ევროპაში ყველაზე დიდი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური (ზაეს), რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერჰოდარში მდებარეობს, კვლავ რჩება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. უკრაინის დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას სადგურის ენერგობლოკების სახურავების შესაძლო დანაღმვისა და ბირთვული შანტაჟის შესახებ. საფრთხის მნიშვნელობიდან გამომდინარე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონი გააფრთხილა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „პროვოკაციების“ საფრთხის შესახებ.
„შევთანხმდით, რომ სიტუაცია მაქსიმალური კონტროლის ქვეშ გვექნება IAEA-თან (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) ერთად“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ.
4 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს აეს-ზე შექმნილი ვითარების გამო საგანგებო მიმართვაც გაავრცელა:
„მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია გლობალურ ყურადღებაზე, რომელიც მიმართული უნდა იყოს ატომურ სადგურზე მოქმედი ოკუპანტებისაკენ. რუსეთმა მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ხედავს, რა სცენარებისთვის ემზადებიან ტერორისტები და, რომ მსოფლიო მზადაა რეაგირებისთვის.
რადიაცია საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანს მსოფლიოში, ამიტომ ატომური ელექტროსადგური სრულიად დაცული უნდა იყოს რადიაციული ინციდენტებისგან. მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს აქვს საკუთარი სადაზვერვო და სხვა შესაძლებლობები, რომ ზუსტად იცოდნენ რა ხდება და ვინ არის დამნაშავე.
ახლა, ჩვენი დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ბლოკის სახურავზე მოათავსეს ნივთები, რომლებიც ჰგავს ასაფეთქებელ ნივთიერებას. ალბათ სადგურზე იერიშის სიმულაციისთვის. შესაძლოა სხვა სცენარიც აქვთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სამყარო ხედავს - შეუძლებელია ვერ ხედავდეს! - რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და არავინ სხვა.
სამწუხაროდ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ ტერაქტს დროული და მასშტაბიანი რეაგირება არ მოჰყოლია და ამან, შესაძლოა, შთააგონოს კრემლი ახალ ბოროტებაზე. ამის შეჩერება ყველას მოვალეობაა მთელ მსოფლიოში. ვერავინ გადგება განზე, რადგან რადიაცია ყველას შეეხება“.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის ადმირალ რობ ბაუერის თქმითაც, თუ რუსეთი მოაწყობს ტერორისტულ თავდასხმას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, მისი შედეგები „გასცდება უსაფრთხოების ჩვეულებრივ პრობლემას და გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე“
„თუ ეს მოხდება, მაშინ ეს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა იქნება, ვიდრე უბრალოდ სამხედრო საკითხი, რაც მნიშვნელოვანი მხოლოდ ნატოსთვისაა. ეს არის ის, რითაც მთელი მსოფლიო დაკავდება, რაც უზარმაზარ გავლენას მოახდენს ევროპაზე“, - თქვა ადმირალმა ბაუერმა LBC (Leading Britain's Conversation)-თან ინტერვიუში. მისი თქმით, სადგურის აფეთქება გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას.
„იმედი მინდა ვიქონიო, რომ რუსები ამას არ გააკეთებდნენ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მათ დააკარგვინებს მსოფლიოში მხარდამჭერთა დიდ ნაწილს“, - დასძინა ადმირალმა რობ ბაუერმა.
თუმცა რუსეთის ოფიციალური პირების განცხადება დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პროვოკაციებს, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზეც, კიევი გეგმავს. პესკოვმა ნიმუშად კახოვკის ელექტროსადგურის კაშხლის აფეთქება დაასახელა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი სადგურის მოსალოდნელი აფეთქების გამო პასუხისმგებლობის კიევისთვის დაკისრებას ცდილობს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსენერგოატომის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი რენატ ქარჩაა, რომლის ვრცელი კომენტარი გამოაქვეყნა რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-მა. რუსი ჩინოვნიკის თქმით, ზაეს-ის აფეთქება, თურმე, ნატოს ინტერესებში შედის.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შეფერხდა, - ამბობს რენატ ქარჩაა, - დასავლელი პოლიტიკოსები მზად არიან წავიდნენ ყველაფერზე. მათი აზრით, სადგურზე სპეცოპერაციის ორგანიზება, რომელიც გამოიწვევს ბირთვულ ინციდენტს, შექმნის კონფლიქტში ნატოს მონაწილეობის ლეგალურ საფუძველს. შემდგომში ეს იქნება კვალიფიცირებული, როგორც საფრთხე ევროპის და მთელი მსოფლიოს საზოგადოებისთვის. ამრიგად, ჩემი აზრით, ჩვენ ვდგავართ ბევრად უფრო სერიოზული მოვლენების წინაშე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ყალიბდება რუსეთის ფედერაციის, როგორც ბირთვული ტერორისტული აქტის განმახორციელებელი ქვეყნის იმიჯი. ეს არ არის პროვოკაცია, რადგან პროვოკაციაა მუქარის იმიტაცია. ამჯერად ისინი მუქარის იმიტაციას კი არა, მის რეალიზებას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ამის ალბათობა ისე მაღალია, როგორც არასდროს“.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსენერგოატომის“ წარმომადგენლის თქმით, კიევის დასავლელ პარტნიორებს არ სურთ მიიღონ რეალობა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური უკვე რუსეთის საკუთრებაა.
„ჩვენ ვხედავთ სამხედრო ძალების კონცენტრაციას ენერჰოდართან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინული ძალების რაოდენობა გასული თვის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა“, - განაცხადა რენატ ქარჩაამ.
ასევე ნახეთ უკრაინის 4 რეგიონის ანექსია რუსეთის ფედერაციის საბჭომაც "დააკანონა"რა ხდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ უჰლედარში მდებარეობს?
ზაპოროჟიეს აეს-ი ექვსი თვეა, რაც გაჩერებულია, არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. მხოლოდ ერთი, V ენერგობლოკი (სულ ექვსი ბლოკია) იმყოფება ცხელი გაჩერების რეჟიმში, დანარჩენი ხუთი ბლოკი ცივად არის გაჩერებული. როგორც ლუდვიგ ლიტვინსკი - უკრაინელი ფიზიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი და კონტროლის სისტემების სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრის ყოფილი დირექტორი განმარტავს, განსხვავება ამ ორ რეჟიმს შორის მხოლოდ იმ დროებშია, რომლებიც საჭიროა რეაქტორების დენის გამომუშავების რეჟიმში გადასაყვანად.
„ტერაქტის შემთხვევაში, სულერთია, რა რეჟიმით იქნება გაჩერებული რეაქტორი. რადგან ატომური რეაქტორიდან სითბოს გამოყოფა ძალიან „ეშმაკური“ რამაა. რეაქტორი, ელექტროჩაიდნისგან განსხვავებით, გამორთვისთანავე არ წყვეტს გაცხელებას. ატომური რეაქტორი სრული გაჩერების (ჯაჭვური რეაქციის შეწყვეტის) შემთხვევაშიც განაგრძობს სითბოს გამოყოფას, რაც საკმარისია იმისათვის, რომ გაგრილების სისტემის არარსებობის შემთხვევაში, სითბური აფეთქება გამოიწვიოს“, - ამბობს უკრაინელი ფიზიკოსი, რომლის თქმითაც, გაგრილების სისტემაზე ბევრად სახიფათოა რეაქტორის განყოფილების აფეთქება პირველი კონტურის დანგრევით ან ტურბინების განყოფილების დაზიანება მეორე კონტურის ნგრევით:
„ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ავარია გარემოში რადიაციის გაფრქვევით. წყალი არ არის ყველაზე სახიფათო და კრიზისული... კრიზისს ქმნის რუსეთის ჯარების ყოფნა. ეს არის მაიმუნი ხელყუმბარით ხელში, რაც ყველაზე მწვავე და უსიამოვნო ამბავია“.
ტერაქტის შემთხვევაში, როგორი იქნება დაბინძურების საზღვრები და მასშტაბი?
ლუდვიგ ლიტვინსკის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ტერაქტის სცენარსა და შემდგომ რეაგირებაზე.
„შეიძლება გლობალური მასშტაბი მიიღოს ანდა შემოიფარგლოს ლოკალური, სამრეწველო ზონით, ან სულ არ გასცდეს ენერგობლოკებს. ყველაფერი დამოკიდებულია რუსების მოქმედებაზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს აფეთქების შემდგომ რეაგირებას. ატომური ელექტროსადგურების დიდი ნაწილი, მათ შორის ზაპოროჟიეს აეს-იც, აშენებულია მათ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედების გაუთვალისწინებლად. მაქსიმუმ, ეს სადგურები გათვლილია მსუბუქი თვითმფრინავის დაცემაზე, მძიმეზეც კი არა. ამიტომ, როგორც წესი, თვითმფრინავების მარშრუტები გვერდს უქცევენ ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებს“, - ამბობს უკრაინელი ფიზიკოსი, რომლის თქმითაც, ზაპოროჟიეს სადგურის მწყობრიდან გამოყვანას სამხედრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ასევე ნახეთ კახოვკის კაშხლის დანგრევის დროს ჰესზე რუსი სამხედროების ჯგუფში იმყოფებოდა არსენ ფიცხელაურიც ("გრუზინი") - „სქემები“„ზაპოროჟიეს აეს-ზე ტერაქტი რუსეთის ჯარს უპირატესობას ვერ მოუტანს. პირიქით, დიდ ზიანს მიაყენებს თვითონ რუსეთს. არ მგონია, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგან, თუ ამას მაინც გააკეთებენ, ამის მიზანი იქნება უკრაინისთვის მაქსიმალური ეკონომიკური ზიანის მიყენება - სადგურის მწყობრიდან გამოყვანა ერთი ან რამდენიმე წლით. თუ კახოვკის კაშხლის აფეთქებაში გარკვეული სამხედრო შინაარსი იდო, დიდი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ ზაპოროჟიეს რადიოაქტიურ ავარიას არანაირი სამხედრო შინაარსი არ ექნება და ვერც ვერაფერს შეცვლის. ეს იმდენად აშკარაა ყველასთვის, რომ მისი აფეთქება ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია“, - ამბობს ლუდვიგ ლიტვინსკი - უკრაინელი ფიზიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი და კონტროლის სისტემების სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრის ყოფილი დირექტორი.
- ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერჰოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
- ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
- ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის „ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება“.