მოლდოვასთან ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, ევროკავშირში გაწევრების გზაზე მოქმედებათა კოორდინაციისთვის მოლდოველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა გამოაცხადა.
„ჩვენ ვააქტიურებთ დიალოგის ფორმატს უკრაინა-მოლდოვა-რუმინეთის სამკუთხედში. ამ მიზნით 2023 წელს გავმართავთ სამი სახელმწიფოს მთავრობის მეთაურთა შეხვედრას. ვქმნით ორმხრივ სამუშაო ჯგუფს უკრაინის და მოლდოვის ევრიკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციისთვის. მზად ვართ გავუწიოთ ჩვენს მოლდოველ პარტნიორებს ყოვლისმომცველი საექსპერტო მხარდაჭერა, რათა მოლდოვამ წარმატებით განახორციელოს ევროკომისიის რეკომენდაციები“, - თქვა მან.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევი და კიშინიოვი, ასევე შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლონ საჰაერო თავდაცვის საკითხებზე, გააუმჯობესონ საზღვრის კონტროლი და შეინარჩუნონ თანამშრომლობა და დიალოგი მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, რომლის მთავრობაც რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო რთული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, სრული და უპირობო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისადმი და განაცხადა, რომ მოლდოვა შემდგომაც დაეხმარება უკრაინას ყველაფრით, რითაც ძალუძს.
გავრილიცას არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმება „ყველაფერში“. მით უფრო, რომ ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად წოდებულ მოლდოვას, როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.
მოლდოვის ხელისუფლება არ მალავს, რომ სამხედრო აღჭურვილობის დაახლოებით 90 პროცენტი საბჭოთა დროიდან, 1960-იანი წლებიდან მოდის და მისი მოდერნიზება უკვე შეუძლებელია. მოლდოვის შეიარაღებული ძალები შედგება 6500 პროფესიონალი სამხედროსგან, კიდევ 2000-მდე პირს ყოველწლიურად იწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
ასევე ნახეთ მოლდოვის თავდაცვის მინისტრი: ქვეყნის სამხედრო აღჭურვილობის 90 პროცენტი მოძველებულიამაგრამ მოლდოვის პროდასავლური ხელისუფლება - პრეზიდენტ მაია სანდუსა და პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას ტანდემი - ევროპული ფასეულობებისადმი თავისი მტკიცე ერთგულების გამო კოლექტიური დასავლეთისგან სულ უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობს.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია 21 ნოემბერს პარიზში, მოლდოვის დასახმარებლად გამართული საერთაშორისო დონორთა კონფერენცია, რომელზეც 45 ქვეყნისა და ინსტიტუტის წარმომადგენლები, უკრაინაში ომის შედეგებთან გასამკლავებლად, კიშინიოვს 100 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას დაჰპირდნენ.
ასევე ნახეთ ზამთრის წინ დონორთა კონფერენციამ მოლდოვას სასწრაფო დახმარების სახით აღუთქვა 100 მილიონამდე ევროასეთი მხარდაჭერა მოლდოვის ხელისუფლებას აძლევს სტიმულს, ოპტიმიზმით შეხვდეს გამოწვევებს და კიდევ უფრო ხმამაღლა გამოხატოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკისადმი თავისი კრიტიკული დამოკიდებულება.
„მე არაერთხელ დავგმე გადაჭრით რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი საშინელებანი და სრულად ვუჭერ მხარს მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების იდეას. უკრაინის ყველა მოქალაქე, განსაკუთრებით ბავშვები და ქალები, ვინც სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა განიცადა, იმსახურებს სამართლიანობის დადგენას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებში“, - განაცხადა 6 დეკემბერს უკრაინაში მყოფმა ნატალია გავრილიცამ.
მანამდე მოლდოვის ხელისუფლებამ ასევე დაგმო 23 ნოემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგო- და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე, რის შედეგად მოლდოვაც სერიოზულად დაზარალდა.
ხელისუფლების ცნობით, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ქვეყნის დასახლებული პუნქტების დიდი უმრავლესობა. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობდა შუქნიშნები.
ასევე ნახეთ მაია სანდუ: "რუსეთის რეჟიმი სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს"მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმამ ელექტროენერგიით მომარაგების შეფერხებები გამოიწვია მოლდოვის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.
ხოლო მოლდოვის პრეზიდენტმა პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთის რეჟიმი, რომელსაც მაია სანდუს თქმით, სურს სხვა ხალხები სიღატაკესა და უღირს პირობებში ამყოფოს.
„ჩვენ ვერ ვენდობით რეჟიმს, რომელიც სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს, რეჟიმს, რომელიც გამიზნულად ხოცავს ადამიანებს უბრალოდ იმის გამო, რომ სურს, სხვა ხალხები სიღატაკესა და უღირს პირობებში ამყოფოს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს ახლა, ჩვენმა ერთადერთმა გზამ, მოლდოვის რესპუბლიკის გზამ, თავისუფალი მსოფლიოს მიმართულებით უნდა წაგვიყვანოს“, დაწერა სანდუმ.
რუსეთის მიმართ მოლდოვის პრეზიდენტის ასეთი მკაცრი განცხადების ფონია მოლდოვაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციები, რომლებიც 18 სექტემბრიდან ყოველ კვირა დღეს იმართება. აქციების მთავარი ორგანიზატორია დევნილობაში მყოფი ოლიგარქი და პარტია „შორის“ ლიდერი, ილან შორი, რომელიც საერთაშორისო ძებნილთა სიაშია და მიმალვაში საზღვარგარეთიდან ხელმძღვანელობს აქციებს.
ოლიგარქი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტიდან დიდი თანხების დატაცების დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, თავის მომხრეებს იაფ გაზსა და ელექტროენერგიას, ღირსეულ ხელფასებსა და პენსიებს და რუსეთში პროდუქციის ექსპორტის განახლებას ჰპირდება. პერმანენტული აქციების დროს რამდენჯერმე მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.
ასევე ნახეთ მოლდოვის პოლიციამ დემონსტრანტებს კიშინიოვის ცენტრში კარვების დადგმის საშუალება არ მისცამაგრამ მოლდოვის პროდასავლური ხელისუფლება პრორუსული ოპოზიციის გამოსვლებზე დიდად არ ნერვიულობს ორი ფაქტორის გამო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ როგორც რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური წერს, აქციების მონაწილეთა რაოდენობა კვირიდან კვირამდე კლებულობს. მეორე მხრივ, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს სანქციებისთვის ცხრა ინდივიდი და 12 უწყება გამოყო, მათ რიცხვში შედის ორი მოლდოველი ოლიგარქი - ზემოხსენებული ილან შორი და ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, მათი მხრიდან მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით გადადგმული ნაბიჯების გამო.
„როგორც იქნა, მასშტაბურ კორუფციას და მოლდოვაში პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებას შესაძლებელია, რომ სანქციები დაუწესდეს! აშშ-მა სანქციები დაუწესა 21 ინდივიდსა და უწყებას, რომლებიც მონაწილეობდნენ კორუფციულ ქმედებებში და სერიოზულ გავლენას ახდენდნენ მოლდოვასა და მის მოქალაქეებზე“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომლისთვისაც მოლდოვის კორუფციისაგან გათავისუფლება მისი პრეზიდენტობის უმთავრესი პოლიტიკური მიზანია.