ნატოს ღია კარის პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს და გააქტიურდეს, ალიანსმა უნდა გააფართოოს დახმარება პარტნიორებისადმი, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან, - ამის შესახებ საუბარია ნატოს გენერალურ მდივანთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის (Reflection Group) მიერ შემუშავებულ ანგარიშში, რომელიც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამოქვეყნდა.
„ნატოს ღია კარის პოლიტიკა მხარდაჭერილი უნდა იყო და იგი უნდა გააქტიურდეს, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი პარტნიორი ქვეყნების მოდერნიზების, ინტეგრაციისა და მომავალი წევრობისათვის მათ მოსამზადებლად. ნატომ უნდა გააფართოოს თავისი დახმარება პარტნიორებისადმი, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადეს, დაეხმაროს მათ განავითარონ წევრობისათვის აუცილებელი ინსტრუმენტები და რეფორმები პარტნიორების პოლიტიკურ, სამხედრო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან ერთობლივი მუშაობით. ნატო კვლავინდებურად ერთგული უნდა დარჩეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და წევრობის შესახებ მოლაპარაკებების მნიშვნელობა უფრო მაღალ დონეზე უნდა აიყვანოს“, - აღნიშნულია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში, რომელსაც, 67-გვერდიან კონცეპტუალურ ანგარიშთან ერთად, ნატოს გენერალური მდივანი განსახილველად ჯერ ალიანსის მინისტრებს, მოგვიანებით კი, 2021 წელს, ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტს წარუდგენს.
„სახიფათო საგარეო აქტორი“
გაფართოების გარდა, ექსპერტებმა 2030 წლამდე ნატოს იმპერატიულ სტრატეგიულ ამოცანად დაასახელეს ნატოს პოლიტიკური „ერთიანობა და დარაზმულობა“, რომლითაც დასავლეთის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი უნდა გაუმკლავდეს უკვე არსებულ თუ პოტენციურ გამოწვევებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეები, კლიმატის ცვლილება, პანდემიები და ბუნებრივი კატასტროფები, შეიარაღების კონტროლი და ბირთვული გაუვრცელებლობა და, ბოლოს, “სახიფათო საგარეო აქტორები“ - ჩინეთი და რუსეთი.
ნატოს 2019 წლის დეკემბრის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს მიმართეს თხოვნით გაეკეთებინა ალიანსის პოლიტიკური განზომილების პერსპექტიული შეფასება.
ამ მიზნით 2020 წლის აპრილში ნატოს გენერალურმა მდივანმა დაამტკიცა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი (Reflection Group), რომლის თანათავმჯდომარეებადაც დაინიშნენ გერმანიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, თომას დე მეზიე, და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, აარონ ვეს მიტჩელი.
ექსპერტთა ჯგუფი შედგება 8 წევრისაგან. მათ შორისაა პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ნატოს გენერალური მდივნის თანშემწე სახალხო დიპლომატიის სფეროში, ტაკან ილდემი, დანიის სამეფო სამხედრო კოლეჯის დირექტორი ანია დაგაარდ-ნილსენი და სხვები.
დახმარება „მყიფე დემოკრატიებისთვის“
ნატოს გენერალური მდივნის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ რუსეთი „ესწრაფვის ჰეგემონიას“ მის მფლობელობაში მყოფ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცდილობს ამით დააბრკოლოს ამ ერების სწრაფვა ნატოსკენ.
„მაშინ როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინისა და საქართველოს მიმართ, საჰაერო და სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების გააქტიურებით რუსეთის აგრესიული მოქმედება გაძლიერდა უკიდურესი ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის მიმართულებით, ასევე ბარენცის, ბალტიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის საკვანძო წერტილებში. ამ ბოლო სამში რუსეთმა განალაგა სივრცეში მანევრებისა და ხელმისაწვდომობის შეზღუდვისა და პრევენციის (A2AD) საშუალებები, გააფართოვა ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედებები და დაემუქრა ენერგეტიკულ და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. პარალელურად ნატოს საზღვარზე სატელიტი სახელმწიფოების შექმნით და მათ შორის გაყინული კონფლიქტების სახით, იგი (რუსეთი) შეეცადა დაერღვია ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის რეჟიმი, რასაც საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის (INF) შესახებ ხელშეკრულების დარღვევა მოჰყვა“, - წერია ნატოს ექსპერტთა ანგარიშში.
ასევე ნახეთ იენს სტოლტენბერგი - "საქართველო და უკრაინა ძალიან ღირებული პარტნიორები არიან"რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში ანგარიშში კიდევ ერთხელ არის ნახსენები საქართველო და უკრაინა, ხაზგასმულია მათთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც ანგარიშის 59-ე გვერდზე ციტატად არის გამოტანილი.
„ნატო უნდა ესწრაფოდეს პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას და განმტკიცებას საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც ალიანსის წევრობის მსურველ მყიფე დემოკრატიებთან, რომლებიც რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო წნეხის ქვეშ იმყოფებიან“,- ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს წინ გასაჯაროვდა.
თუ რა კონკრეტულ ფორმას შეიძენს ალიანსში გაწევრიანების მსურველი საქართველოსა და უკრაინისათვის ალიანსის გენერალური მდივნის მიერ მოწვეული ავტორიტეტიანი საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაცია, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ცნობილია, ნატოს გაფართოებაზე გადაწყვეტილებას ნატოს წევრი ქვეყნები იღებენ, კონსენსუსის საფუძველზე.
მაგრამ რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის დახმარებას, შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკიცებისა თუ ალიანსის წევრობისათვის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და რეფორმების სახით, აქ ბრიუსელი აუცილებლად გაითვალისწინებს ასპირანტი ქვეყნების - უკრაინისა და საქართველოს - მოსაზრებებს.
ასევე ნახეთ ნატოს სინერგია და საქართველო„ექსპერტების ანგარიში ამ წლის ბოლოსთვის იქნება. დავეფუძნები ამ ანგარიშს, მოკავშირეებთან კონსულტაციებს, მათ მონაცემებსა და მოსაზრებებს და დეკემბერში დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მსჯელობის შემდეგ ჩემს მოსაზრებებს წარვუდგენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს“, - განაცხადა 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.
საგარეო საქმეთა მინისტრების 1-2 დეკემბრის საბჭოს დაწყების წინ გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ, რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის ფონზე, ნატომ უნდა გააგრძელოს შავი ზღვის რეგიონში პოზიციების გაძლიერება.
გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან - უკრაინასა და საქართველოსთან, რადგან რუსეთმა ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაარღვია ყირიმის ანექსიით და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განთავსებით.
ასევე ნახეთ ნატო საქართველოსა და უკრაინასთან იმსჯელებს შავი ზღვის რეგიონში პოზიციების გაძლიერებაზეშესაბამისად, ნატო ზრდის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, თუმცა, ვინაიდან რუსეთი შავი ზღვის რეგიონში აძლიერებს სამხედრო ყოფნას, სტოლტენბერგის თქმით, აუცილებელია კიდევ უფრო გაძლიერდეს რეგიონში ნატოს ყოფნა.
გენერალური მდივნის ინფორმაციით, ამ საკითხზე ალიანსის წევრი მინისტრები 2 დეკემბერს იმსჯელებენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე წესად ქცეულ ონლაინკონფერენციაზე.