მაშინ როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი „ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში“ რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება, ხოლო პარიზის სამიტამდე კიევი და მოსკოვი ერთმანეთს პოზიტიურ სიგნალებს უგზავნიან, უკრაინის ხელისუფლებიდან პროტესტის ნიშნად წასვლის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოლენა ზერკალმა, რომელიც რუსეთთან მკაცრი საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნებას ემხრობა.
„რაც შეეხება მოსაზრებას, რომ „ჩვენ ვიმეგობრებთ რუსეთთან“, მე არ ვარ მეგობრობის პერსონაჟი. რაც არ უნდა იყოს, მე მეომარი (fighter) ვარ, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს და წარადგენს პოზიციას, რუსების თვალთახედვისგან განსხვავებულს,“ - განაცხადა ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქშოუში გამოსვლის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ოლენა ზერკალი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიანი თანამშრომელია. იგი 2014 წლიდან მუშაობს მინისტრის მოადგილის პოსტზე, რომელიც პასუხს აგებს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და წარმოადგენს უკრაინის პოზიციას საქმეზე „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ“ გაეროს საერთაშორისო სასამართლოსა და საზღვაო სამართლის საარბიტრაჟო ტრიბუნალში.
8 ნოემბერს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აღიარა თავისი იურისდიქცია საქმეზე „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ“ ორი საერთაშორისო კონვენციის დარღვევისთვის, კონვენციებისა, რომლებიც გულისხმობს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრასა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას.
ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლომ უარყო რუსეთის არგუმენტები უკრაინის სარჩელის მიმართამის შემდეგ სასამართლოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც, საორიენტაციოდ, 2022 წლისთვის უნდა გამოცხადდეს.
ამ გახმაურებულ საერთაშორისო საქმეში აქტიური პოზიციისათვის, ოლენა ზერკალი ფიქრობს, რომ რუსეთი აუცილებლად დააყენებდა უკრაინის წინაშე მოლაპარაკებებიდან მისი ჩამოშორების საკითხს, რადგან ის არ არის ისეთი პიროვნება, რომელთანაც „იოლია იმის მიღწევა, რაც მათ სურთ“.
ამასთან, ზერკალმა უარი თქვა შეეფასებინა, თუ რამდენად ღრმა თანამშრომლობისთვის არის რუსეთთან მზად უკრაინის პრეზიდენტის ოფისი. დიპლომატმა ქალმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბოლო თვის განმავლობაში იგი ჩამოაშორეს გაზის თაობაზე მოლაპარაკების პროცესს, რის გამოც მან დაასკვნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტორში აღარაფერი ესაქმება.
„ამ კვირაში ბოლო ჩემს დავალებას შევასრულებ - ჩავატარებ პროცესუალურ მოსმენას ჰააგაში და მერე, როგორც დაგპირდით. მე არ შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო (რუსეთს), როგორც დიპლომატმა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ასრულებს“, - აცხადებს ზერკალი.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ ამ განცხადებას არ მოჰყოლია უკრაინის კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელიც დაკავებულია „ნორმანდიის ოთხეულის“ პარიზის 9 დეკემბრის სამიტისთვის მზადებით.
უკრაინის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად შექმნილ საერთაშორისო ფორმატში ოთხი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის - ლიდერები ერთმანეთს 2016 წლის შემდეგ აღარ შეხვედრიან.
20 ნოემბერს, აღმოსავლეთ უკრაინის სტანიცა ლუგანსკოეში ყოფნის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკლედ ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომლებსაც წამოჭრის „ნორმანდიის ოთხეულის“ შეხვედრაზე.
- ყველა უკრაინელი პატიმრის უპირობო გათავისუფლება;
- ცეცხლის ნამდვილი და არა მოჩვენებითი შეწყვეტა გამყოფ ხაზზე;
- ქვეყნის მთელ საზღვარზე - მათ შორის რუსეთთან მიმდებარე სასაზღვრო მონაკვეთზე - კონტროლის აღდგენა;
- დაბოლოს, უკრაინის ტერიტორიაზე - და არა დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე - ადგილობრივი არჩევნების ჩატარება.
უფრო ადრე, 3 ოქტომბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემუშავდება ახალი კანონი დონბასის ახალი სტატუსის შესახებ. პრეზიდენტის სიტყვებით, დოკუმენტში არ იქნება გათვალისწინებული ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების ავტონომია.
„შტაინმაიერის ფორმულის“ თანახმად, „განსაკუთრებული სტატუსი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ძალაში შედის ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ვადამდელი არჩევნებისას, რომელიც ინიშნება და ტარდება უკრაინის კონსტიტუციისა და ასევე ზემოხსენებულ რეგიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მარეგულირებელი, უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად“.
ასევე ნახეთ შტაინმაიერის თუ ლავროვის „ფორმულა“?რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ცოტა ხნის წინ კვლავ განაცხადა, რომ თუ კიევი მიიღებს ისეთ რამეს, რაც არ იქნება შეთანხებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან, მაშინ მოლაპარაკებები ჩიხში შევა.