ირანის უმაღლესი თანამდებობის პირები ხუთშაბათს შეხვდებიან ერაყში, ლიბანსა და იემენში მოქმედი პროირანული შეიარაღებული ჯგუფების წარმომადგენლებს. „როიტერსი“ ხუთ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ ისრაელის წინააღმდეგ შესაძლო საპასუხო ზომებს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.
მანამდე New York Times-მა ირანის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის წინააღმდეგ პირდაპირი დარტყმის მომზადების ბრძანება გასცა. ამის მიზეზია ისმაილ ჰანიეს სიკვდილი, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის ხელისუფლებას და სამხედრო უწყებას ჰანიეს სიკვდილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჰამასის ცნობით, ისმაილ ჰანიე 31 ივლისს დაიღუპა თეირანის შტაბ-ბინაზე დარტყმის შედეგად. კონკრეტულად რა სახის დარტყმა იყო, ჯერჯერობით გაურკვეველია.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მოკლულია ჰანიეს ერთ-ერთი მცველიც, დაწყებულია გამოძიება.
ისრაელმა ჰამასის და მისი ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად აიყვანეს.
ისმაილ ჰანიემ ღაზის სექტორი ჯერ კიდევ 2019 წელს დატოვა და კატარში ცხოვრობდა. იგი 1963 წლის 29 იანვარს დაიბადა ღაზის სექტორში. 1987 წელს დაამთავრა ღაზის ისლამური უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი.
ისმაილ ჰანიე 1997 წელს გახდა მოძრაობა ჰამასის დამფუძნებლის, შეიხ იასინის მდივანი. 2006-2007 წლებში იყო პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი. 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა ჰამასის პოლიტიკურ ბიუროს.
აშშ-ს და ევროკავშირს ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.
2024 წლის მაისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ითხოვა ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი ისმაილ ჰანიეს დაპატიმრების ორდერი.
თეირანში 1 აგვისტოს გაიმართა ისმაილ ჰანიეს პანაშვიდი.
ჰანიეს მოგვიანებით კატარის დედაქალაქ დოჰაში დაასაფლავებენ.
აიათოლა ხამენეიმ გამოთქვა მუქარა, რომ ჰანიეს მოკვლისთვის „სასჯელი სასტიკი“ იქნება.
ფორუმი