გაჯეტებით "თავდასხმა", რასაც სულ მცირე 12 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, ესკალაციის ახალი ფაზის დადგომას მოასწავებს ორ, დიდი ხნის დაპირისპირებულ ძალას - ისრაელსა და ჰეზბოლას შორის
“რაღაც მომენტში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა და სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება“, - ვარაუდობს ჰამიდრეზა აზიზი, საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეების გერმანიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
ასევე ნახეთ ოთხშაბათს ლიბანის სხვადასხვა რაიონში კვლავ ფეთქდება პორტატიული საკომუნიკაციო მოწყობილობებილიბანური წყაროები ათასობით პეიჯერის აფეთქებას ისრაელის დაზვერვის და სპეცდანიშნულების სამსახურის, მოსადის ოპერაციად მიიჩნევენ. ამის შესახებ Reuters-ი და Sky News Arabia ლიბანის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.
საერთაშორისო მედია ასევე ცდილობს მოიპოვოს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის გამოშვებული და როგორ დამონტაჟდა ასაფეთქებელი ნივთიერებები პირად პეიჯერებსა და რაციებში, რომლებსაც ჰეზბოლას წევრები საკომუნიკაციოდ იყენებდნენ.
რა არის პეიჯერი?
მობილური კავშირგაბმულობის გაჩენას წინ უძღოდა კავშირი მომცრო მოწყობილობით, რომელიც დღეს იშვიათად თუ გამოიყენება. პეიჯერით შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებების მხოლოდ ცალმხრივად მიღება. მობილური ტელეფონებისგან განსხვავებით, პეიჯერით შეუძლებელია შეტყობინების მიმღების ადგილმდებარეობის გარკვევა. BBC-ის ცნობით, 2024 წლის თებერვლის შემდეგ ჰეზბოლას მებრძოლები გაფრთხილებული იყვნენ, რომ მორიდებოდნენ მობილური ტელეფონების გამოყენებას.
"დაძაბულობა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს კონტროლიდან"
პეიჯერების აფეთქების ხმა ლიბანში გაისმა სულ რაღაც ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ისრაელმა გამოაცხადა, რომ გააფართოებდა ღაზის სექტორში, თავის თითქმის ერთწლიან კამპანიას ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ პალესტინურ დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ.
ისრაელს ამ ჩანაფიქრით სურს ასევე, რომ წინ აღუდგეს ჩრდილოეთის საზღვრებთან, ლიბანში მოქმედ ჰეზბოლას და უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების დაბრუნება ჩრდილოეთში, რაც ომის ახალ მიზანს წარმოადგენს.
17 სექტემბერს, საღამოს, ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ რაიონში, თითქმის ერთდროულად აფეთქდა ჰეზბოლას წევრთა პეიჯერები, რომლებსაც კავშირის საშუალებად იყენებენ.
18 სექტემბერს განახლებული მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 12 და დაიჭრა 3000-მდე ადამიანი. დაჭრილებს შორისაა ირანის ელჩი ლიბანში. ჰეზბოლამ აფეთქებების ორგანიზებაში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაემუქრა.
თავად ისრაელს, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას მტრად ჰყავს გამოცხადებული, პეიჯერების აფეთქებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
გერმანიაში მოღვაწე ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი ალი სარდარზადეჰი მიიჩნევს, რომ პეიჯერების გამოყენებით განხრციელებული თავდასხმა მიზნად ისახავდა „მკაფიო სიგნალის“ გაგზავნას ჰეზბოლასათვის, რომ „შეწყვიტოს ძალის დემონსტრირება“, რომელსაც ის მიმართავს.
„ისრაელი ზეწოლას ახდენს ჰეზბოლაზე როგორც სამხედრო საშუალებებით, ისე დიპლომატიით“, - უთხრა სარდარზადეჰმა რადიო თავისუფლებას.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონის კიდევ ერთი ექსპერტი, ბრიტანეთში მოღვაწე ალი მოჰტადიც ფიქრობს, რომ „პეიჯერების საშუალებით მოწყობილი აფეთქება მოასწავებს ახალ ფაზას ისრაელსა და ჰეზბოლას შორის თითქმის წელიწადის განმავლობაში მიმდინარე ომში". რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მოჰტადიმ აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა შედიოდეს როგორც ისრაელის, ისე ჰეზბოლას ინტერესებში. მოჰტადი ეთანხმება ჰამიდრეზა აზიზის მოსაზრებას, რომ დაპირისპირებამ ორ მტრულ ძალას შორის „მიაღწია იმ ფაზას, როდესაც დაძაბულობა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს კონტროლიდან“.
პეიჯერებით თავდასხმა, როგორც "შემაკავებელი ფაქტორი" ჰეზბოლასთვის?
ჰეზბოლას განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალხი დაიღუპა და დაიჭრა პეიჯერების „საიდუმლოებით მოცული“ აფეთქებების შედეგად. დაჯგუფების თანახმად, პეიჯერები, რომლებსაც მისი წევრები იყენებდნენ, „ერთდროული“ დეტონაციის დროს აფეთქდა.
პეიჯერების გამოყენებით მოწყობილი გამანადგურებელი აფეთქებები, რომელიც გასამხედროებული ორგანიზაციის უსაფრთხოებაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს, უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ჰეზბოლას, მიიჩნევს ლინდა ხატიბი, ლონდონში მოქმედი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის დირექტორი. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჰეზბოლამ ძალადობის ტალღით უპასუხოს ამ აფეთქებებს. მაგრამ ლინდა ხატიბი არ ემხრობა იმ მოსაზრებას, თითქოს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი გარდაუვალი იყოს.
„იმ დროს, როცა ჰეზბოლა დაუცველი აღმოჩნდა, ისრაელი აგრძელებს ლიბანის სამხრეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიას. მაგრამ ეს აუცილებლად არ გამოიწვევს დაწყებული სამხედრო კამპანიის გადაზრდას სრულმასშტაბიან ომში, ვინაიდან პეიჯერებით თავდასხმა ჰეზბოლასთვის შემაკავებელი ფაქტორია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხატიბმა.
პირდაპირ კონფლიქტს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, თავის მხრივ, შეუძლია მოახდინოს უფრო ფართო მასშტაბის რეგიონული ომის პროვოცირება, რომელშიც ჩათრეული აღმოჩნდება ირანი, ჰეზბოლას მთავარი მხარდამჭერი და ისრაელის მოსისხლე მტერი.
ამ პერიოდში ირანი და ისრაელი რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ომის ზღვარზე, მათ შორის ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ.
ასევე ნახეთ ჰამასი აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობას უპასუხოდ არ დატოვებსთეირანმა მაშინ ბრალი ისრაელს დასდო და დაემუქრა მას საპასუხო ზომებით, მაგრამ ირანის მხრიდან ამ მუქარას პირდაპირი სამხედრო პასუხი არ მოჰყოლია.
სამხრეთ ლიბანში 17 სექტემბერს პეიჯერების ერთდროულად აფეთქების შედეგად დაჭრილთა შორისაა ლიბანში ირანის ელჩი მოჯტაბა ამანი.
საინფორმაციო სააგენტო "ფარსი", რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან ახლოს დგას, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამანიმ „ზედაპირული ტრავმა“ მიიღო პეიჯერის აფეთქების შედეგად.
ექსპერტები ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევენ, რომ ელჩის დაჭრამ და ლიბანში მომხდარმა აფეთქებებმა ისრაელის მიმართ ირანის საპასუხო მოქმედებების პროვოცირება მოახდინოს.
„მიუხედავად ირანის ელჩის მიერ მიღებული ტრავმებისა, ვფიქრობ, რომ ამას ირანი განიხილავს, პირველ ყოვლისა, როგორც ჰეზბოლას პრობლემას და ამჯობინებს, რომ პასუხი ჰეზბოლასგან მოდიოდეს“, - განაცხადა რაზ ზიმიტმა, თელ-ავივის უსაფრთხოების ნაციონალური უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა.
სად იყო გამოშვებული და როგორ მოხვდა ასაფეთქებელი ნივთიერება პეიჯერებში?
ლიბანში მოქმედი გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაციის, ჰეზბოლას პეიჯერების აფეთქება ისრაელის დაზვერვის და სპეცდანიშნულების სამსახურის, მოსადის ოპერაცია იყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსადმა ტაივანის მიერ წარმოებულ AR-924 ტიპის 5000-ს პეიჯერში, რომლებიც ჰეზბოლას მიერ იყო შეკვეთილი, მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადება აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე უზრუნველყო. Reuters-ის თანახმად, ეს ცნობა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის და კიდევ ერთი წყაროსგან მიიღო.
ლიბანის უსაფრთხოების უწყებაში განაცხადეს, რომ თავად გაჯეტები ტაივანური კომპანია Gold Apollo-ს ბრენდისაა. მაგრამ Gold Apollo-ს დამფუძნებელი სუ ცინკუნი ამტკიცებს, რომ პეიჯერები დაამზადა მათი ბრენდის ლიცენზიის მქონე ევროპულმა კომპანიამ, ბუდაპეშტში ბაზირებულმა BAC Consulting-მა.
რადიო თავისუფლების უნგრული სამსახურის ცნობით, ოფიციალურად BAC Consulting-ი საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც ასევე თითქოსდა დაკავებულია რადიომაუწყებლობის აღჭურვილობის წარმოებითა და ნავთობის მოპოვებით, თუმცა ბუდაპეშტში BAC Consulting-ს მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს.
რადიო თავისუფლებამ რამდენიმე შეკითხვა გაუგზავნა ქვეყნის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს იმის შესახებ, ხომ არ იყო რომელიმე სამთავრობო უწყება ჩართული ამ საწარმოს საქმიანობაში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რა რისკი შეიძლება წარმოიშვას, თუ ლიბანში აფეთქებული პეიჯერები მართლაც უნგრეთშია დამზადებული.
რადიო თავისუფლება ელოდება პასუხებს როგორც ოფიციალური უწყებებისგან, ისე თავად კომპანია BAC Consulting-ისგან.
- ოთხშაბათს, 18 სექტემბერს, ლიბანის სხვადასხვა რაიონში კვლავ ფეთქდება პორტატიული საკომუნიკაციო მოწყობილობები.
- ვარაუდობენ, რომ ამჯერად ფეთქდება ჰეზბოლას წევრების პორტატიული რაცია, იტყობინება Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროები ამბობენ, რომ ისინი ჰეზბოლამ რამდენიმე თვის წინ იყიდა, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც შეისყიდეს გუშინ აფეთქებული პეიჯერები.
- აფეთქებები მოხდა ბეირუთის სხვადასხვა რაიონში, ასევე სამხრეთ ლიბანში. Sky News Arabia კერძოდ მიუთითებს, რომ აფეთქებები მოხდა ლიბანის პარლამენტის წევრის, ჰეზბოლას წევრ ალი ამარის გუშინ დაღუპული შვილის დაკრძალვის დროს. ასევე ქვეყნდება ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია მანქანები, რომლებსაც სავარაუდოდ აფეთქების შედეგად გაუჩნდათ ცეცხლი.
- ლიბანის მედიის ცნობით, 18 სექტემბერს სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები, მათ რაოდენობას ჯერ არ ასახელებენ.
ასევე ნახეთ ირანის მარიონეტები და პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში იარაღის წარმოებას აფართოებენ ასევე ნახეთ ირანი აგროვებს მოკავშირეებს ისრაელის წინააღმდეგ ზომების განსახილველად - "როიტერსი"