16 ოქტომბერს მოლდოვის პოლიციამ არ მისცა საშუალება ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ დიდი ნაციონალური კრების მოედანზე და იქ კარვები გაეშალათ, რისკენაც თავის მომხრეებს მოუწოდებდა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, "შორის" ლიდერი ილან შორი.
როგორც რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახური იუწყება, დემონსტრანტები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 6000-ს შეადგენდა, სკანდირებდნენ: "ძირს, მაია სანდუ!" "ძირს მთავრობა!"
მოლდოვაში ანტისამთავრობო აქციები 18 სექტემბრიდან ყოველ კვირა დღეს იმართება.
გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ილან შორი, რომელიც თავის მომხრეებს იაფ გაზსა და ელექტროენერგიას, ღირსეულ ხელფასებსა და პენსიებს და რუსეთში პროდუქციის ექსპორტის განახლებას ჰპირდება. პერმანენტული აქციების დროს რამდენჯერმე მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება. პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსეთ-უკრაინის ომის გამო მოქმედი საგანგებო მდგომარეობით, დაუშვებელია ქალაქის ცენტრში მოძრაობის გადაკეტვა.
ილან შორს 2017 წელს მოლდოვის პირველი ინსტანციის სასამართლომ 7 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის მოლდოვის საბანკო სისტემიდან "მილიარდის მოპარვის" საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ილან შორი, რომელიც საერთაშორისო ძებნილთა სიაშია, ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და იქიდან აფინანსებს ანტისამთავრობო გამოსვლებს. მისი სახელის ქვეშ გაერთიანებული პარტია "შორი" მოლდოვის პარლამენტში 7 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
ქუჩის აქციების ფონზე მოლდოვის მთავრობა ცდილობს გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ პრობლემებს.
მოლდოვის ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი 35%-ს მიუახლოვდა, ძირითადად ენერგიასა და საკვებზე ფასების ზრდის გამო. მოლდოვის რესპუბლიკა მთლიანად რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს მოიხმარს, მოსკოვმა კი მკვეთრად გაზარდა ფასები როგორც მოლდოვისთვის, ისე იმ ევროპელი მომხმარებლებისთვის, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს და გმობენ რუსეთის ინტერვენციას. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მოლდოვა, რომელიც უკრაინიდან რიგი იაფი საკვების იმპორტს ეყრდნობოდა, იძულებული გახდა ევროკავშირიდან უფრო ძვირი პროდუქცია შეეტანა.