თუ არასრულწლოვანი პოლიციას არ დაემორჩილება, მშობელი დაჯარიმდება - „მიზანი მეტი კონტროლია, რომ აქციაზე არ გაუშვან“

„ოცნების“ ეს ინიციატივაც პროტესტის გამოხატვის შეზღუდვისკენაა მიმართული - ამბობენ ანალიტიკოსები

„ქართული ოცნება“ საპროტესტო დემონსტრაციების პასუხად არაერთ ცვლილებას გეგმავს, მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციებსა თუ ნიღბებს აქციებზე.

ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანთა „წვრილმანი ხულიგნობის“ თუ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მშობლები დააჯარიმონ.

იმ პირობებში, როდესაც პოლიცია ხშირად სწორედ ამ მუხლით აკავებს დემონსტრანტებს, ხოლო მშვიდობიან დემონსტრაციებში არასრულწლოვანებიც მონაწილეობენ, ამ ცვლილების მიზანიც, სხვების მსგავსად, პროტესტის გამოხატვის შეზღუდვაა, - ამბობენ ადამიანის უფლებათა დამცველები.

რა იცვლება

თუ არასრულწლოვანი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის „კანონიერ მოთხოვნას“ არ დაემორჩილება, ამიერიდან სასამართლოს მშობლის დაჯარიმებაც შეეძლება.

ეს არის ერთ-ერთი სიახლე, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.

მშობელი - ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი - 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება.

პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების არაერთხელ დარბევის მიუხედავად, დემონსტრაციები 28 ნოემბრის შემდეგ გრძელდება

ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლში.

ეს მუხლი კანონის ახლანდელ რედაქციაში ისედაც არსებობს და მოიაზრებს მშობლის ან მეურვის მიერ „ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში“ მის დაჯარიმებას.

ვრცელი მუხლი ასახელებს იმ არაერთ შემთხვევას, როცა „ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელება“ შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად:

  • არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა;
  • არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება;
  • ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია
  • წვრილმანი ხულიგნობა და ხულიგნობა
  • ვანდალიზმი
  • 112-ში „არამიზნობრივად“ დარეკვა და ა.შ..

ამ ჩამონათვალს ახლა ემატება „ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა“.

173-ე მუხლი კი პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაა“.

ეს ჩანაწერი არ ეხება მხოლოდ საპროტესტო აქციებს - კანონში იგულისხმება ნებისმიერი ვითარება.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო.

13 დეკემბრის პლენარულ სესიაზე კი ამ ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

ასევე ნახეთ „მშობლებსაც დააჯარიმებენ“ ახალი კანონით - როგორ ებრძვის "ოცნება" პიროტექნიკას

„ხშირად გამოყენებული მუხლი“

ეს ის ერთ-ერთი მუხლია, რომელსაც პოლიცია დემონსტრანტების დაკავებისას არგუმენტად იშველიებს - „წვრილმან ხულიგნობასთან“ ერთად.

პროევროპულ დემონსტრაციებზე ადმინისტრაციული წესით უკვე 400-მდე ადამიანი დააკავეს. სახალხო დამცველის თქმით, მათი 64% არასათანადო მოპყრობაზე მიუთითეს.

უფლებადამცველების თქმით, სასამართლო პოლიციელებს სიტყვაზე ენდობა ხოლმე, რომ ესა თუ ის ადამიანი, - ვისი საქმეც განიხილება - „კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა“.

„ეს [ადმინისტრაციული ბრალდება] ხშირად დაუსაბუთებელია, თუმცა სასამართლო ყოველთვის ითვალისწინებს სამართალდამცავთა პოზიციებს ისე, რომ მტკიცებულებს არ იკვლევს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თაზო კირტავა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი.

კიდევ ერთი იურისტი, გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ასეთ პირობებში ამ მუხლის გამოყენებას სადამსჯელო მიზანი აქვს:

„პოლიცია ხშირად იყენებს ამ მუხლს რეპრესიულად და თითქოს ამტკიცებს, რომ მოქალაქეები მათს კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. იმ პირობებში, თუ როგორ განიხილავს სასამართლო ასეთ საქმეებს, აშკარაა, რომ ამ მუხლის გამოყენებას აქვს მსუსხავი და სადამსჯელო მიზანი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

„პროტესტის კიდევ უფრო შესაზღუდად“

ანალიტიკოსების აზრით, ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ეცდება, რომ გააფართოოს დასასჯელ პირთა წრე.

„გააფართოონ ეს წრე და 173-ე მუხლი მიუსადაგონ არასრულწლოვანთა მშობლებს, როგორც „ცუდ აღმზრდელებს“. ეს მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავდით, რომ ბავშვები ცდილობდნენ, მშვიდობიან აქციებში მიეღოთ მონაწილეობა, - ისინიც ხომ სარგებლობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

იკრძალება აქციებზე ნიღბებით გამოჩენაც

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისათვის შეიძლება ადამიანი დააკავონ და შემდეგ სასამართლოში დააჯარიმონ იმ შემთხვევაშიც, თუკი პოლიციის ხმამაღალი გამაფრთხილებელი ხმოვანი განცხადების შემდეგ - „გთხოვთ, დაიშალოთ“ - პროტესტის მიმდებარედ ტერიტორიაზე დარჩებიან.

„ცვლილების მიზანი შეიძლება იყოს, რომ თუ სხვაგვარად ვერ შეძლებს ბავშვებისთვის შეეზღუდათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ახლა გარკვეულწილად მშობლებზე მოახდინონ ზემოქმედება, მათზეც რომ არ გავრცელდეს პასუხისმგებლობა, თუ შვილების მიმართ გამოიყენებენ, შეიძლება, აღარ ჰქონდეთ სურვილი, რომ ბავშვებმა ასეთ მანიფესტაციებში მიიღონ მონაწილეობა“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

„ცვლილებების მიზანი დაშინებაა“, - მიიჩნევს საია-ს ანალიტიკოსი თაზო კირტავა.

„ხშირადაა მიუთითებენ იმაზე, რომ ყველას აკავებენ, განურჩევლად ასაკისა. სწორედ ამის გათვალისწინებით, შესაძლოა დაშინების ეს მცდელობა - რაც ზოგადად ისედაც აქვთ - იყოს ბავშვებსა და მათს მშობლებზე გათვლილი“, - ფიქრობს ის.

„ეს ცვლილებაც, როგორც სხვა ყველა ცვლილება, უკავშირდება პროტესტის გამოხატვის შეზღუდვას. ესეც მიმართულია პროტესტის ჩახშობისაკენ და კონკრეტული ჯგუფის, არასრულწლოვანების - და მათი მშობლების მიმართ და მათ დასაშინებლად“, - ამბობს თაზო კირტავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

სხვა ახალი შემზღუდავი ნორმები

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვის და ხმარების ახალ წესებს ადგენს.

აქციაზე დემონსტრანტებს ნიღბების ტარება და სახის დამალვა ეკრძალებათ, რეგულაციები წესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე; ამასთან, საჯარო სამსახურებს უფრო მარტივად შეეძლებათ „რეორგანიზაცია“ - შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება. პოლიციელად მუშაობის დაწყება კი უფრო მარტივდება, ვიდრე აქამდე.

ასევე ნახეთ „ოცნების“ 4 ახალი ინიციატივა პროევროპულ დემონსტრაციებსა და პროტესტზე პასუხად

ეს ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა პროევროპული, უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების, საჯარო სექტორში ასობით დასაქმებულის პროტესტისა და, ასევე, პოლიციელთა რიგებში წინა წლებში კლებისა და მიმდინარე აქციებით სავარაუდო გადატვირთულობის ფონზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილებით, ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის და „მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.

ასევე ნახეთ 1000-ლარიანი ჯარიმა "იერსახის დამახინჯებისთვის" და 5000 ლარი "მანიფესტაციებისას ნორმების დარღვევისთვის" - ცვლილებები კოდექსში