„ქართული ოცნება“ იმეორებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენა, რისკენაც სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მიანიშნა, როდესაც პრორუსული "ალტინფოს" კითხვას ვრცლად უპასუხა და საქართველოს ხელისუფლების "ვაჟკაცობა" შეაქო.
- რას ნიშნავს ლავროვის ქება და რა რეაქციები მოჰყვა რუსი მინისტრის პირდაპირ ნათქვამსა თუ მინიშნებებს?
„ლავროვი დაგვცინის“, - ეუბნება პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში (2014-2018), თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების შინაარსზე მსჯელობისას. ლავროვის სიტყვები მისთვის აშკარა დემონსტრირებაა, რომ „რუსეთი საქართველოს არა ქვეყნად, არამედ მხოლოდ ტერიტორიად მიიჩნევს“.
„როცა ქვეყანა ოკუპირებული გაქვს, ყოველდღიურად იტაცებ მიწებს და ამ ქვეყნის ხელისუფლებას აქებ, ეს ჩვეულებრივი დაცინვაა - ხალხის, ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის, ყველაფრის. ეს არის დამოკიდებულება მსახურის მიმართ, რომელსაც შეგიძლია ხან თავში წამოარტყა, ხან გაჯოხო, ხან კიდევ - თავზე ხელი გადაუსვა და შეაქო“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე და ამატებს, რომ „ლავროვი ასევე დასცინის საქართველოს ეკლესიასაც“:
„გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, როდესაც ავტოკეფალია გააუქმა, რუსეთი ყოველთვის აბუჩად იგდებდა საქართველოს ეკლესიას. ვხედავთ, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში; რუსეთის პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს და ასე შემდეგ“.
ასევე ნახეთ „ეს პატივისცემას იწვევს“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს სანქციებსრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთს „ქართველ ხალხთან არავითარი პრობლემა არ აქვს“ და ასევე უდიდესი პატივისცემით ეკიდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც, ლავროვის სიტყვებით, ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.
ლავროვმა კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთის დახმარებით იზრდება. „გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია“, - აღნიშნა მან და იმედიც გამოთქვა, რომ „მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ“.
რაც შეეხება 2008 წლის ომს, როცა რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, ლავროვი მთლიანად ნატოს აბრალებს.
ასევე ნახეთ მდინარაძე ოპონენტებს ლავროვის განცხადების ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენებაში ადანაშაულებს ასევე ნახეთ კობახიძე: თუ [რუსეთთან] ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის18 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სერგეი ლავროვის განცხადებისა და ოპონენტების მწვავე რეაქციების შეფასება სთხოვეს.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მთავარია არა შეფასება, არამედ რეალობა და რეალობა არის ერთადერთი, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოქმედებს ერთადერთი მიზნით, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ ვინ როგორ შეგვაფასებს, იქნება ეს დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ამავე პასუხში პარალელები მოლდოვასთან გაავლო, - „მოლდოვა არის დე-სე-თე-ს წევრი ქვეყანა და მათი სიფრთხილე დასაშვებია, საქართველოს შემთხვევაში კი არც სიფრთხილე შეიძლება და არაფერი არ არის დასაშვები საქართველოსთვის. ასეთ პირობებში ცალსახაა ორმაგი სტანდარტი“.
რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენას, ასეთ პერსპექტივას კობახიძე მისასალმებელს უწოდებს და ამბობს, რომ „თუ [რუსეთთან] ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“.
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ფეისბუკში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც, ლავროვის განცხადებებზე საუბრისას, პოლიტიკურ ოპონენტებს რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაში ადანაშაულებს, წერს ასევე, რომ ოპოზიციას „რუსეთისგან - არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!“.
ამ შინაარსის კომენტარები სხვა დროსაც გაკეთებულა. მაგალითად, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დეკემბერში ასევე ხალხის ინტერესებით ახსნა ის ფაქტი, რომ ფრენების აღდგენაში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.
„სანქციების შედეგად, რუსეთის თვითმფრინავებს, საავიაციო პარკს დასავლური კომპანიები აღარ ემსახურებიან. ამიტომ რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებით ფრენა არის სახიფათო. არავის ვურჩევდი რუსული კომპანიების გამოყენებას ფრენებისთვის. თუ ფრენები აღდგება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ქართული ავიაკომპანიების მომსახურებით. არ ვიცი, რა გამბედაობის უნდა იყოს ადამიანი, რომ დღეს აიღოს ბილეთი და რუსულ თვითმფრინავში ჩაჯდეს“, - ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის, ამ ეტაპზე, სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა არა ავიამიმოსვლის აღდგენაზე ფიქრი, არამედ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება.
ვალერი ჩეჩელაშვილი ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტისა თუ ცალკეული ქვეყნების მიერ რუსეთი აღიარებულია „ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ“ და ამ ფონზე, არ გამორიცხავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა დასავლელი პარტნიორების მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ხელის შემშლელ ფაქტორად ჩაითვალოს.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას დაუჭირა მხარი„ევროკავშირი აუცილებლად გაამკაცრებს საკუთარ კრიტერიუმებს წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ეს, ბელგრადში ვიზიტის დროს, პირდაპირ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მან თქვა, რომ სერბეთს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მოუწევს არჩევნის გაკეთება - იქნება ის დასავლური სანქციების პოლიტიკის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ, თუ აირჩევს რუსეთის მხარეს.
იგივე მოთხოვნა გააჟღერა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების [წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები] სამიტზე. მან თქვა, რომ ელოდებიან მკაფიო პოზიციონირებას რუსეთთან მიმართებაში. ევროკავშირი ცნობილია თავისი თანმიმდევრულობით და გამორიცხულია, რომ ერთი რომელიმე კანდიდატის მიმართ ამოქმედდეს ეს პრინციპი და საქართველოს მიმართ - არა“, - გვეუბნება ჩეჩელაშვილი და დასძენს, რომ ლავროვის განცხადებების შინაარსი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს.
ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ლავროვის განცხადებებზე არანაკლებ პრობლემურია საქართველოს ხელისუფლების რეაქციები თუ მნიშვნელოვანი საკითხების ურეაქციოდ დატოვება.
„[საქართველო] დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის“ - ლავროვის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა თენგიზ ფხალაძისთვის „სულ მცირე, საეჭვოდ ემთხვევა“ საქართველოს ხელისუფლებისა და მისი თანამოაზრეების რიტორიკას დასავლეთის „გარკვეული ძალების“ მხრიდან ზეწოლისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის, საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, CNN-ის წამყვანის შეკითხვა მიუთითებს, რომ „მეორე ფრონტის" გახსნით სერიოზული ძალა არის დაინტერესებული18 იანვარს, იმავე „იმედი LIVE“-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნა“ „გლობალურ ომის პარტიას“ სურს. „ამას ჩვენ არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე. ეს არის ის, რასაც ვამბობთ ჩვენ ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ უბრალოდ ბოლომდე გვიჭირს კარტების გახსნა“, - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება "მეორე ფრონტის" საკითხს ყურადღების გადასატანად იყენებს„ხალხის ძალის“ რიტორიკა თანდათან სულ უფრო მკაფიოდ პრობლემური და დამაფიქრებელი ხდება ექსპერტებისთვის. 17 იანვარს, ყურადღება მიიპყრო „პალიტრანიუსის“ ეთერში, ამ ჯგუფის წარმომადგენლის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ „ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი“ და „თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამასაც ვიტყვით, არ მოგვერიდება“. ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება შესაძლებელია ანტიკონსტიტუციურად ჩაითვალოს, რადგან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიზანი კონსტიტუციაშია ასახული.