ევროდეპუტატები ნიკა გვარამიას პატიმრობას სადავოდ თვლიან, დაბრკოლებად განიხილავენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რომ „პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან“.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი მწვავე რეზოლუცია მზადდება.
სტრასბურგში გამგზავრებამდე, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თუ მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც მიმართეს. ერთ-ერთი ხელმომწერი, ოპოზიციონერი დეპუტატი, „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების საკითხზე სტრასბურგშიც მიაწვდენს ხმას.
„შეგვიძლია ქანქარის ხელახლა ამუშავება?“ - ამ სახელწოდების სადისკუსიო პანელის მსვლელობისას საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული აქცენტები პოლარიზაციასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებასთან დაკავშირებულ იმედგაცრუებაზე გააკეთა.
პოლარიზაცია და იმედგაცრუება
ვიდრე სალომე ზურაბიშვილს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ შეკითხვას დაუსვამდა, სადისკუსიო პანელის მოდერატორმა გაიხსენა, რომ მომავალ წელს 20 წელი უსრულდება „ვარდების რევოლუციას“ საქართველოში. პრეზიდენტი ამ თემას აღარ ჩაღრმავებია და აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიულ განვითარებას ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, პირველი რესპუბლიკის დროს ცდილობდა და ხელახლა დაიწყო 1990-იან წლებში, რუსეთის მუდმივი აგრესიისა და შემოტევების ფონზე.
„ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, წარმოდგენილს ამ დარბაზში... ზოგი რეფორმა საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, ზოგი - ნაკლებად სწრაფად“, - თქვა ზურაბიშვილმა და საქართველოს დემოკრატიის მთავარ გამოწვევად პოლარიზაცია დაასახელა.
„პოლარიზაცია არის ყველგან - პოლიტიკოსებს შორის და ასევე მედიაში და ეკლესიაში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია საქართველოში. რას ვგულისხმობთ პოლარიზაციაში? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვენდობით ერთმანეთს და განვიხილავთ, როგორც მტრებს... ქვეყანას აქვს უსაფრთხოების პრობლემა და ამ ფონზე პოლარიზაცია დანაშაულია ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ფრანგულენოვანი გამოსვლის ინგლისური თარგმანის მიხედვით. იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიასთან გამკლავებასა და თავის გადარჩენაში, უკრაინელებს დღეს სწორედ ერთობა ეხმარებათ.
პრეზიდენტს არაფერი უთქვამს მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“ თავის მუდმივად დაძაბულ ურთიერთობებზე. ბოლო პერიოდში მას არც აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობის ამბავი შეატყობინეს.
სტრასბურგში, პრეზიდენტმა არ დამალა იმედგაცრუება იმის გამო, რომ ევროკავშირმა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. „ჩვენ იმდენად დიდი ხანია ევროპელებად ვგრძნობთ თავს, რომ უნდა შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს“, - ასე ჟღერს მისი სიტყვები თარგმანით.
"დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის" (7-9 ნოემბერი) წლევანდელი თემაა - "დემოკრატია: ახალი იმედი?". გამომსვლელების უმრავლესობა საკითხს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომისა და შექმნილი გამოწვევების პრიზმაში განიხილავს. ამ სახელწოდებით, ფორუმი უკვე 10 წლის იუბილეს აღნიშნავს; თუმცა მანამდე ის ცნობილი იყო როგორც „ზაფხულის უნივერსიტეტი დემოკრატიისთვის“.
ფორუმის ორგანიზატორია ევროსაბჭო და პარტნიორთა შორის საფრანგეთის მთავრობაც მოიხსენიება.
„დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ წელსაც მიიწვიეს დამოუკიდებელი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი - „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დამფუძნებელი და, 20 წელიწადზე მეტია, მისი ხელმძღვანელი. ახვლედიანი, ტრადიციისამებრ, სტრასბურგში სკოლის ჯგუფის რამდენიმე ათეულ მონაწილესთან ერთად არის ჩასული.
„ფორუმის პირველი დღეა და აშკარად იგრძნობა უკვე, რომ არსებითად არის შეცვლილი დამოკიდებულება მთავარი საკითხის მიმართ და ეს არის დემოკრატია და მისი მომავალი... შეცვლილია ის, რომ თანდათან ხდება გამიჯვნა ფორმალური დამოკიდებულებისგან... ეს ნიშნავს, რომ უფრო და უფრო ნაკლებია შანსი - ვინმემ ვინმე მოატყუოს, ფასადურობით შეიყვანოს შეცდომაში... უკრაინაში რუსეთის გაუგონარმა, ბარბაროსულმა აგრესიამ გააშიშვლა ბევრი საკითხი და ეს პოლიტიკურ ლიდერებს არ აძლევს საშუალებას, მიკიბ-მოკიბვით, ნელთბილად ისაუბრონ; თან იყვნენ დემოკრატები და თან მხარს უჭერდნენ ავტორიტარულ მისწრაფებებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეპუტატი. მისი სიტყვებით, „საქართველოს ხელისუფლებაც აცნობიერებს, რომ დასავლელი ლიდერების მოტყუება და გაცურება ახლა სულ უფრო რთული ხდება“ და „უფრო მაღალი ფასის გადახდაა საჭირო“.
შეწყალება და წუხილი
„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში“, - ვკითხულობთ ღია წერილში, რომლითაც ევროპარლამენტარების ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს 7 ნოემბერს მიმართა და რომელიც ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს შეეხება.
12 ევროპარლამენტარი წერს, რომ „შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული“ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, „რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს“.
ამ წერილმა „ქართული ოცნების“ უკმაყოფილება გამოიწვია და ისევე, როგორც მანამდე, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე მიუთითეს.
ასევე ნახეთ 12 ევროპარლამენტარი პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
თავად ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, მაგრამ ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ამ თხოვნით არაერთმა ჯგუფმა მიმართა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ხელმოწერას გვიდასტურებს არმაზ ახვლედიანიც და ამბობს, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება.
„გვარამიას შემთხვევა არ არის ჩვეულებრივი, სტანდარტული შემთხვევა. ეს კარგად აჩვენებს, სად არის დღეს "ქართული ოცნება". ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება მედიამენეჯერის წინააღმდეგ. თუ ახლა არ მოხერხდება სამართალზე პოლიტიკის ამ უხეში ზეწოლის დაძლევა, გადალახვა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ამითაც ძირი ეთხრება“, - ამბობს ახვლედიანი და იმედი აქვს, რომ მას შესაძლებლობა ექნება, ამ თემაზე, სტრასბურგში, თავად სალომე ზურაბიშვილსაც დაელაპარაკოს.
ასევე ნახეთ რუსეთი "ტერორისტული სახელმწიფოა", მიხეილ სააკაშვილი "პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარი" - PACE-ს რეზოლუცია მოკლედ ასევე ნახეთ პაპუაშვილი: სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს PACE-ს სანდოობას ქართულ საზოგადოებაშიმანამდე იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუცია, რომელმაც ასევე გამოიწვია „ქართული ოცნების“ მკაფიო უკმაყოფილება. ოქტომბერში დამტკიცებული დოკუმენტი ძირითადად უკრაინას შეეხება და რუსეთს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს; თუმცა იქვეა ნახსენები საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
„ასამბლეა მოუწოდებს როგორც რუსეთის ფედერაციას, ისე სხვა ქვეყნებს, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)”, - ამ ჩანაწერის გამო, საქართველოს დელეგაციიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გრაფიკი მოიცავს შეხვედრებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსთან; ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან.
11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში წელს მეხუთედ ჩატარდება და, წინასწარი ინფორმაციით, სიტყვით უნდა გამოვიდეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც.