„მშვიდობის გზაჯვარედინით“ ფაშინიანი აზერბაიჯანსა და თურქეთს საზღვრების გახსნასა და ერთმანეთთან დაკავშირებას სთავაზობს სომხეთზე გამავალი რამდენიმე მარშრუტით. ოღონდ მთავარია დათქმა: „ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა“. ეს აზერბაიჯანის შეთავაზებული „ზანგეზურის დერეფნის“ ერთგვარი ალტერნატივაა.
მარტივად აგიხსნით,
- რას მოიცავს ფაშინიანის ინიციატივა;
- რა სჭირდება მის ხორცშესხმას.
„მშვიდობის გზაჯვარედინი“
26 ოქტომბერს თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მყოფმა ნიკოლ ფაშინიანმა გაკვრით ახსენა ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული სირთულეები აზერბაიჯანთან და თურქეთთან, შემდეგ კი განაცხადა:
„მე აქ არ მოვსულვარ რთულ ურთიერთობებზე სასაუბროდ. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო, მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის მშენებლობა რთული იქნება“.
სწორედ თბილისში, - იქ, სადაც ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო მოლაპარაკებების კარგი გამოცდილება დაუგროვდათ, - წარადგინა ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპარლამენტში დაანონსებული ინიციატივა: „მშვიდობის გზაჯვარედინი“.
ფაშინიანის სიტყვებით, ამ ინიციატივის მიზანია „განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის“. ბრიუსელში თქვა, ამას „სომხეთის გზაჯვარედინს“ ვუწოდებდით, მაგრამ „რებრენდინგის“ დროაო.
თბილისში დააზუსტა, რომ ინიციატივა გულისხმობს „საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების“ შენებასა და განახლებას.
მისი თქმით, ეს ინიციატივა „სრულად ჯდება აბრეშუმის გზის ლოგიკაში“. ფორუმი, - რომელსაც აუდიტორია ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ჩინურ ენებზე უსმენდა, - ევროპისა და ჩინეთის დამაკავშირებელ „აბრეშუმის გზასა“ და „შუა დერეფანზე“ იყო ფოკუსირებული.
ასევე ნახეთ საქართველო „შუა დერეფანში“ - ჩინეთსა და ევროპას შორისსომხეთის პრემიერ-მინისტრმა თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა რეგიონის რუკა, რომელზეც მისი მთავრობის შეთავაზებული სატრანსპორტო კვანძებია დატანილი. პრეზენტაციის შემდეგ ბროშურა გადასცა აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს.
ამ ბროშურაში მთიანი ყარაბაღი, - რომელზეც 16 სექტემბერს დაამყარა ბაქომ კონტროლი, რის შემდეგაც რეგიონი თითქმის სრულად დატოვეს ადგილობრივმა სომხებმა, - ცალკე აღნიშნული არ არის. რუკაზე იგი აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული - ისე, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი აღიარებს.
რას სთავაზობს ფაშინიანი მეზობლებს?
ფაშინიანის გეგმის მიხედვით:
- იხსნება ათწლეულების წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები აზერბაიჯანსა და თურქეთთან;
- საზღვრებზე, საავტომობილო გზებზე, განთავსდება 7 გამშვები პუნქტი:
- 2 გამშვები პუნქტი აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან (ანგეღაკოთსა და ერასხში);
- 3 გამშვები პუნქტი დანარჩენი აზერბაიჯანის დასავლეთ საზღვართან (კაიანში, სოტკსა და კარაჰუნჯში);
- 2 გამშვები პუნქტი თურქეთის საზღვართან (ახურიკსა და მარგარაში);
- საზღვრებზე, სარკინიგზო მაგისტრალებზე, განთავსდება 5 გამშვები პუნქტი:
- 4 სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე (ნრნაძორში, აგარაკში, ერასხსა და კაიანში)
- 1 სომხეთ-თურქეთის საზღვარზე (ახურიკში)
- იმისათვის, რომ ამ გამშვებმა პუნქტებმა იმუშაოს, უნდა შეიკრას სარკინიგზო მარშრუტები - სომხეთის ტერიტორიაზე აღდგეს:
- ნრნაძორ-აგარაკის რკინიგზის 43 კმ-იანი მონაკვეთი [„მეღრის დერეფანი“];
- რაზდანიდი-კაიანის დამაკავშირებელი 80 კმ-იანი მონაკვეთი;
- ერასხიდან ნახიჩევანამდე 1კმ-იანი მონაკვეთი;
- გიუმრიდან თურქეთის საზღვრამდე დარჩენილი 6 კმ-იანი მონაკვეთი;
- დამატებით შემოთავაზებულია საავტომობილო მარშრუტები სომხეთის ტერიტორიაზეც.
ფაშინიანის ამ გეგმით, აზერბაიჯანსა და თურქეთს, - რომლებიც ახლა ხმელეთით საქართველოსა და ირანის გავლით ვაჭრობენ ერთმანეთთან, - დამატებით სომხეთის გავლით რამდენიმე მარშრუტს სთავაზობს.
ამ გეგმით თურქეთი და აზერბაიჯანი - უახლოესი პარტნიორები, „ძმური ქვეყნები“, - სომხეთის არაერთი ნაწილის კვეთის შედეგად ახერხებენ დამატებით დაკავშირებას.
„ზანგეზურის დერეფანი“ თუ „მეღრის დერეფანი“?
ამ ინიციატივაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სამხრეთ სომხეთზე გადის.
ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს სომხეთის სამხრეთი ნაწილის გამოყენებით აზერბაიჯანის დამატებით დაკავშირებას თავის ექსკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქთან. ამ ოლქს, რომელიც სომხეთსა და თურქეთს შორისაა მოქცეული, აზერბაიჯანი ხმელეთით ირანიდან და თურქეთიდან (საქართველოს გავლით) უკავშირდება.
აქ საბჭოთა პერიოდში სარკინიგზო ხაზი გადიოდა - როგორც სომხეთში უწოდებდნენ, მეღრის დერეფანი. ფაშინიანი ამბობს, რომ რკინიგზის (ნრნაძორი-აგარაკის) 43 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენა და, შესაბამისად, აზერბაიჯანის თავის ტერიტორიასთან დაკავშირება, შესაძლებელია.
ეს სომხეთის ის ტერიტორიაა, რაზეც ბოლო პერიოდია, ერევანი შიშს გამოთქვამს აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო ინტერვენციაზე. 2021 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ „ზანგეზურის დერეფანს“ განახორციელებენ იმის მიუხედავად, „სურს ეს სომხეთს თუ არა“.
ასევე ნახეთ „ბლინკენის გაფრთხილება“ - შეიძლება კავკასიაში ახალი ომი დაიწყოს?მაგრამ ახლა აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ არ აინტერესებთ, უკვე დაიწყეს ირანის გავლით ალტერნატიულ დერეფანზე მუშაობა და სომხეთი ინტერვენციის რისკის წინაშე არ დგას.
ფაშინიანის შეთავაზებული მარშრუტი ემთხვევა აზერბაიჯანის მოთხოვნილ „ზანგეზურის დერეფანს“, - მაგრამ სინამდვილეში მის ალტერნატივას წარმოადგენს. მთავარი განსხვავება ასეთია:
- აზერბაიჯანს სურდა, „ზანგეზურის დერეფანში“ ტვირთებს გაევლო სომხური ბლოკპოსტების, სასაზღვრო კონტროლის, შესაბამისად, გადასახადების, საბაჟო კონტროლის გარეშე, რასაც სომხეთი თავისი სუვერენიტეტის შებღალვად აღიქვამდა;
- ფაშინიანის შეთავაზებულ სცენარში კი სომხეთი ინარჩუნებს კონტროლს ამ ტერიტორიაზე. ეს პრინციპი საკვანძოა მის შეთავაზებაში.
ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინი“ 4 მთავარ პრინციპს ეფუძნება:
- „ყველა სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამზიდი თუ ელექტრო, - მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან“;
- „თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიის კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით“;
- „ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტრანსპორტირებისთვის“;
- „ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით. და ამ პრინციპზე დაყრდნობით შესაძლებელია სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია“.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა იქვე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობაში, ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებში, ჩამოყალიბდება სპეციალური ერთეული, რომელიც „უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციების, სატრანსპორტო საშუალებებისა თუ იმ პირების, ვინც მათ ატარებს, უსაფრთხოებაზე“.
რას ცდილობს სომხეთი ამ გეგმით?
სომხეთმა 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომში მარცხი იწვნია. მას შემდეგ იგი წაგებულის პოზიციიდან მონაწილეობს მოლაპარაკებებში. 2023 წლიდან ის აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამბობს, რომ საპასუხოდ იმავეს ვერ იღებს.
ამავდროულად, სომხეთი გაწბილებულია მისი ტრადიციული მოკავშირისა და უსაფრთხოების გარანტის, რუსეთის მხრიდან უყურადღებობით. ბოლო პერიოდში ერევანსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დაპირისპირება გაზრდილია.
ნიკოლ ფაშინიანი „სტრატეგიულ შეცდომად“ აფასებს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას და მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის უმოქმედობას აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში - როგორც ყარაბაღის, ასევე სასაზღვრო საკითხში. ამის შესახებ ღიად ისაუბრა ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამოსვლისას.
და რუსეთით იმედგაცრუებული სომხეთი ბოლო პერიოდია უსაფრთხოების სექტორში დივერსიფიკაციას ცდილობს, - ირანის, ინდოეთისა და ბოლოს, საფრანგეთის დახმარებით. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ პარიზი და ერევანი ასრულებენ მოლაპარაკებებს შეთანხმებებზე, რის შემდეგაც საფრანგეთი სომხეთს იარაღს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, მიაწვდის.
25 ოქტომბერს „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ (WSJ) ინტერვიუში ფაშინიანმა ეჭვქვეშ დააყენა სომხეთში რუსული ბაზების ეფექტურობა:
WSJ: „თქვენ ამჟამად კვლავ გაქვთ შეთანხმება რუსეთთან [უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობაზე]. გაქვთ სამხედრო ბაზები სომხეთში. როგორ ფიქრობთ, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა სომხეთში სასარგებლოა თუ საზიანო?
ნიკოლ ფაშინიანი: „იცით, ამჟამად, ყოველ შემთხვევაში, როგორც ვთქვი, არ გვინახავს [ამის] უპირატესობები იმ საკითხებში, რაც აღვწერე“.
თბილისში წარდგენილი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სომხეთის მცდელობაა, უსაფრთხოების სექტორში დივერსიფიკაციის მცდელობის კვალდაკვალ, დაიწყოს დივერსიფიკაცია ეკონომიკაშიც.
სომხეთი ეკონომიკურად უკიდურესად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. იმის მიუხედავად, რომ მისგან პოლიტიკური დაშორება დაიწყო, 2023 წელს ეკონომიკურად დამოკიდებულება არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც.
- 2022 წელს რუსეთთან სომხეთის ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა, - რამაც მეტწილად განაპირობა სომხეთის ეკონომიკის 12.6%-ით ზრდა;
- 2022 წელსვე რუსეთთან ვაჭრობამ საგარეო ვაჭრობის 35.6% შეადგინა; 2023 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით კი 35%-ია;
- სომხეთის ენერგეტიკის სექტორი თითქმის სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე:
- რუსეთი პრაქტიკულად მონოპოლისტია სომხეთისათვის გაზის, ნავთობის, ბირთვული ენერგიის მიწოდებაში;
- „გაზპრომი“ აკონტროლებს ირანი-სომხეთის გაზსადენსაც;
- სომხეთში ფულადი გზავნილების 68.6% რუსეთიდანაა გადარიცხული;
- რუსული სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები ფლობენ სტრატეგიულად მიჩნეულ ობიექტებს, - მათ შორის წიაღისეულის საბადოებსა და რკინიგზას.
სწორედ ეს სირთულე - არასახარბიელო გეოგრაფიულ მდგომარეობასთან ერთად - განაპირობებს სომხეთის სურვილს, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც წლების წინ გაუგონარი იქნებოდა სომხური პოლიტიკური რეალობისათვის.
სირთულეები
და ის, რომ ფაშინიანი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივით გამოდის, სულაც არ ნიშნავს, რომ ადრესატები დადებითად უპასუხებენ, - ჯერ ბაქოსა და ანკარას ოფიციალური პასუხი არ გაუციათ ფაშინიანის ინიციატივისათვის. ამასთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია მისთვის დიდი შიდა პოლიტიკური რისკის მქონეა.
ერევანსა და ანკარას 1990-იანი წლების შემდეგ არ ჰქონიათ დიპლომატიური და კომერციული კავშირები. მათ უთანხმოებას განაპირობებს სომეხთა გენოციდის საკითხი და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება.
მათ უთანხმოება, პირველ რიგში, აქვთ იმ დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანის გამო, რომლებიც 1915-18 წელს დახოცეს ოსმალეთის იმპერიაში, - რასაც სომხეთი გენოციდს უწოდებს. სომეხთა გენოციდი 2021 წელს აღიარა აშშ-ის სენატმაც. თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მრავალი სომეხი დაიღუპა, მაგრამ აცხადებს, რომ მათი რიცხვი საკამათოა და უარყოფს, რომ ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
როგორც სამშობლოში მცხოვრებ, ისე დიასპორელ სომეხთა იდენტობას გენოციდი, მისი მოგონება, დიდწილად განაპირობებს. თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის ანკარა ერევანს სავარაუდოდ მოსთხოვს ამ საკითხის უკანა პლანზე გადაწევას, რაც სომხური საზოგადოებისათვის წითელ ხაზად მიიჩნევა. ამ აზრით ფაშინიანს დიდი წინააღმდეგობა ელის.
მეორე მხრივ, თბილისში, მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა თუ სხვა ქალაქებში მრავალთვიანი, სხვადასხვა დონის მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ ვერ დასრულდა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით.
ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხზეც ისაუბრა თბილისში, ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგს ელის და თქვა: „იმედი გვაქვს, ეს პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება“. იმედი გამოთქვა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საქმეში პროგრესზეც.
თბილისის საერთაშორისო ფორუმზე ფაშინიანთან ერთად მყოფმა აზერბაიჯანის პრემიერმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზასა“ და „შუა დერეფანზე“ ისე ისაუბრა, რომ სომხეთის მონაწილეობის პერსპექტივა საერთოდ არ უხსენებია, - მეტწილად საქართველოსთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირებზე ილაპარაკა.
მხოლოდ გამოსვლის ბოლოს, მოკლედ უპასუხა ნიკოლ ფაშინიანს და თქვა, 2020 წლის ომის შემდეგ სწორედ ჩვენ განვაცხადეთ, რომ აუცილებელია, მშვიდობა დამკვიდრდესო; ახსენა, რომ ეს მშვიდობა „განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს ეხება“, - მაგრამ „ეხება იმ დეკლარაციის შესაბამისად, რაც 2020 წლის 9-10 ნოემბერს გაფორმდა“.
პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ან მის ადმინისტრაციას ფაშინიანის საპასუხო სხვა კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამ ინიციატივაზე კომენტარები არ გაუკეთებიათ არც თეირანში, არც თბილისსა და არც მოსკოვში.
ასევე ნახეთ „თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები“ - ღარიბაშვილი და ალიევი ფაშინიანს თბილისში იწვევენ