "ნაციონალურ მოძრაობას" - სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, ბოკერიას", - ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილის სიტყვებით, უკრაინაში ომი, ყველაზე გვიან, ერთ წელში დასრულდება და ამის შემდეგ "აშშ-სთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება".
"გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონალური პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი, ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, აშშ-სთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება, საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
სიტყვით გამოსვლისას, მან კვლავ გაიმეორა გზავნილი იმის შესახებ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "'კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა' კანონის წინაშე აგებს პასუხს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის".
"ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" სრულად აგოს პასუხი ქართულ საზოგადოებასა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.
განსაკუთრებით - 2008 წელს დაკვეთის შესრულებასა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო.
დღეს საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეთ. საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფოიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფოიერვერკს მივიღებთ", - განაცხადა ივანიშვილმა 16 ივლისს, "ქართული ოცნების" ოფისის გახსნის ღონისძიებაზე, რითაც მმართველმა პარტიამ ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია და გააჟღერა ახალი სლოგანი: "მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ".
ფორუმი