37 წლის მაია ოთინაშვილი ხურვალეთში საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. შეხვედრა ემოციური და ცრემლიანი იყო. ჯერ შვილებს ჩაეხუტა, შემდეგ დედასა და ეზოში მომლოდინე ნათესავებსა და მეზობლებს გადაეხვია. ძაღლიც, კუდის ქიცინით, სიხარულისგან აქეთ-იქით ღობეს მიაწყდა, შემდეგ მაიას ფეხებთან გაწვა და წკმუტუნი მორთო.
Your browser doesn’t support HTML5
11-დღიანი პატიმრობის შემდეგ მაია ოთინაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა 29 სექტემბრის დილა. თავიდან მოყოლა არ უნდოდა, მაგრამ შემდეგ თხოვნაზე დათანხმდა. თქვა, რომ თავისი ბაღიდან ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა გადაათრიეს. 4 დღის განმავლობაში ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იყო, შემდეგ კი საპატიმროში გადაიყვანეს. ოთინაშვილის ინფორმაციით, ცხინვალში ყოფნისას ის ორჯერ დაკითხეს. ე.წ. საზღვრის დარღვევას უარყოფდა, მაგრამ პირებმა, რომლებმაც გაიტაცეს, სხვა ჩვენება მისცეს. მაია ოთინაშვილი საპატიმროში მოინახულეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა. რაც შეეხება ოსური და რუსული მედიასაშუალებებით გასულ კვირაში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ცხინვალის საპატიმროში იყო გადაღებული, მაია ოთინაშვილის თქმით, მას საკნიდან გასვლა არ უნდოდა, მაგრამ საპატიმროს უფროსმა სთხოვა ვიდეოკამერების წინ გამოჩენილიყო იმის დასამტკიცებლად, რომ ცოცხალია. მაია ოთინაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის გათავისუფლებაში მონაწილეობდა.
ასევე ნახეთ მაია ოთინაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეშიმაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევა, აცხადებს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდ დააკავეს. მისი აზრით, ის ადამიანები უნდა დაისაჯონ, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს უსაფრდება და უკანონოდ აკავებს. გალინა ქელეხსაევას თქმით, მის შვილზე ფიზიკური ზემოქმედება გატაცების მომენტში მოხდა.
ვისაც რა შეეძლო, ის წვლილი შეიტანა. ჩვენ გვყავს დიდი სამეგობრო და ის აგური გვაქვს დადებული, რომლითაც ხალხს ერთმანეთთან პატივისცემა გვაკავშირებს. ამ მეგობრობის, ამ ურთიერთობის დახმარებით, ჭიდაობის დიდმა სამყარომ, სახელმწიფოსთან ერთად, შეძლო საქართველოს მოქალაქეები ოჯახებს დაბრუნებოდნენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, დღეს „ლენინგორის რაიონის“ სასამართლომ მაია ოთინაშვილი დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. მაია ოთინაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი საბრალდებო დასკვნას დაეთანხმა.საზღვრის დარღვევის გარდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების კომიტეტმა“ მაია ოთინაშვილს ბრალად დასდო თანხის სანაცვლოდ „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“ დახმარების გაწევა.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაია ოთინაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს, თუმცა საგუშაგოზე მათ გარდა იმყოფებოდნენ ქართველი სპორტსმენებიც: ყოფილი ფეხბურთელი ლადო ბურდული, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე. მათი თქმით, ოს კოლეგებთან არაფორმალური მოლაპარაკებების გზით მოხერხდა, რომ მაია ოთინაშვილი ოჯახს დაბრუნებოდა. ვეტერანი ფეხბურთელი ლადო ბურდული ამბობს, რომ სპორტსმენებს შორის ურთიერთპატივისცემა გახდა ამ საქმის წარმატებით დასრულების საფუძველი:
„ვისაც რა შეეძლო, ის წვლილი შეიტანა. ჩვენ გვყავს დიდი სამეგობრო და ის აგური გვაქვს დადებული, რომლითაც ხალხს ერთმანეთთან პატივისცემა გვაკავშირებს. ამ მეგობრობის, ამ ურთიერთობის დახმარებით, ჭიდაობის დიდმა სამყარომ, სახელმწიფოსთან ერთად, შეძლო საქართველოს მოქალაქეები ოჯახებს დაბრუნებოდნენ. ყველა გავერთიანდით, კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს სამეგობროსთან. გვქონდა ინფორმაცია, რა დროს გამოუშვებდნენ. გვარებს არ ჩამოვთვლი. ეს იყო სახელმწიფოსთან ერთად მეგობრული ურთიერთობა, ეს იყო მეგობრული პატივისცემა და ეს იყო დამკვიდრებული იმაზე, რომ მოჭიდავეები მეგობრობენ, ერთად ჭიდაობენ, გამოდიან ჩემპიონატებზე. ეს იყო ბევრი ქართველი მწვრთნელის დამსახურება. ისინი ქართველები არიან და ზუსტად ამ პატივისცემის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი“.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, თამაზ გეგეშიძის, განცხადებით, მეგობარი მოჭიდავეები გვერდში დაუდგნენ და ეს პრობლემა ერთობლივად მოაგვარეს. მას არ დაუკონკრეტებია ცხინვალიდან რომელი მოჭიდავეები დაუდგნენ გვერდში, თუმცა ბოლო დროს ქართველ მოჭიდავეებს ფოტო ჰქონდათ გადაღებული რუსეთის მოჭიდავეთა მთავარ მწვრთნელთან, ჯამბულათ თედეევთან, რომელიც წარმოშობით ცხინვალიდანაა. ამ ფოტომ დიდი სკანდალი გამოიწვია, რადგან მაისურები, რომლებიც მოჭიდავეებს ეცვათ, რუსეთის დროშის ფერებში იყო. ქართველი მოჭიდავეები რომ თედეევთან მეგობრობენ, ამას არც არასდროს უარყოფდნენ და, სავარაუდოდ, სწორედ ის ჩართეს ამ საქმეში. თედეევი ცხინვალში დიდი გავლენით სარგებლობს და ამ ნაბიჯით ქართველმა მოჭიდავეებმა ერთგვარი რეაბილიტაცია სცადეს იმათ თვალში, ვინც მათ აკრიტიკებდა.
ნებისმიერი მსგავსი უკანონობის და უსამართლობისას მთავარი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ, არის ის, რომ ადამიანი გათავისუფლდეს უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე.ქეთევან ციხელაშვილი
„მთავარია, ადამიანი ოჯახშია და ჯანმრთელადაა. ჩვენ, მოჭიდავეები, ქვეყნის ჯარისკაცები ვართ და ვეცადეთ, მეგობარი მოჭიდავეების დახმარებით, კარგი პირობები შეექმნათ დაკავებულებისთვის და ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ოჯახებს დაბრუნებოდნენ. ვეცდებით ეს მეგობრობა არ გავწყვიტოთ და კარგი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. მეგობარს რომ დაურეკავ, იქ მოლაპარაკება აღარ არის საჭირო. ერთმანეთს ვურეკავთ, ვმეგობრობთ“, – განაცხადა თამაზ გეგეშიძემ.
ხურვალეთში იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც გათავისუფლებულის ოჯახში დიდხანს შეყოვნდა და მისი პატიმრობის ყველა დეტალი დაწვრილებით გამოიკითხა.
ასევე ნახეთ ციხელაშვილი: მაია ოთინაშვილის გათავისუფლება 24 საათიანი მუშაობის შედეგია"ნებისმიერი მსგავსი უკანონობის და უსამართლობისას მთავარი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ, არის ის, რომ ადამიანი გათავისუფლდეს უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე, მაგრამ, ზოგადად, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ სამართლებრივი ჩარჩოდან და ჰუმანურობის პრინციპიდან ამოვარდნილი ასეთი ფაქტები საერთოდ არ ხდებოდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
9 ოქტომბერს საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, აკაკი დოთიაშვილი. იგი 6 ოქტომბერს, სოფელ კირალის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონლის მწყემსვისას, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და დღეს 2 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.