Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: რუსეთის მიერ დაბრუნებული სამი ხომალდი ძალზე ცუდ მდგომარეობაშია


უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ რუსეთმა მას დაუბრუნა 2018 წელს ხელში ჩაგდებული სამი ხომალდი. კიევის თანახმად, გემები ძალზე ცუდ მდგომარეობაში არიან და საკუთარი ძალით ვერ დაბრუნდებიან პორტში. სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო გემებს სხვა ხომალდები ექაჩებიან და ძალზე ნელა გადაადგილდებიან.

„საკუთარი ძალით არ შეუძლიათ ცურვა. რუსებმა ისინი გაანადგურეს, ნათურები, ელექტროაღჭურვილობა და ტუალეტებიც კი მოხსნეს. მთელს მსოფლიოს ვუჩვენებთ, როგორ ბარბაროსულად მოეპყრნენ მათ რუსები,“ თქვა ვორონჩენკომ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოჩაკოვის პორტში დახვდება გემებს.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს, ხელში ჩაიგდეს ისინი და ტყვედ აიყვანეს უკრაინის 24 მეზღვაური. ინციდენტი მოხდა ქერჩის სრუტეში, რომლის გავლითაც უკრაინული ხომალდები უკრაინის პორტ მარიუპოლში შესვლას აპირებდნენ აზოვის ზღვაში.

ქერჩის სრუტე ერთადერთი გასასვლელია შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში. იგი მდებარეობს რუსეთსა და ყირიმის ნახევარ კუნძულს შორის, რომელიც 2014 წელს დაიკავა რუსეთმა.

XS
SM
MD
LG