ოქროები, რომლებსაც კორონავირუსი გადაეფარა - ოლიმპიური დღეები ოლიმპიადის გარეშე

ტოკიო

„ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია“ - ეჭვის გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ ამ სათაურით გამოქვეყნდებოდა სპორტული ახალი ამბები გუშინ და დღეს. მთავარი სასაუბრო თემა ქართველის მძიმეწონოსანი ძალოსნის იაპონური ტრიუმფი იქნებოდა.

ჩაიშალა და გადაიდო ყველა დიდი თუ პატარა შეჯიბრება, მათ შორის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც, რომელიც ტოკიოში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო...

ლაშა ტალახაძისა და ტოკიოში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები კომენტარებით აჭრელდებოდა მედია და სოციალური ქსელი. პარალელურად კი, ქართველების ყურადღება მიპყრობილი იქნებოდა ტოკიოშივე მდებარე საჭიდაო დარბაზისკენ, სადაც ასევე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დღეს ჩაებმებოდა საქმეში.

ახლა მეც ამომავალი მზის ქვეყანაში უნდა ვიყო, დარბაზიდან დარბაზში დავრბოდე და, ალბათ, ჩვენი სპორტსმენის პატივსაცემად აჟღერებული საქართველოს ჰიმნით და ლაშა ტალახაძის გამარჯვებითაც ვხარობდე. ძიუდოისტები 25-31 ივლისს უნდა გასულიყვნენ ტატამზე. ამ დროისთვის ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძის და მოფარიკავე სანდრო ბაზაძის შედეგებიც გვეცოდინებოდა, მაგრამ... ტოკიო-2020 კორონავირუსმა ჩაშალა.

მეხუთე თვეა, სპორტისთვის საერთაშორისო საზღვრები ჩაკეტილია. ჩაიშალა და გადაიდო ყველა დიდი თუ პატარა შეჯიბრება, მათ შორის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც, რომელიც ტოკიოში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო.

არავინ იცის, რეალურად რამდენი მედალი და საამაყო გამარჯვება დაკარგა ქართულმა სპორტმა COVID-19-ით გამოწვეული იძულებითი პაუზით და მართლა იყო თუ არა მათ შორის ტალახაძისა და პეტრიაშვილის ოქროები, თუმცა, ამ ორი სპორტსმენის შემთხვევაში, მათ წარმატებას, გულშემატკივრული ოპტიმიზმის გარდა, ზურგს მათი რეალური შესაძლებლობები და კონკურენტებთან უპირატესობებიც უმაგრებდა.

ლაშა ტალახაძე

მსოფლიოს და ევროპის ოთხ-ოთხგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, უკვე წლებია, ყველა შეჯიბრებაზე ფავორიტია და ყველაფერს იგებს, რისი მოგებაც კი შეიძლება. შტანგასთან პირველივე მისვლით წყვეტს ჩემპიონის ბედს და შემდეგ მშვიდად აუმჯობესებს თავისსავე დამყარებულ მსოფლიოს რეკორდებს. იაპონიაშიც რომ ფავორიტი იქნებოდა, ამის თქმას ქართველობა არ სჭირდება.

გენო პეტრიაშვილს ოქროს სრული კომპლექტის შესაკრავად ერთადერთი ტიტული აკლია - ოლიმპიური ოქრო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანი 2017 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, პანდემიამდე რამდენიმე კვირით ადრე კი, თებერვალში, ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაც მოასწრო და კონტინენტის უძლიერესი მოჭიდავის წოდება მეორედ მოიპოვა.

გენო პეტრიაშვილი

გენოს საერთაშორისო არენაზე ერთადერთი მეტნაკლებად ტოლსწორი მეტოქე ჰყავს - მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული, რომელიც, ამავდროულად, მსოფლიოს ორგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონიცაა. 26 წლის ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონის სამი ტიტულიდან ორი სწორედ აკგულის ძლევით მოიპოვა და ტოკიოშიც ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი იქნებოდა, მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტაჰა აკგულს წლევანდელი სეზონის დაწყებამდე ტრავმის გამო ოპერაცია დასჭირდა და ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პროცესში სრულყოფილად ჩართვა უჭირდა. თუ ვინმე უნდა იყოს კმაყოფილი ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადადებით, ალბათ, პირველ ყოვლისა, სწორედ ტაჰა აკგული და მისი ქომაგები.

COVID-19 რომ არა, ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ქართველი ფეხბურთელები ბელარუსის ნაკრებს 26 მარტს უნდა დაპირისპირებოდნენ...

კორონავირუსის პანდემიამ ოლიმპიური თამაშების გარდა კიდევ ერთი დიდი შეჯიბრება გადადო ასევე ერთი წლით - ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი. ეს ევროპირველობა შეიძლება ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი იყოს, რადგან საქართველოს ნაკრებს ფინალური ეტაპის საგზურს ორი ნაბიჯიღა აშორებს - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორი თამაშის მოგება და, თან, ორივეს საშინაო არენაზე გამართავს.

COVID-19 რომ არა, ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ქართველი ფეხბურთელები ბელარუსის ნაკრებს 26 მარტს უნდა დაპირისპირებოდნენ და, გამარჯვების შემთხვევაში, ოთხ დღეში ასევე თბილისში მოუწევდათ გადამწყვეტი თამაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ან კოსოვოსთან. ეს შეხვედრები უეფამ ოქტომბერ-ნოემბრისთვის გადადო, ევროპის ჩემპიონატი კი 2021 წლის ივნის-ივლისში გაიმართება.

სპორტული დარბაზი

კორონავირუსმა შეუშალათ ხელი ძიუდოისტებს და ძალოსნებს, ებრძოლათ ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, მაგრამ ეს შეჯიბრებებიც შემოდგომისთვის ჩაინიშნა. კიდევ ბევრი ტურნირი გადაიდო, მაგრამ რამდენიმე პრესტიჟული ღონისძიება, უბრალოდ, ჩაიშალა, მათ შორის ფეხბურთში 19-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, რომლისთვისაც საქართველოს უნდა ემასპინძლა, და თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობაში - ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას მემორიალი.

საწვრთნელი პროცესი უკვე ოფიციალურად განახლდა სპორტის ყველა სახეობაში. თუ აქამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, ამჯერად ერთობლივი წვრთნებიც ნებადართულია. ფეხბურთში, სულაც, საქართველოს ჩემპიონატიც გაგრძელდა და რამდენიმე დღის წინ თამაშებზე მაყურებლის დასწრებაზე დაწესებული აკრძალვაც მოიხსნა. სხვა სახეობებიც შიდა პირველობებით გეგმავენ დაბრუნებას. საერთაშორისო საზღვრები კი, წინასწარი გეგმით, სექტემბრიდან უნდა გაიხსნას, თუმცა გამორიცხული არაა, აგვისტოს ბოლომდე კალენდრები კიდევ ჩასწორდეს.