„რამდენიმე პროექტი არის გაჩერებული იმის გამო, რომ მეექვსე თვეა შსს-ს არქივები (სუკ-ის და კომპარტიის) დაიკეტა. ეს პროექტები უკავშირდება 1942-1937 წლების ტერორსა და მსხვერპლს… [ხელმძღვანელები] გვეუბნებიან, რომ რეორგანიზაცია მიდის, როდის დასრულდება, ამას არ ამბობენ“, - ჰყვება ბადრი ოკუჯავა, საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) მკვლევარი.
შსს-ს და ეროვნულ არქივებში ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ისევ არ არის გაციფრებული და ქაღალდზე ინახება. არ მუშაობს საძიებო სისტემა. დოკუმენტების ასლების გადაღება ძვირი ჯდება. ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი უკიდურესად გართულებულია. არქივში დაშვების შესახებ პასუხი განცხადების დაწერიდან ორი კვირის ვადაში მოდის. შესვლის შემდეგ კი ინფორმაცია ათასობით PDF-ფაილში უნდა ეძებო.
აკრძალულია დოკუმენტისთვის ფოტოს გადაღება, ფოტო თავად არქივმა უნდა გადაიღოს, ეს კი დამატებითი ხარჯია.
„კოლოსალური თანხა სჭირდება დოკუმენტის ასლებს. ერთი ფოტოს გადაღება 4 ლარი ღირს, ამ დროს შესაძლოა 1000 გვერდი გჭირდებოდეს“, - ამბობს ბადრი ოკუჯავა.
„პრობლემა ათწლეულებია არსებობს, მაგრამ ბოლო დროს კიდევ უფრო გამძაფრდა. მთელ საარქივო სივრცეში, ცენტრში თუ რეგიონში ისეთი პირობებია შექმნილი, რომ მე-19-მე-20 საუკუნეების ისტორიის კვლევაზე ვეღარ მუშაობ, - ამბობს სოვლაბის წარმომადგენელი ირაკლი ხვადაგიანი, - სტუდენტი, რომელმაც იცის, რომ მისი კვლევისთვის ყველა კარი უნდა იყოს ღია, მიდის არქივში - ჯერ ფიზიკურად რატომ უნდა მიდიოდეს 21-ე საუკუნეში - და ამ კატასტროფულ მდგომარეობას უყურებს. ხვდება, წლები უნდა შეალიოს საქმეს, რაც მას პროფესიულად ვერ განავითარებს“.
რამდენიმე წელია საერთოდ არ არსებობს საქართველოს უშიშროების კომიტეტის (სუკი) არქივის ვებსაიტი.
შსს-ს არქივებში სამუშაოდ (როდესაც ისინი ღიაა) რიგები დგას. სამკითხველო დარბაზებში კი, რომელიც სასროლეთთან ახლოს არის, მუდმივად სროლის ხმა ისმის.
ის ინფორმაციაც კი, რომლის გამოტანასაც მკვლევრები ახერხებენ, ხშირად საერთოდ გამოუსადეგარია. დოკუმენტებში, რომელთა შექმნიდან 75 წელი არ არის გასული, იფარება ადამიანების სახელები, გვარები და სხვა საკვანძო დეტალები, რაც საბოლოოდ შეუძლებელს ხდის მათი შინაარსის გაგებას.
„ერთხელ დეპორტირებულებზე რომ ვითხოვდით ინფორმაციას, წაშალეს სახელები, გვარები, დაბადების თარიღები, განათლება, რეპრესიების დრო. ცარიელი ფურცლები მოგვცეს. ეს სასამართლოში რომ გავასაჩივრეთ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არქივს ჰქონდა ამის უფლება, - ჰყვება ირაკლი ხვადაგიანი, - მეორე სარჩელი იყო ხრუშჩოვის დროინდელ რეაბილიტაციებზე. საქმეები კი არა, კატალოგიც კი არ გაგვაცნეს სრულფასოვნად. დასვეს ადამიანი, სავარაუდოდ, ერთი არა, გადაიღეს ასლები ამ კატალოგიდან და შემდეგ მასში გადახაზეს 10-12 ათასი სახელი და გვარი.
არქივის პოზიცია ასეთი იყო, მე არ ვიცი, გარდაცვლილები არიან თუ არა ეს ადამიანები (საუბარია 1937 წელს დახვრეტილებზე) და შენ უნდა დამიმტკიცოო. მე როგორ უნდა დავუმტკიცო, როდესაც გარდაცვალების ცნობები თავად არქივში უნდა ინახებოდეს. თან სახელსა და გვარსაც არ გვეუბნებიან, ვინ უნდა ვეძებოთ. გადაშალონ საქმე და ნახავენ, რომ დახვრეტილია ადამიანი“.
მკვლევრები აცხადებენ, რომ როდესაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მოითხოვენ, საჯარო უწყებები ხშირად მიუთითებენ კანონზე, რომელსაც 75-წლიანი ზღვარი აქვს დაწესებული და ასევე იმაზეც, რომ ეს კანონი ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციების მიხედვით აქვს შედგენილი. საქართველოს კანონი ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ ადგენს, რომ შეზღუდულია დაშვება ეროვნული საარქივო ფონდის შემდეგ დოკუმენტებთან: „მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი“.
„სასამართლოც და ეროვნული არქივიც, იმას ამბობს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა ასეთია. სინამდვილეში ევროკავშირის კანონმდებლობა (EU General Data Protection Regulation) არქივებთან დაკავშირებით, პირიქით, ურჩევს, რომ კვლევისთვის არქივები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ამ ბარიერებს არა უშუალოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, არამედ სპეციალურ კანონებში ჩანაწერები ქმნის.
„მონაცემთა დაცვის კანონში ჩვენ გვიწერია, რომ ადამიანის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ მის შესახებ ინფორმაციის გაცნობის უფლება გაქვს. მაგრამ სპეციალური კანონით უკვე 75 წელია დაწესებული.
ეს სპეციალური კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და საკონსტიტუციო სამი წელი ხმას არ ღებს.
ასეთი მიდგომა მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია. შენ, როგორც ამ ქვეყნის შვილს, გაინტერესებს, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამების მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ ის, რაც დღეს არქივებთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლებაში არსებულ „ტრენდს“ იმეორებს - საჯარო ინფორმაციის დამალვას.
„ხელისუფლება ყველაფერს კეტავს და სრულიად დაუსაბუთებლად არ აძლევს მეცნიერებს უფლებას, ჩაატაროს კვლევები, ეს ყველაფერი ჯდება იმ ტრენდში, რომელიც დღეს აქვს ხელისუფლებას, რომ საჯარო ინფორმაცია არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ევროპული საზოგადოება არის ღია საზოგადოება. სწორედ ეს არ უნდა ხელისუფლებას. ეს ყველაფერი ხდება გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდისა და წარსულის რომანტიზების ფონზე, მაშინ როცა ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს რამე ტრაგედია არ გადაუტანია“, - ამბობს მამუკა ანდღულაძე.
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და მკვლევრებმა მიმართეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, თხოვნით, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ტოტალიტარიზმისა და საბჭოთა ტერორის კვლევისთვის ხელის შეშლა და ამის ევრორეგულაციებით გამართლება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთ დაბრკოლებას შეუქმნის.