ევროკავშირის ჯერი აშშ-ის შემდეგ დადგა - საოკუპაციო რეჟიმი დასავლეთისგან დისტანცირებას ცდილობს, მაგრამ უარს არ ამბობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე.
მოსკოვი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას უწონებს და რუსეთთან „მაქსიმალურად დაახლოებულს“ უწოდებს
კარი იკეტება
„ჩემი მანდატის ფარგლებში, ვგეგმავდი აფხაზეთში ჩასვლას 2024 წლის იანვრის ბოლოს. სამწუხაროდ, იქ ჩვენმა თანამოსაუბრეებმა გვითხრეს, რომ ეს შეუძლებელია“, - სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ტოივო კლაარის წერილი, რომელშიც ის სოხუმიდან მიღებულ უარზე წერს, JAMnews-მა გამოაქვეყნა. ბოლო 6 თვეში ეს უკვე მეორე უარი იყო.
წერილი კლაარმა X-ზეც [ყოფილი ტვიტერი] 26 იანვარს გამოაქვეყნა და იქვე განმარტა, რომ წუხს აფხაზეთში „მზარდი თვითიზოლაციის“ გამო.
„მივედით სიტუაციამდე, როცა აფხაზეთი, როგორც ჩანს - იკეტება... ვერ ვხედავ, რომ ეს ვინმეს ინტერესებში შედის, ყველაზე ნაკლებად აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში“, - ესეც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სიტყვებია.
ასევე ნახეთ აფხაზი "დიპლომატები" არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოდიან„ჩვენი კარი სამუდამოდ იკეტება მათთვის, ვინც ჩვენ „ოკუპირებულ ტერიტორიად“ გვთვლის“, - უპასუხა ევროკავშირს, 29 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მილანა ცვიჟბამ და დასძინა, რომ აფხაზეთში ჩავარდა ევროკავშირის პოლიტიკა - „ჩართულობა აღიარების გარეშე“.
სოხუმში ყურადღება მიაქციეს კიდევ ერთ აბზაცს ტოივო კლაარის წერილიდან, სადაც ის, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის გაწეულ მასშტაბურ დახმარებაზე ლაპარაკობს.
„კონკრეტულად რომელი იურიდიული პირები ეხმარებიან ევროკავშირს - განახორციელოს თავისი პოლიტიკა - „ჩართულობა აღიარების გარეშე“? - შეკითხვას სვამს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საით ოტირბა და იქვე აღნიშნავს, რომ ბრიუსელიდან კონკრეტულ სიებს ელოდებიან.
საით ოტირბა ამბობს, რომ დაადგენენ ყველა „აგენტს“ - რომლებიც ხელს უწყობენ არამეგობრული ქვეყნების ჩარევას აფხაზეთის შიდა პოლიტიკაში.
„რიგი ქვეყნების კანონმდებლობის ტერმინოლოგიის შესაბამისად, ასეთი პირები, მათ მიერ შესრულებული ფუნქციების გამო, უცხოელი აგენტების რეესტრში შედიან“, - ოტირბას ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.
ხოლო მილანა ცვიჟბამ ამ კუთხით დაასახელა აშშ და არა რუსეთი, სადაც აგენტების შესახებ კანონს აქტიურად იყენებენ სამოქალაქო სექტორის გასაჩუმებლად. აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას აკონტროლებს.
სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის პოზიციას აფხაზეთის „საგარეო უწყების“ წარმომადგენელი შემდეგნაირად აყალიბებს:
- „აფხაზეთის სახელმწიფოს ოფიციალურად არაღიარებით კოლექტიური დასავლეთი ცდილობს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტირებას“.
- „სოციალურ ქსელებსა და მესინჯერებში შექმნილია ბოტების ქსელი. მონაწილეები წერენ მრისხანე კომენტარებს, მხარს უჭერენ ერთმანეთს და ქმნიან ქარიშხალს ჭიქაში“.
- „ძალიან მწვავედ დგება კანონმდებლობის დარეგულირების საკითხი“.
საით ოტირბამ აფხაზეთის არაკეთილმოსურნეთა ნუსხაში ევროკავშირის გარდა, USAID და UNDP-ც მოიხსენია.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროდან“ ტოივო კლაარს შეუთვალეს, რომ ის „ახლო მომავალში უფრო იმედგაცრუებული დარჩება“. ჯერჯერობით უცნობია, რით ემუქრება ევროკავშირს სოხუმი. იტყობინებიან, რომ „ეროვნული ინტერესების დარღვევის მცდელობაზე“ განცხადებას „მინისტრი“ არძინბა გააკეთებს.
თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, სოხუმში არ აპირებენ, რომ უარი თქვან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომლის რაუნდების მომზადების პროცესში ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ტოივო კლაარი - ევროკავშირის სახელით თანათავმჯდომარის რანგში.
სხვა თანათავმჯდომარეებთან - გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად - კლაარი სოხუმში ჩასული იყო ნოემბრის მიწურულს - 56-ე რაუნდისთვის მზადების პროცესში.
აფხაზეთში „აგენტების კანონზე“ მუშაობენ
როგორც სოხუმში გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, აფხაზეთში რუსეთის მსგავსი რეესტრის შესაქმნელად ემზადებიან და ოკუპანტი ქვეყნის მსგავსად - მთავარი სამიზნე არასამთავრობო სექტორი იქნება.
ამ იდეას მხარი „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამაც დაუჭირა.
ტელეგრამარხი News Abkhazia ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გასულ კვირაში „იუსტიციის სამინისტროში“ დააბრუნა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტი - რათა მასში ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული აქცენტი ასახულიყო. როგორც ტელეგრამარხი იტყობინება, კანონპროექტის ახალ ვარიანტს ბჟანია მიმდინარე კვირაში ელოდება.
ასევე ნახეთ „ჩვენ დავუშვით, ხელისუფლებაში ვაჭრები და დილეტანტები მოსულიყვნენ“
სამოქალაქო საზოგადოებაზე განსაკუთრებული შეტევა ბოლო პერიოდში დაიწყო, როცა დე ფაქტო ხელისუფლებას სულ უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის ფონზე.
მაშინ აფხაზების წინააღმდეგობით გაბრაზებული რუსეთი სოხუმს კრიტიკოსების დასჯისკენ მოუწოდებდა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანასტასია უდალცოვამ რუსულ მედიას უთხრა, რომ თუკი „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები“ ვერ გააკონტროლებენ სიტუაციას, „მათ შეუძლიათ დახმარებისთვის რუს კოლეგებს მიმართონ“.
ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის ხელშეშლას მოსკოვი ძირითადად აშშ-ს აბრალებდა. რუსეთის ე.წ. ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთში, მიხაილ შურგალინი თითს პირდაპირ USAID-ისკენ იშვერდა, რაც არაერთხელ გააკეთეს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და განსაკუთრებით „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ - ინალ არძინბამ.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID-ი - „კოლექტიური დასავლეთის“ შეთანხმებული პოლიტიკის ერთ-ერთ მოთამაშედ სახელდება.
- აფხაზეთის „საგარეო უწყებამ“ შეაჩერა გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამები და სერტიფიკატების გაცემა მათი განხორციელებისთვის;
- „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადდა USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი;
აფხაზეთს „საგარეო პოლიტიკას“ უწონებს რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი, რომლის შეფასებებსაც ხშირად ბეჭდავს აფხაზეთის ადგილობრივი მედია.
ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში მარკედონოვი აღნიშნავს, რომ ინალ არძინბას მინისტრობის დროს, „[აფხაზეთის] საგარეო-პოლიტიკური რიტორიკა მაქსიმალურად დაუახლოვდა რუსეთის სტანდარტებს“, რაც სხვა სიტყვებით - ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას დასავლეთთან.
სხვა სტატიაში მარკედონოვი წერს იმის შესახებაც, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არის მოთხოვნა „საგარეო პოლიტიკის მენიუს ცვლილების“ კუთხით. „იგივე საქართველო, რომელსაც კავკასიაში ყველაზე პროდასავლური ქვეყნის რეპუტაცია აქვს, აჩვენებს მზადყოფნას განავითაროს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“,- წერდა სერგეი მარკედონოვი იანვრის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში და წუხილს გამოხატავდა, რომ წარმატებით ვერ დაგვირგვინდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა.
არა მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში
ექსპერტები ხშირად მსჯელობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მწვავე დაპირისპირება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშიც შეინიშნება. მათ შორის - საქართველოში, სადაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის ჩაგდება მხოლოდ მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად მოხერხდა.
„აზერბაიჯანში არ არის თქვენი ოპერაციების ადგილი“, - უთხრეს ბაქოდან USAID-სა და მის ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს.
ბაქოში არასამთავრობო სექტორისა და მედიის იმ წარმომადგენლების დაჭერა დაიწყეს, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება უცხოეთიდან მალულად დაფინანსებულად თვლის. დაკავებულები ბრალს უარყოფენ.
ასევე ნახეთ ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების ტალღა და ბაქოს რეაქცია კრიტიკაზევალუტის ჯგუფური კონტრაბანდის საქმეზე დაკავებული ჟურნალისტების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამო, ბაქო ევროკავშირის ელჩმა გააკრიტიკა. აზერბაიჯანის ხელისუფლება კრიტიკას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად თვლის და მიუთითებს, რომ დარღვევები არა აზერბაიჯანში, არამედ - ევროკავშირის ქვეყნებში უნდა ეძებონ.
მანამდე, საქართველოს მთავრობამ სწორედ USAID-სა და ევროკავშირს დაუკავშირა „რევოლუციური სცენარი“ და ე.წ. ტრენინგების საქმესთან დაკავშირებით - „გამჭვირვალე ახსნა-განმარტებაც“ არაერთხელ მოითხოვა. საქართველოს ხელისუფება სწორედ ამ ჭრილში უტევს არასამთავრობო სექტორსაც.
ასევე ნახეთ ბაქო, თბილისი, სოხუმი - ვინ და რატომ ებრძვის USAID-ს ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და USAID-ს მიმართავს„რევოლუციური სცენარის“ გარდა, თბილისი USAID-ს მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანი ხატის ხმაურიან ამბავსაც უკავშირებს.
20 იანვარს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მათ შორის - USAID-ის მხარდაჭერით.
„ოცნების“ წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები თუ მოკავშირეები ხშირად ლაპარაკობენ „აგენტების შესახებ“ კანონის საჭიროებაზე და მნიშვნელობაზე, რაც, მათი განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის დახმარებით ჩავარდა.
- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებებს.
- აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა პირველ ინტერვიუში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისცა, „რევოლუციურ სცენართან" USAID-ის დაკავშირებას სასაცილო უწოდა.
ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტში - ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში“ - რომელიც საქართველოს „მნიშვნელოვან უკუსვლაზე“ მიუთითებს, ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების შემთხვევაში ჩანს - „სამოქალაქო საზოგადოების აშკარა უპატივცემულობა“ და „რუსეთის დამშვიდების“ მცდელობა, რაც „ეწინააღმდეგება ევროკავშირის კონსენსუსს“.
ამ დოკუმენტში ასახულ ფაქტებსა და რეიტინგებს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კვლავ სიცრუეს უწოდებს და მესამე სექტორს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს.