Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაჩერებაზე ველოდებოდი „მარშუტკას“ - როგორ აღმოჩნდა გიორგი ბრალდებული სხვა ათ უცნობთან ერთად


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 ბრალდებულის საქმე ერთ პროცესზე განიხილეს. შსს ამტკიცებს, რომ მათ საავტომობილო გზა გადაკეტეს უკანონოდ.

ბოლო ორ კვირაში გადატვირთულ სასამართლოში ბევრი საქმე გააერთიანეს. 12 დეკემბერს მოსამართლე ზვიადი ცეკვავამ 11 ადამიანის საქმე ერთად განიხილა, მათ ბრალად გზის უკანონოდ გადაკეტვა ედებათ, აქედან ნაწილს 10 ნოემბერს, ნაწილს - 17 ნოემბერს. ეს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლია.

საქმე პატარა დარბაზში განიხილეს. ადვოკატის თხოვნაზე, უფრო დიდ სივრცეში გადასულიყვნენ, რადგან დამსწრეებისა და ჟურნალისტების გარდა ოთხი მხოლოდ ადვოკატი იყო, მოსამართლემ უპასუხა - უფრო დიდი დარბაზი ვერ ვიშოვეო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეებმა გზა მაშინ გადაკეტეს, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა.

კამერებზე ამოიცნეს და მოგვიანებით სასამართლოში დაიბარეს: ნინო კვიტაიშვილი, პაატა თაბუკაშვილი, კონსტანტინე გაბუნია, გიორგი მამისაშვილი, დავით დანელია, მარიამ ყაულაშვილი, ბექა ფარცვანია, ნანული ფირცხალავა, დავით გიგაური, ლინა ლაზარევა და გიგა მაგრაქველიძე.

გიორგი მამისაშვილის კომენტარი სასამართლოში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

დაბარებულებიდან ხუთი კაცი სასამართლოში არ მოსულა, არც ადვოკატი გაუგზავნია. შსს-ს წარმომადგენელმა მოსამართლეს მოახსენა, რომ უწყებები ყველას ჩაბარდა. სასამართლომ საქმე მათ დაუსწრებლად განიხილა.

„მოსამართლეს უნდა გაერკვია, შეეძლოთ თუ არა ამ ადამიანებს სასამართლოზე მოსვლა. იმის მაგივრად, რომ გადაედო, მათ გარეშე წარმართა პროცესი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ტყეშელაძემ, რომელიც დავით დანელიას იცავს. დავითი სასამართლოს ესწრებოდა.

შსს ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები ტროტუარზეც დაეტეოდნენ, მაგრამ გზები მაინც გადაკეტეს. ბრალდების დასტურად მარიამ დოლიძემ მოწმეების ჩვენება და ვიდეოკადრები გამოიყენა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მტკიცებულებებს სერიოზული ხარვეზი აქვთ, ვიდეოში არ ჩანს, როდის და სად არის გადაღებული. ზოგმა ამ კადრებში თავი ვერც ამოიცნო.

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთ აქტივისტს მარიამ ყაულაშვილს გზის გადაკეტვის ორგანიზებასაც ედავებიან.

„მოვიტანეთ კადრები, სადაც ჩანს, რამდენად ბევრნი ვიყავით აქციაზე. ეს მსვლელობა ნამდვილად „დაიტოვეს“ ჯგუფში დაორგანიზდა, მაგრამ დაობენ, არასაკმარისი ხალხით გადაკეტეთ გზაო“, - ამბობს მარიამი.

მარიამმა პროცესზე იკითხა, იქნებ, და ან ტყუპისცალი მყავს, რით არკვევთ, რომ კადრებზე ნამდვილად მე ვარო. მისი ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ შსს-ს ამოცნობისას არც ფონოსკოპიური და არც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.

„საქმეში არც ამოცნობის ოქმია, არც ადამიანი, ვინც ამოიცნო“, - ამბობს ავსაჯანიშვილი.

ადვოკატმა ორჯერ ითხოვა მოსამართლე ზვიადი ცეკვავას აცილება, იმ არგუმენტით, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო. ცეკვავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, დამსწრეები კი მკაცრად გააფრთხილა - მშვიდად ისხედით და ნუ იცინითო. მას შემდეგ, რაც დამსწრებს მაინც გაეცინათ, მოსამართლემ სხდომა დახურა.

„გამოგვყარა მოსამართლემ, რატომ იცინითო. ცირკია და როგორ არ გავიცინო“, - თქვა ერთმა დამსწრემ.

გიორგი მამისაშვილი, მასაც გზის გადაკეტვას ედავებიან, ამტკიცებს, რომ დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი, რადგან აქციაზე კი არ იდგა, რუსთავის „მარშუტკას“ ელოდებოდა გაჩერებაზე.

„ველოდებოდი სატრანსპორტო საშუალებას საპატრიარქოსთან. გზა გადაკეტილი იყო. წავედი პოლიციისკენ, რომ მეკითხა, გზა როდის გაიხსნებოდა, სახლამდე როდის მივიდოდი. არ დამცალდა კითხვა, არ მოგვიახლოვდეო, მანიშნეს, მიმითითეს ბორდიურისკენ. მეც გადავედი ბორდიურზე და კიდევ საათ-ნახევარი ველოდი ტრანსპორტს“, - ჰყვება გიორგი.

ნინო კვიტაიშვილისა და კონსტანტინე გაბუნიას ადვოკატი ბექა კვინიკაძე ამბობს, რომ შსს ვერ ამტკიცებს წაყენებულ ბრალდებებს: „ოქმი კანონდარღვევით არის შედგენილი, არც დროა მითითებული, არც ადგილი, სად და როდის მოხდა სამართალდარღვევა“, - ამბობს კვინიკაძე.

ნინო კვიტაიშვილი
ნინო კვიტაიშვილი

ნინო კვიტაიშვილი სასამართლოზე სახეზე ჭრილობითა და ჰემატომით გამოცხადდა. ის დეკემბრის აქციებზე დაშავდა.

„ბატონო ზვიად, შემეძლო ფორმა 100 გამომეგზავნა, მაგრამ მინდოდა თქვენი თვალით გენახათ. მე ყველას სახეს წარმოვადგენ, ვისაც რეჟიმი ასამართლებს... აქციაზე დგომა დანაშაულია? ერთხელ ბარსელონაში ვიყავი აქციაზე. იქაც გზა გადაკეტეს. ანუ ახლა კატალონიიდანაც უნდა ველოდო ოქმს?“ - იკითხა მან და შემდეგ ივარაუდა, რომ მოსამართლე ან ჯარიმას დააკისრებს, ან სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემს. - „ჯარიმას მე ჩემი ნებით არ გადავიხდი და გაფრთხილებას რაც შეეხება, იქით გაფრთხილებთ მოქალაქეები“.

ზვიადი ცეკვავამ განაჩენის გამოცხადება 16 დეკემბრისთვის გადადო.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG