Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ხურვალეთელი მაია ოთინაშვილი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, გათავისუფლებულია სოფელ კირბალის მკვიდრი აკაკი დოთიაშვილიც. ორივე მათგანი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული. ოსურმა მხარემ მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი ქართველ პოლიციელებს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აკაკი დოთიაშვილი 6 ოქტომბერს დააკავეს, მაია ოთინაშვილი კი 29 სექტემბერს. ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების კომიტეტმა“ მაია ოთინაშვილის ბრალად დასდო თანხის სანაცვლოდ, „სამხრეთ ოსეთის“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“ დახმარების გაწევა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, „რესის“ ცნობით, დღეს „ლენინგორის რაიონის“ სასამართლომ მაია ოთინაშვილი დამნაშავედ ცნო და შეუფარდა ერთი წლით პირობითი სასჯელი ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. მაია ოთინაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი საბრალდებო დასკვნას დაეთანხმა.

XS
SM
MD
LG