რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიმპათიური ადამიანია. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა განაცხადა საინვესტიციო ფორუმის, „რუსეთი გიხმობს!“ სხდომაზე. ამასთან, აღნიშნა, რომ არასოდეს უნახავს თავისი უკრაინელი კოლეგა და არ იცნობს მას. „მე ვფიქრობ, ის სიმპათიური ადამიანია, გულწრფელია“, თქვა პუტინმა შეხვედრაზე.
პუტინის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მთლიანად კიევზეა დამოკიდებული. მან დასძინა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინული მხარის განცხადება მინსკის შეთანხმებების გადახედვის თაობაზე. მაგრამ ამასთან აღნიშნა, რომ კიევმა „გარკვეული დადებითი ნაბიჯები“ გადადგა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.
„ნორმანდიის ფორმატში“ შეხვედრის გასამართად რუსეთი ერთ-ერთ პირობად აყენებდა ორივე მხარის მიერ შეიარაღებული ძალების გაყვანას შეხების ხაზიდან. ეს პროცესი ოქტომბერში დაიწყო. უკრაინის სამხედროებმა და პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ შეასრულეს ძალების გაყვანის ოპერაცია.
9 დეკემბერს პარიზში გაიმართება ოთხმხრივი სამიტი, რომელზეც განიხილავენ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას და კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებს. მოლაპარაკების ფარგლებში გაიმართება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა.