ოთხშაბათს ლიბანის სხვადასხვა რაიონში კვლავ ფეთქდება პორტატიული საკომუნიკაციო მოწყობილობები. ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც სამშაბათს აფეთქდა ათასობით პეიჯერი, რომლებსაც იყენებდნენ რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლას წევრები. ამის შესახებ ადგილობრივი წყაროები და უცხოური სააგენტოები იუწყებიან.
ვარაუდობენ, რომ ამჯერად ფეთქდება ჰეზბოლას წევრების პორტატიული რაცია, იტყობინება Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროები ამბობენ, რომ ისინი ჰეზბოლამ რამდენიმე თვის წინ იყიდა, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც შეისყიდეს გუშინ აფეთქებული პეიჯერები.
აფეთქებები მოხდა ბეირუთის სხვადასხვა რაიონში, ასევე სამხრეთ ლიბანში. Sky News Arabia კერძოდ მიუთითებს, რომ აფეთქებები მოხდა ლიბანის პარლამენტის წევრის, ჰეზბოლას წევრ ალი ამარის გუშინ დაღუპული შვილის დაკრძალვის დროს. ასევე ქვეყნდება ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია მანქანები, რომლებსაც სავარაუდოდ აფეთქების შედეგად გაუჩნდათ ცეცხლი.
ლიბანის მედიის ცნობით, მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები, მათ რაოდენობას ჯერ არ ასახელებენ.
სამშაბათს ლიბანში აფეთქდა პეიჯერები, რომლებსაც ჰეზბოლას წევრები იყენებდნენ შიდა დაშიფრული შეტყობინებების გასაგზავნად. შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ჰეზბოლას წევრებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის რვა წლის ბავშვი. დაშავდა დაახლოებით სამი ათასი. მოძრაობა, რომელიც ისრაელში და ზოგ სხვა ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ლეგალურად მოქმედებს ლიბანში და წარმოდგენილია პარლამენტსა და მთავრობაში.
ისრაელს ოფიციალურად არ აუღია აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, თუმცა ბევრი მედიასაშუალება წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სწორედ მისმა დაზვერვის სამსახურებმა მოაწყვეს თავდასხმა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები არ გამორიცხავენ, რომ ჰეზბოლა თავდასხმას რაც შეიძლება მალე უპასუხებს, იუწყება ისრაელის გამოცემა „ვესტი“. გაიზარდა ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნა. ჰეზბოლამ უკვე დადო პირობა, რომ შურს იძიებს.
ოთხშაბათს Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ისრაელის დაზვერვამ, „მოსადმა“, ასაფეთქებელი ნივთიერებები მოათავსა 5000 პეიჯერში, რომლებიც ჰეზბოლას მიერ იმპორტირებული იყო აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე.
Reuters-ის წყაროების ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ლიბანური წყარო ირწმუნება, რომ პეიჯერების მოდიფიკაცია მოხდა „წარმოების ეტაპზე“. წყაროს ცნობით, სამი ათასი პეიჯერი აფეთქდა, როდესაც მათ კოდირებული შეტყობინება გაუგზავნეს, რამაც ერთდროულად გაააქტიურა ასაფეთქებელი ნივთიერება. მანამდე ჰეზბოლას სპიკერმა თქვა, რომ პეიჯერები შეიცავდა ვირუსს, რასაც შეიძლება გამოეწვია მათი გახურება და შემდეგ აფეთქება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ოთხშაბათს ღრმა შეშფოთება გამოთქვა აფეთქებების გამო და გამოვიდა მოწოდებით, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის კონფლიქტი არ გადაიზარდოს რეგიონში სრულმასშტაბიან ომში. გაეროს ადამიანის უფლებათა უწყებამ დაგმო აფეთქებები როგორც განურჩეველი თავდასხმა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაზე, და გამოძიების მოწოდებით გამოვიდა.
ფორუმი