Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ხვადაგიანი: „მე 11 ათასი პირის გარდაცვალების ცნობას ვერ მივიტან“


საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი კანონის იმ მუხლზე დაობს, რომლის საფუძველზეც მას არქივებში რეპრესიების მსხვერპლთა საქმეების გაცნობის საშუალება არ ეძლევა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მკვლევარმა გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საბჭოთა პერიოდის რეპრესიებსა და ტოტალიტარიზმის ეპოქას სწავლობს. იმის გამო, რომ სათანადო დოკუმენტები არქივებში ღია არ არის, საქმე სასამართლომდე მივიდა. ეროვნული არქივის შესახებ კანონის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები დახურულია, თუ საქმის წარმოებიდან 75 წელი არ არის გასული. შესაბამისად, მკვლევარებს 1944 წლის შემდეგდროინდელ დოკუმენტებზე წვდომა არა აქვთ.

საბჭოთა ოკუპაცია, 25 თებერვალი
საბჭოთა ოკუპაცია, 25 თებერვალი
რა გამოდის? 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მხოლოდ 2064 წელს გვექნება წვდომა?“

მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ითხოვს საქართველოს ეროვნულ არქივში საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ფონდისა და სასამართლოს საქმეების შესწავლის საშუალება მიეცეს. მისი თქმით, მიუხედავად კანონის ამ ნორმისა, მაინც შეიძლება მკვლევარები ფონდებში დაუშვან, რადგან პირადი ინფორმაცია ღიაა, თუ პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება, 30 წლის წინ გარდაიცვალა.

ირაკლი ხვადაგიანი: „არქივს შეუძლია ეს ინფორმაცია მოგვცეს, რადგან ყველა საქმეში წერია, რომ ის ადამიანი, ვისზეც არის საქმე, დახვრეტილია. ზოგადად, ეს კანონები ძალიანჩამორჩება ევროპულ სტანდარტებს. ევროპაში პირადი ინფორმაცია უფრო უკეთ არის დაცული, მაგრამ თუ ის ტოტალიტარულ რეჟიმს ეხება, მაშინ ასაჯაროებენ. ამ შეზღუდვის გამო კვლევები შეჩერებული გვაქვს. რა გამოდის? 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მხოლოდ 2064 წელს გვექნება წვდომა?“

ეროვნული არქივის უარი ირაკლი ხვადაგიანმა თავდაპირველად საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. 28 თებერვალს სასამართლომ გადაწყვეტილება არქივის სასარგებლოდ მიიღო, რის შემდეგაც საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაიტანეს.

საქართველოს ეროვნული არქივი
საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის წარმომადგენელმა იულია გოცირიძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ მიუხედავად სურვილისა, მათ კანონმდებლობა არ აძლევთ საშუალებას საბუთები გაასაჯაროონ.

იულია გოცირიძე: „დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ ძალიან ცოტა საქმეა, სადაც სასჯელის სისრულეში მოყვანის შესახებ დევს ცნობა. დახვრეტა რომ მიუსაჯეს, წერია, მაგრამ დასაჯეს თუ არა, - აღარ. გარდა ამისა, შესაძლოა ადამიანი საზღვარგარეთ გარდაიცვალა და ეს ინფორმაცია როგორ მოვიძიოთ?!“

ირაკლი ხვადაგიანი აცხადებს, რომ ევროპაში ფაშისტური რეჟიმის შესწავლისას მკვლევარს არავინ სთხოვს წარმოადგინოს ცნობა, მართლა გაიგუდა თუ არა ესა თუ ის პირი გაზის კამერაში.

ირაკლი ხვადაგიანი: „სახელმწიფო ამბობს, მკვლევარმა უნდა გაარკვიოს, ვინ როდის გარდაიცვალაო, მტკიცების ტვირთი ჩვენზე გადმოაქვს. არქივში 11 ათასი პირის საქმეა. მე 11 ათასი პირის გარდაცვალების ცნობას ვერ მივიტან“.

მოსამართლე გიორგი ტყავაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მკვლევარებისთვის დოკუმენტაცია მართლაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუმცა არსებული კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. მან საქალაქო სასამართლოს 28 თებერვლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ირაკლი ხვადაგიანი აპირებს ამჯერად უზენაეს სასამართლოს მიმართოს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG