პატრიარქმა ივანიშვილი დალოცა: მრევლი, როგორც ამომრჩეველი

დამთხვევაა თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბოდბეში ქადაგებისას, კათალიკოს-პატრიარქმა 9 ივნისს, ანუ სწორედ იმ დღეს დალოცა, როდესაც თბილისში, მთაწმინდის ოლქში დეპუტატის მანდატისთვის არჩევნების მეორე ტური იმართებოდა?

არის თუ არა ეს მესიჯი მრევლისთვის, რომელიც ასევე - ამომრჩეველია? რა ურთიერთობები აქვს ეკლესიასა და სახელმწიფოს? რას ემყარება სიმბიოზი და როგორ გამოიყურება ის არჩევნების პერიოდში?

პატრიარქის მადლობა და დალოცვა არჩევნების დღეს

9 ივნისს, როდესაც ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს, ქადაგებისას ილია მეორემ საგანგებოდ ახსენა ბიძინა ივანიშვილი.

  • მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს;
  • დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის;
  • დალოცვილი იყავით და გახარებული.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დალოცვას პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

პატრიარქმა 9 ივნისს სასულიერო პირები და ძირითადად, ის საერო პირები დალოცა და დააჯილდოვა, რომლებმაც ფიზიკურად იშრომეს ანდა ფინანსურად შეუწყვეს ხელი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობას. პატრიარქს ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ ახალ ტაძართან დაკავშირებით არ მოუხსენიებია.

აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს წვლილი შეტანილი კონკრეტულად ბოდბის ახალი ტაძრის მშენებლობაში?

„მე მგონი, ჯერჯერობით არა. ზუსტად არ ვიცი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. ინფორმაციის გადასამოწმებლად ფონდ „ქართუსთან“ დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა - უშედეგოდ.

თეოლოგების აზრით, შესაძლებელია თეორიულად დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი პატრიარქმა დალოცა ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული რამდენიმე ასეული ტაძრისა და ისტორიული ძეგლის მშენებლობა-რესტავრაციისთვის.

მაგრამ ჩნდება შეკითხვა - რატომ მაინცდამაინც 9 ივნისს, როცა თბილისში, მთაწმინდის ოლქში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ არეალში „ქართული ოცნებისთვის“ მეტად მნიშვნელოვანი არჩევნების ბედი წყდებოდა?

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ:

  • ბევრ რამესთან შეიძლება დააკავშირონ ეს მოვლენა, თავიანთი შეხედულების მიხედვით;
  • მაგრამ შეიძლება ეკლესია თავისი რაღაც პრინციპით მოქმედებდეს;
  • არ არის აუცილებელი ამ მოვლენების დაკავშირება.

„რადგან არჩევნებს დაემთხვევა, ბუნებრივია, საარჩევნო კონტექსტი განსაზღვრავს (ბიძინა ივანიშვილის) დალოცვის ამ აქტს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი.

ანალიტიკოსები, თეოლოგები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველოს პოლიტიკური ტრადიციისთვის ახალი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა:

  • არჩევნების ჭრილში საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მოიპოვოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერა;
  • მართლმადიდებელი ეკლესია ხელისუფლებას გვერდში ყოველთვის დაუდგება კონკრეტული მხარდაჭერისა და სარგებლის მიღების იმედით - „ხელი ხელს ბანს“;
  • მხარდაჭერა მარადიული არ არის - ეკლესია სუსტსა და წარმავალს არ გადაყვება;
  • ძლიერი, წარმატებული ხელისუფლება არ საჭიროებს ეკლესიის მხარდაჭერას.

თეოლოგი ტიგინაშვილი ვარაუდობს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილ დროში „ქართული ოცნება“ მუდმივად შეეცდება კმაყოფილი ჰყავდეს ეკლესია, რადგან ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვან, გარდამტეხ პოლიტიკურ ბრძოლასთან ასოცირდება.

„ხელი ხელს ბანს“ - რა შემთხვევაში?

„ხელისუფლების მიმართ ლოიალობის დეკლარირება ჩვენი საპატრიარქოს სტილია... ეს ურთიერთობა ჩამოყალიბებულია კონკურენცია-პარტნიორობის რეჟიმში, მეტი სარგებლის მოლოდინით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი. საპატრიარქოს ზეგავლენის იარაღებია:

  • მას ჰყავს დიდი მრევლი, რომლის პოზიციის ჩამოყალიბებაზეც ეკლესიას ძლიერი ზეგავლენა აქვს;
  • ეკლესია ერთგვარად აშანტაჟებს ხელისუფლებას, რომ - მრევლს, როგორც ამომრჩეველს ხელისუფლების წინააღმდეგ მომართავს და ოპოზიციის მომხრედ აქცევს.

„ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ, საპატრიარქო იღებს ან პირდაპირ დაფინანსებას, ან მიწებს, ან უძრავ ქონებას ანდა მისთვის სასარგებლო კანონს, მაგალითად, ახლახან წილხვდომილობა რომ ოფიციალურად დაკანონდა“, - ამბობს ზურაბიშვილი.

საპატრიარქომ თავისი ძალა ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებზე აჩვენა. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ არჩევნების მეორე ტურის წინ წავიდა კომპრომისზე კანაფის კულტივაციის საკითხთან მიმართებით, რასაც ბიძინა ივანიშვილის დაუმალავი და მტკიცე ინტერესები უკავშირდებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ პარლამენტის თავმჯდომარე და შს მინისტრი თავად მივიდნენ კანაფის თემით ძალიან განაწყენებულ საპატრიარქოში და პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ პარლამენტიდან კანონპროექტს აუცილებლად გამოიწვევდნენ.

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ცდამ შედეგი გამოიღო და ეს ხალხმაც აშკარად დაინახა.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს ბოლო ორ დღეში ორჯერ შეხვდა

ჩვენი რესპონდენტებისთვის ცხადია, რომ ხელისუფლება ეკლესიას სარგებლის შეთავაზებასთან ერთად, ამ ეტაპზე ბევრ რამეს უთმობს და მისი გულის მოგებასაც აქტიურად ცდილობს. ამ რიგიდან არის, მაგალითად:

ხელისუფლების დათმობას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მრევლის, იგივე ამომრჩევლის მხარდაჭერის შესუსტებით ხსნის და ეს, თავის მხრივ, ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემებით არის განპირობებული.

ასევე ნახეთ NDI: ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ყველაზე მაღალია

​ტიგინაშვილი ფიქრობს, რომ ვიდრე ხელისუფლება ხალხისთვის ღირებულს არაფერს შექმნის და ხალხი კეთილდღეობას არ იგრძნობს, მას მუდმივი დათმობა და იმის მცდელობა მოუწევს, რომ - ეკლესიის მაღალი რეიტინგის თანაზიარი გახდეს.

ეკლესიის პოზიცია კი შესაძლოა შეიცვალოს:

„თუკი კათოლიკოს-პატრიარქის ადმინისტრაცია დაინახავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს, მის წონასწორობასა და მდგრადობას საფრთხე ემუქრება, დარწმუნებული ვარ, რომ იგი მას გაემიჯნება და სრულ დისტანცირებას მოახდენს. ასე იყო ედუარდ შევარდნაძის შემთხვევაშიც. ასე იყო მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც“.

ბექა მინდიაშვილისთვის ცხადია, რომ „როგორც კი უჭირს ხელისუფლებას, ეგრევე საპატრიარქოსკენ მირბის“, მაგრამ მოპოვებული მხარდაჭერა ყოველთვის ვერ შეასრულებს გადამწყვეტ როლს - „ამ ფაქტორმა ყოველთვის და ყველა ხელისუფლებას ვერ უშველა“. მინდიაშვილი ფიქრობს, რომ ხალხის უკმაყოფილების ზრდის გამო, ეს სწორედ ასე იქნება 2020 წლის არჩევნებზე.