12 ევროპარლამენტარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოიყენოს შეწყალების უფლება და ციხიდან გაათავისუფლოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ისინი წერილში იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანთან დაახლოების საქმეში ლიდერობას იკისრებს.
"... ჩვენ, საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები ევროპარლამენტში, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული და ყველა შესაძლო ძალისხმევა იქნას გაწეული, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს.
სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება ისეთ ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო პირების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.
ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებები ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო იწვევს პოლარიზაციას.
მოგიწოდებთ, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში", - წერია განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.
გვარამიას ბრალდების ორივე ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ზომად პატიმრობა განესაზღვრა.
ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.
24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და გამოთქვა იმედი, რომ ის საპატიმროს დატოვებდა.