პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს. არასამთავრობო სექტორთან ერთად, სახელისუფლებო გუნდის მხრიდან კიდევ ერთხელ ხდება ირიბი კრიტიკის ობიექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „უკვე მერამდენედ ხვდება მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში“.
20 იანვარს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
„უფრო მეტიც, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია, სწორედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სოვლაბის“ წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა გააჩაღა, რომელიც შეთავსებით, საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრიც არის.
ე.წ. ენჯეო სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან. კიდევ უფრო ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი. ადამიანი, რომელიც რელიგიური შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებითვე, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი, ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის, ფარგლებში. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობა, საზოგადოებისთვის მსგავსი ტიპის ინფორმაცია დაფარულია:
„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თან იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდ მოქმედებს.
საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში...
უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის არარსებობის პირობებში, მსგავსი ფაქტები საზოგადოებისთვის მხოლოდ პერიოდულად და შემთხვევით ხდება ცნობილი. არადა, ზიანი, რომელიც ასეთი საქმიანობით შეიძლება მიადგეს ქართულ საზოგადოებას, შესაძლოა, გამოუსწორებელი იყოს“.
საქართველოს ხელისუფლებამ „რევოლუციური სცენარის“, იმავე „ტრენინგების საქმეზე“, გასული წლის შემოდგომაზე „გამჭვირვალე ახსნა-განმარტება“ მოსთხოვა USAID-ს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, თბილისში 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა პირველ ინტერვიუში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისცა, „რევოლუციურ სცენართან" USAID-ის დაკავშირებას სასაცილო უწოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ბრალდება მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოს დახმარების მიზნებს, რომლებიც სრულად გამჭვირვალეა.
შალვა პაპუაშვილმა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის შესახებ განცხადება 19 იანვარსაც გააკეთა და თქვა, რომ „ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს, იმედია, ამ ფაქტზე რეაგირება იქნება“.
მის ამ განცხადებას 19 იანვარსვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ბექა მინდიაშვილი, რომელიც წერს, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადებები მისი, როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმღვანელის წინააღმდეგ, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა:
„აღნიშნული განცხადება უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპებს. ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია რელიგიური და თეოლოგიური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და შეფასებისას. ამ კუთხით, მისი მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა.
ამგვარი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიით პოლიტიკური მანიპულირების სურვილი და, ამავდროულად, ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შეიძლება იყოს. ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს რელიგიის თავისუფლებას და ემსახურება სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს; მომავალშიც იმავეს გააგრძელებს, ვინც არ უნდა გამოვიდეს მისი საქმისა და არსებობის წინააღმდეგ. ასევე, ტოლერანტობის ცენტრი, წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სტუქტურულ ერთეულს არ წარმოადგენს“.
ინფორმაცია სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატზე საბჭოთა დიქტატორის, სტალინის გამოსახულების შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ. ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა. „ხატის შეურაცხყოფის“ გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც „ალტ-ინფოს“ მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.
11 იანვარს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ „ვინაიდან იოსებ სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც“.
17 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაიტანეს სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც „ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები“.