2 აპრილს დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე, რომელიც, კორონავირუსით გამოწვეული სავალდებულო კარანტინის გამო, პირველად გაიმართება ვიდეოკონფერენციის სახით, საქართველოსა და უკრაინისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ. „მოველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 1 აპრილს გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.
მინისტერიალზე იმსჯელებენ ასევე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გლობალურ კრიზისზე. გაეროსა და ევროკავშირის გარდა, NATO აქტიურად განაგრძობს Covid-19-ის ინფექციით ყველაზე უფრო დაზარალებული მოკავშირეების სამედიცინო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და გლობალურ საფრთხეებზე რეაგირებას. „ამასთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი უმთავრესი ამოცანის შესრულებას - საიმედო და ქმედით თავდაცვასა და შეკავებას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 1 აპრილს ე.წ. ვირტუალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც, კორონავირუსთან დაკავშირებული სავალდებულო კარანტინის გამო, ჟურნალისტების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.
აშშ-ის მხარდამჭერი მესიჯი
აღსანიშნავია, რომ ნატოს 2 აპრილის მინისტერიალში სხვა კოლეგებთან ერთად სრულუფლებიანი წევრის სტატუსით პირველად მიიღებს მონაწილეობას ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი. დასავლეთ ბალკანეთის ეს სახელმწიფო და წარსულში იუგოსლავიის ერთ-ერთი პროვინცია 27 მარტს გახდა ალიანსის 30-ე წევრი. ორი დღის წინ, 30 მარტს, ნატოს შტაბბინაზე ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ოფიციალურად აღიმართა.
ასევე ნახეთ ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდაარსებობს ვარაუდი, რომ მაკედონიის გაწევრიანების შემდეგ ალიანსი დიდხანს აღარ გაფართოვდება. „ნატოს წარმომადგენლებმა შესაძლოა ღიად კომპლიმენტები უთხრან ბოსნიას, საქართველოსა და უკრაინას, მაგრამ პირად საუბრებში ისინი გამორიცხავენ ალიანსში ამ ტრიოს მალე მიღებას“, - წერს რადიო თავისუფლების მიმომხილველი რიკარდ იოზვიაკი.
ასევე ნახეთ ევროკავშირსა და ნატოში დიდი ხნით შეწყდა გაფართოების ეპოქაჯერჯერობით ნატოს შემდგომი გაფართოების თარიღსა და შესაძლო კანდიდატებზე არავინ ლაპარაკობს. კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, მაგრამ 2 აპრილის ნატოს მინისტერიალის წინ ალიანსის შტაბბინაში კვლავ გაკეთდა საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი არაორაზროვანი განცხადება.
„ჩვენ ერთგული ვართ იმ აზრისა, რომ ყველა ეს ქვეყანა მომავალში გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ყველა გვჭირდება. ჩვენ ვიყავით საქართველოში, ვიყავით უკრაინაში. ჩვენ გვინდა, რომ მათი რეფორმები წინ წავიდეს, რათა საქართველომ და უკრაინამ სძლიონ რუსეთის დეზინფორმაციას და რეალურად შეძლონ საკუთარი საზღვრების გაკონტროლება.
რუსეთმა უნდა მისცეს ამ ქვეყნებს უფლება ჰქონდეთ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლად მართონ ქვეყანა და აკონტროლონ საკუთარი საზღვრები. და ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას, რომ წინ აღუდგნენ რუსეთიდან წამოსულ აგრესიას, რუსეთიდან, რომელსაც მათი ტერიტორიების ნაწილი აქვს მიტაცებული. და ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ამ დახმარებაზე. ჩვენი კარები ღიაა, რასაც ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაც ადასტურებს. ამიტომ ვეხმარებით ჩვენს პარტნიორ საქართველოსა და უკრაინას. ვთავაზობთ მათ პაკეტს, რომელზეც მინისტერიალზე ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ ამ პაკეტს, რომლითაც გაგრძელდება დახმარება და თანადგომა საქართველოსა და უკრაინისათვის“, - განაცხადა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, კეი ბეილიმ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
რას გულისხმობს დახმარების ახალი პაკეტი
2 აპრილის მინისტერიალი მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართება. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ყველა ასეთი მასშტაბის შეხვედრას წინ უძღვის რუტინული მოსამზადებელი სამუშაო და განსახილველ საკითხებზე აზრთა შეჯერება. ამიტომ ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტის შეთავაზებას მინისტრთა საბჭოს წევრები მხარს დაუჭერენ.
„რასაც საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოველი, არის ის, რომ შევთანხმდეთ პაკეტზე, დახმარების ახალ პაკეტზე საქართველოსა და უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად, რაც გულისხმობს წვრთნების ჩატარებას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ნატოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში არ მონაწილეობენ საქართველო და უკრაინა, ნამდვილად მაქვს იმის მოლოდინი, რომ (ალიანსის) საგარეო საქმეთა მინისტრები დაეთანხმებიან პაკეტს, რომელიც შემდგომში გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ამ ორი ქვეყნისადმი“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 1 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთი პაკეტი, ე.წ. „არსებითი პაკეტი“, უკვე აქვს მიღებული და იგი, ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამასა და ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მოსამზადებელ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს წარმოადგენს.
ასევე ნახეთ თავდაცვის მინისტრი: ნატოსკენ გზაზე საქართველოსთვის MAP-ი არ არის ამოცანანატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package, SNGP) საქართველომ 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მიიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის (Defence and Related Security Capacity Building Initiative, DCB) ინიციატივის ფარგლებში. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, არსებითი პაკეტი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
უელსის ნატოს სამიტის შემდეგ მოკლე დროში თბილისსა და რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე თავდაცვის სამინისტროს კრწანისის პოლიგონზე მუშაობას შეუდგა „ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი“(JTEC-Joint Training and Evaluation Centre), რომელმაც 2016 წლის ნოემბერში პირველად უმასპინძლა ნატო-საქართველოს ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას (NATO-Georgia Exercise 2016). ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაში იმხანად სულ 250 მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის ნატოს 11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნისა და ნატოს სტრუქტურაში შემავალი შტაბების წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ საჩვენებელი სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრში„არსებითი პაკეტის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB), საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც, საერთო აღიარებით, წარმატებით უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სასწავლო დაწესებულებებთან სკოლის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ასევე ნახეთ ინსტიტუციური აღმშენებლობა სუსტი ინსტიტუციური მეხსიერების ფონზემაგრამ ფაქტია, რომ „არსებითი პაკეტის“ მიღებიდან ხუთი წლის შემდეგ კვლავ მასზე აქცენტის გაკეთება უკვე აშკარად ვეღარ აკმაყოფილებდა საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს და მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც უფრო არსებითი და ჯანსაღი ამბიცია აქვს - ნატოში გაწევრიანება, რასაც საქართველოსა და უკრაინას ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე დაჰპირდნენ ალიანსის ლიდერები.
ასევე ნახეთ ნატოს მოდუს ოპერანდიამიტომ შარშან, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არსებითი პაკეტის განახლება-გადახედვის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. როგორც ჩანს „ახალი პაკეტი“, რომელსაც ნატოს თავდაცვის მინისტრები მხარს დაუჭერენ, ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, სწორედ ამ „არსებითი პაკეტის“ მოდერნიზებულ ვარიანტად განიხილება.
„პაკეტი, რომელსაც იმედი მაქვს, რომ მინისტრები ხვალ მხარს დაუჭერენ, იქნება თავისებური მედერნიზება, დამატებითი ზომები იმ პაკეტზე,რომელსაც, სხვა დახმარებასთან ერთად,საქართველო ჩვენგან უკვე ღებულობს. საუბარია წვრთნებზე, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობაზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც ნატო ახორციელებს. ამგვარად, ეს ცხადყოფს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ერთობლივად უფრო მეტს ვაკეთებთ, ნატო ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მეტ მხარდაჭერას და დახმარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოსა და უკრაინისათვის გამიზნული დახმარების ახალ პაკეტში, წინასწარი ინფორმაციით, ყურადღება უმთავრესად გამახვილდება ერთობლივ ღონისძიებებზე, რომელთა შესახებ ალიანსში ჯერ მხოლოდ ძალიან ზოგადად საუბრობენ .
„ნატო საქართველოსა და უკრაინას შესთავაზებს შესაძლებლობას ნატოსთან ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა მათთვის შესატყვისი ზოგიერთი პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა საჰაერო სივრცის უსაფრთხოების რეგიონალური პროგრამა (Regional Airspace Security Programme), ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის ნატო-უკრაინის პლატფორმა (NATO-Ukraine Platform on Countering Hybrid Warfare) და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (NATO-Georgia Joint Training and Evaluation Centre). ეს მიზნად ისახავს ასევე შავის ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების წვრთნებში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობის გაღრმავებას“, - განაცხადა ნატოს ანონიმურმა დიპლომატიურმა წყარომ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ნატოს მისია “მშფოთვარე დროში“
ნატოს წინაშე მდგარ გლობალურ გამოწვებებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისიც დაემატა, რომელსაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერერშმა, ყველაზე დიდი გლობალური კრიზისი უწოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულებიც სწორედ ნატოს წევრი ქვეყნები არიან: აშშ, იტალია და ესპანეთი.
ბოლო მონაცემებით,აშშ-ში 190 ათას ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია, გარდაიცვალა 4 102. იტალიაში აღრიცხულია თითქმის 106 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 428, რაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ასევე ნახეთ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბაესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა იტყობინება.
უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ესპანელმა მედიკოსებმა 6 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დააფიქსირეს. პანდემიის დაწყებიდან ესპანეთში COVID-19-ით თითქმის 9000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი საკარანტინო ზომები.
ამ ვითარებაში ნატოს, ფაქტობრივად, „ორ ფრონტზე“ უხდება მოქმედება.
ეს არის „საიმედო და ქმედითი თავდაცვა და შეკავება“ და ბრძოლა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა უწოდა კორონავირუსის პანდემიას, „უხილავი მტრის“ წინააღმდეგ.
„ჩვენმა საავიაციო პოტენციალმა განახორციელა დიდი რაოდენობის მნიშვნელოვანი სამედიცინო მოწყობილობისა და საველე ჰოსპიტლებისათვის საჭირო კარვების მიწოდება. მხოლოდ დღეს დილით იტალიისა და ესპანეთის მიმართულებით თურქეთიდან გაფრინდა ნიღბებით, დამცავი აღჭურვილობითა და სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობით დატვირთული სამხედრო თვითმფრინავი. ეს არის პასუხი დახმარების მოთხოვნაზე, რომელიც სტიქიური უბედურებების დროს ნატოს საკოორდინაციო ცენტრში იყრის თავს“, - განაცხადა 1 აპრილს გამართულ ვიდეოპრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.
ჩეხეთი გახდა ნატოს პირველი სახელმწიფო, რომელმაც, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დახმარებით 21-24 მარტს 100 ტონა გადაუდებელი სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო ჩინეთიდან.
ასევე ნახეთ ნატო კორონავირუსის პანდემიის წინა ხაზზეჰუმანიტარული დახმარება განხორციელდა ნატოს პროგრამა SALIS – („სტრატეგიული საავიაციო გადაზიდვების დროებით გადაწყვეტის“) ფარგლებში. ეს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მასში მონაწილე ქვეყნებს თანაბრად ისარგებლონ დიდი ტვირთამწეობის მქონე სტრატეგიული ავიაციით.
ნატოს მთავარი საიტის ინფორმაციით, 25 მარტს, 14.30-საათზე, SALIS-ის კიდევ ერთმა AN-124 კლასის თვითმფრინავმა ჩინეთის ქალაქ ტიანცზინიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ჩაიტანა 48 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა.
კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად უკვე 26 მარტს 45 ტონა სამედიცინო ტვირთი მიიღო ბუქარესტმა. სამედიცინო პირბადეები, ხელთათმანები და სხვა დამცავი საშუალებები ჩრდილოეთ კორეიდან ბუქარესტში ჩაიტანა ამერიკულმა სტრატეგიულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა C-17 Globemaster-მა. ეს რეისი, ნატოს საიტის თანახმად, შესრულდა ნატოს SAC-ის (საავიაციო გადაზიდვების სტრატეგიული შესაძლებლობების) ფარგლებში.
ალიანსის შტაბბინაში აცხადებენ, რომ ნატო განაგრძობს წევრი ქვეყნების დახმარებას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
2 აპრილის ნატოს მინისტერიალზე, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ალიანსის სამხედრო პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენების თაობაზე.
„ამ კრიზისს ჩვენ ერთიანად განვიცდით. და როდესაც ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ, ჩვენი რეაქცია კიდევ უფრო ეფექტიანი ხდება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.