9 აპრილის საქმე, ნაზი შამანაურის საქმე, სოლიკო ხაბეიშვილის საქმე... მკვლევრები ამბობენ, რომ, მოუქნელი და აბსურდული კანონმდებლობის გამო, მათ უახლოესი ისტორიის შესწავლაც კი არ შეუძლიათ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს სარჩელს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე 75-წლიანი ტაბუს არსებობას გაასაჩივრებს.
დღეს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ სისხლის სამართლის საქმის გახსნიდან 75 წელი არ გასულა, ეროვნული საარქივო ფონდი ამ საქმის შესახებ ინფორმაციას არ გასცემს. ფონდი საკმაოდ დიდია და მასში შედის როგორც ეროვნული არქივის, ასევე სხვა - მაგალითად, შს სამინისტროსა და პროკურატურის - საარქივო დოკუმენტაციის ნაწილიც.
თუ საქმე ან რაიმე საბუთი სისხლის სამართლის კატეგორიაში არ ხვდება, მასზე ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პერსონალურ მონაცემებს დაშტრიხავენ. „რა უნდა გამოვითხოვოთ, იმასაც ვერ ვიგებთ, რადგან სახელები და გვარები კატალოგშიც დაშტრიხულია“, - ამბობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი ხვადაგიანი.
სისხლის სამართლის ის საქმეები, რომლებიც არქივში 40-იანი წლებიდან ინახება, მკვლევრებისთვის დახურულია. ამ პერიოდში ექცევა საბჭოთა რეპრესიების, რეპრესირებულ პირთა რეაბილიტაციის, მასობრივი გადასახლებების (გერმანელების გადასახლება, მესხების გადასახლება...) შესახებ შედგენილი საქმეები და სხვა დანარჩენი დოკუმენტაცია.
პერსონალური მონაცემების გამჟღავნების აკრძალვა ეხება არა მხოლოდ იმ პირს, რომელზეც საქმეა გახსნილი, არამედ მასში მონაწილე თითოეულ ადამიანს, იქნება ეს გამომძიებელი, მოწმე, თანამონაწილე თუ სხვა.
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ამ პრობლემის გამო კვლევის მიღმა რჩება უამრავი ისეთი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.
ნაზი შამანაურის საქმე
ჟურნალისტი ნაზი შამანაური 80-იან წლებში ჩარგალში „ვაჟაობის“ დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა და ადგილობრივ თანამდებობის პირებს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ის დედასთან ერთად დააკავეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოთა ექიმები ჟურნალისტს იძულებით მკურნალობდნენ, რაც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ნაზი შამანაური 1983 წელს 42 წლისა დაიღუპა. კანონმდებლობის მიხედვით, მისი საქმის გამოთხოვა მინიმუმ 2058 წლამდე არ მოხერხდება.
„რომ დაიწყო ამ მასალების მოძიება: როგორ დააკავეს, მსვლელობა თუ მიეცა საქმეს, ფსიქიატრიულში რა დასკვნები დაიდო... ამ ინფორმაციას ვერ მიეკარები, რადგანაც ფსიქიატრიულში იწვა და გეტყვიან, რომ პერსონალური ინფორმაციაა“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
ბერი გაბრიელის (ურგებაძე) საქმე
თუნდაც უახლოეს წარსულზე დღეს ბევრი რამე მხოლოდ გადმოცემით ვიცით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამა გაბრიელმა (ურგებაძე) 1965 წლის 1 მაისს ლენინის პორტრეტი დაწვა, რის შემდეგაც ისიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში „გამოკეტეს“. დაკითხვებზე სცემდნენ და აწამებდნენ. რიგი საარქივო მასალები ამ საქმესთან დაკავშირებით მკვლევრებისთვის მინიმუმ 2040 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი.
9 აპრილის საქმე
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ 9 აპრილის მოვლენებზე დღეს მხოლოდ პარტიული არქივის მასალებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ როდესაც არანაკლებ საინტერესოა შსს-სა თუ მინისტრთა საბჭოს დოკუმენტები, რომლებიც ეროვნულ ფონდს მიეკუთვნება. მინიმუმ 2064 წლამდე მკვლევრები ვერც 9 აპრილის მასალებს შეისწავლიან.
სოლიკო ხაბეიშვილის საქმე
1985 წელს საქართველოს ცეკას მდივანი, სოლიკო ხაბეიშვილი, ცეკას პირველმა მდივანმა, ჯუმბერ პატიაშვილმა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მალე ის მექრთამეობის ბრალდებით დააპატიმრეს. მაშინ ხაბეიშვილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის, კადრად მიიჩნეოდა და ითვლება, რომ მისი დაპატიმრება გავლენებისთვის ბრძოლის ნაწილი იყო. ამ საქმის დეტალები მკვლევრებისთვის 2060 წლამდე იქნება დაფარული.
უკვე 1995 წელს სოლიკო ხაბეიშვილი პრეზიდენტ შევარდნაძის საერთაშორისო ფონდს ხელმძღვანელობდა. 20 ივნისს სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც სახლიდან გამოსულს თავს რამდენიმე ნიღბიანი დაესხა და მოკლა. მასთან ერთად დაიღუპა ის პირიც, რომელიც ავტომობილს მართავდა.
დაელოდეთ გარდაცვალებას!
„ეს ის თაობაა, რომელსაც დღესაც გავლენა და რეპუტაცია აქვს და არ არის მოტივირებული, ვინმემ მათი წარსული გამოქექოს. სხვა ქვეყნებში ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომებია, მაგრამ რაც ტოტალიტარიზმს ეხება, ინფორმაციას მაქსიმალურად ხსნიან, მხოლოდ კერძო პირის (და არა საჯარო ფუნქციის მატარებელი ადამიანის) პირადი ცხოვრების საიდუმლოება არის დაცული“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს სარჩელს, რომელსაც ივლისში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. საია მიიჩნევს, რომ 75-წლიანი შეზღუდვის მოტივით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უაპელაციოდ უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ როდესაც საქმე საჯარო ინტერესს და პირადი ინფორმაციის დაფარვას ერთდროულად ეხება, არქივმა ყოველ ჯერზე ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, ამ ორს შორის რომელს მიანიჭებს უპირატესობას.
სახელმწიფომ ან თავისი ინიციატივით უნდა დაადგინოს, გარდაცვლილები არიან თუ არა ეს ადამიანები და გახსნას საჯარო ინფორმაცია, ან გამოიყენოს უკრაინის მაგალითი.ვასილ ჟიჟიაშვილი
საია-ს იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ საკითხზე: მკვლევარს მისთვის საჭირო დოკუმენტის (ისიც არა სისხლის სამართლის საქმე) გამოთხოვა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი დაამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეხება, უკვე გარდაცვლილია, ამის დამტკიცება კი შეუძლებელი იმის გამო ხდება, რომ, უბრალოდ, არავინ იცის, ვინ არის მოხსენიებული ამა თუ იმ დოკუმენტში.
„რაც დრო გადის, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ საქმის მასალებში მოხსენიებული პირები გარდაცვლილები იყვნენ. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ან თავისი ინიციატივით უნდა დაადგინოს, გარდაცვლილები არიან თუ არა ეს ადამიანები და გახსნას საჯარო ინფორმაცია, ან გამოიყენოს უკრაინის მაგალითი. უკრაინამ მიიღო ახალი კანონი და თქვა, რომ ვინც ამ კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მიმართავს ფონდს და მოითხოვს, მისი ინფორმაცია დახურული დარჩეს, დახურული დარჩება, დანარჩენი კი გასაჯაროვდებაო“, - ამბობს ვასილ ჟიჟიაშვილი.
გაცილებით მოსახერხებელი იქნება, თუ სამომავლოდ არქივი თავად გადაამოწმებს, გარდაცვლილია თუ არა ადამიანი, და ინფორმაციასაც ამის მიხედვით გასცემს.
თუმცა, მეორე მხრივ, კანონი ამ შემთხვევაშიც მკვლევრის ინტერესის წინააღმდეგ მიდის, რადგანაც ის, ვინც ისტორიულ პროცესებს შეისწავლის, მაქსიმალურად დაინტერესებულია ამ პროცესების რაც შეიძლება მეტი ცოცხალი მონაწილე გამოკითხოს და არა პირიქით, დაელოდოს, როდის მისცემს მათი გარდაცვალება დოკუმენტებთან მიახლოების საშუალებას.