„წინასწარ არაფერს ვიტყვი“ - უპასუხო კითხვები რაჭის ტყეების გარშემო

რაჭის ტყეებზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ.

რაჭის ტყეებში შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაუქმებას გარემოს დაცვის სამინისტროსგან საპროტესტო აქციებით მოითხოვენ. სამინისტრო კი ირწმუნება, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კუთვნილი კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების პროცედურა დაწყებულია. თავად ხიდაშელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რაჭის ტყის სამონადირეო პროექტიდან გადის.

აქტივისტები არც სახელმწიფოს ენდობიან და არც ინვესტორს.

აქცია ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროსთან

რა ხდება?

„წინასწარ არაფერს გეტყვით“, - მოგვწერა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა. ის ამ ეტაპზე ინტერვიუზეც უარს ამბობს.

სხვა არაერთ კითხვაზე პასუხებს შორის, ჩვენ გვაინტერესებდა:

  • ვის ეკუთვნის ახლა კომპანია, რომელსაც მოპოვებული აქვს რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია?
  • რას ნიშნავს პროცესში ახალი ფიგურანტების გამოჩენა?
  • აცნობა თუ არა თავად ბიზნესმენმა ლიცენზიის მფლობელი კომპანიიდან გასვლის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, ამბობს, რომ მათთან შეთანხმების გარეშე ლიცენზიას ვერავინ გაყიდის და გააჩუქებს?
  • რა ეტაპზეა ახლა ხიდაშელის და სახელმწიფოს კომუნიკაცია?
  • რას გულისხმობდა „სახელმწიფოსთან არსებული გაუგებრობები“, რითაც აიხსნა დავით ხიდაშელის მიერ სამონადირო მეურნეობის "ბიზნესიდან გასვლის" განცხადება და ა.შ.

20 ნოემბრისთვისს საჯარო რეესტრში შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მფლობელობაში ცვლილებები არ იყო ასახული.

დავით ხიდაშელმა მოგვწერა, რომ „ინვესტიციას მშვიდობა და სათანადო პირობა სჭირდება“.

ასევე ნახეთ „ბიზონებს თუ მოაშენებენ, ჩვენ უნდა გადაგვაშენონ“, - რაჭველები ტყეების გასხვისების წინააღმდეგ

რას ამბობს გარემოს დაცვის სამინისტრო?

რადიო თავისუფლებას 20 ნოემბერს უწყებაში უთხრეს, რომ არც გარემოს დაცვის სამინისტროსა და არც ლიცენზიის გამცემ, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, დავით ხიდაშელისგან ჯერჯერობით დამატებითი განცხადება იმის შესახებ, რომ მან დატოვა, ან გაყიდა კომპანია, რომელიც ფლობდა ლიცენზიას, არ შესულა.

უცნობია, როგორ და რა პროცედურით აპირებს ბიზნესმენი ამ საქმიანობას ჩამოშორდეს.

სამინისტრო ირწმუნება, რომ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მათ ჯერ კიდევ მაისიდან დაიწყეს რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების პროცესი.

თუმცა, ამ განცხადებას 20 ნოემბერს „არსებითად მცდარი“ უწოდა ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრმა და განმარტა, რომმაისში წარმოება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაიწყო კომპანიის დაჯარიმების მიზნით, ხოლო ლიცენზიანტის მიერ პირობების შეუსრულებლობა და მისი სანქცირება აუცილებლად ლიცენზიის გაუქმებას არ გულისხმობს“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სამინისტრო სამართლებრივი დეტალებით მანიპულირებს, სინამდვილეში კი, მათი განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ ლიცენზიის პირობების შესრულებას უწევს მონიტორინგს, არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ:

„ლიცენზიის მოქმედების საკითხზე წარმოება ამ უწყებაში დაიწყო მხოლოდ 13 ნოემბერს. რადგან გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას უშუალოდ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა შედეგით დასრულდება სააგენტოში დაწყებული წარმოება და გაუქმდება თუ არა ლიცენზია“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით

ასევე ნახეთ გარემოს დაცვის სამინისტრო: “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”

გარემოს დაცვის სამინისტროში ვიკითხეთ, რა დროა საჭირო ლიცენზიის გასაუქმებლად.

სამინისტროს პასუხია, რომ „სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში“.

რა ვადებს ითვალისწინებს ეს წესი, სამინისტრო ამ კითხვას აღარ პასუხობს.

მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება

  • ვერც ლიცენზიის გაყიდვა,
  • და ვერც მისი გაჩუქება.

20 ნოემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გაიმეორა, რომ რაჭაში ტყე არ გაყიდულა და, რომ „არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა არ არის შესაძლებელი“.

მინისტრის განცხადებით, "ყველანაირი წინაპირობა არის იმისთვის, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად".

ოთარ შამუგიამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას სამონადირეო მეურნეობის მოწყობის დროს ტერიტორიაზე არანაკლებ 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა ჩაედო, მოეწყო შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; დასაქმებული ადამიანების 80%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა. ლიცენზიის მფლობელს ხელი არ უნდა შეეშალა მოსახლეობისთვის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს; ასევე, არამერქნული რესურსების მოპოვებისთვის. უნდა შეედგინა მართვის გეგმა, განეხორციელებინა შესაბამისი კვლევები და ა.შ.

რაც არ შესრულდა.

რას ედავებოდა უწყება ინვესტორს?

2023 წლის 21 ოქტომბერს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ რადგან ინვესტორმა, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, პირობები არ შეასრულა, სამინისტრომ ჯერ კიდევ მაისიდან დაიწყო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს „რაჭის ტყეების და მიმდებარე სოფლების გადაცემას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის“ და, რომ ამ ტერიტორიას მიენიჭება დაცული ტერიტორიის სტატუსი.

მინისტრის მოადგილემ მაშინ ისიც თქვა, რომ „მართვაში ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობაც“.

ასევე ნახეთ გარემოს დაცვის სამინისტრო: რაჭაში შეიქმნება განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორია

მანამდე, 2023 წლის 13 სექტემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” შეუჩერეს ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი.

სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზეა - ამ ტერიტორიის მესაკუთრე კი ვალდებულია, დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს თავისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა „ზურმუხტის ქსელი".

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანიას, სამინისტროში, საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენია:

„ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, „ზურმუხტის ქსელის" ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში... კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც „ზურმუხტის ქსელის" ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში", - ნათქვამია განცხადებაში.

2023 წლის ზაფხულში, ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იჩივლეს. „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვდა გაბათილებულიყო სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა. „მწვანე ალტერნატივა“ ამტკიცებდა, რომ ლიცენზიის გაცემამდე რისკები არავის შეუფასებია.

„კარგად იყვნენ უჩემოდ“

2023 წლის 15 ნოემბერს კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის.

დავით ხიდაშელმა „გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და თავისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო“, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზიის მფლობელი კომპანია გაყიდა.

კომპანიის თანახმად, ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება „სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს" უკავშირდება.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს“, - ეწერა კომპანიის განცხადებაში.

სახელმწიფოს მხრიდან რა შუსრულებელ ვალდებულებებს გულისხმობდა კომპანია?

ამ კითხვის პასუხად დავით ხიდაშელმა შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას" დირექტორის კახა ამისულაშვილის ოთარ შამუგიასადმი 2023 წლის 22 სექტემბერს გაგზავნილი წერილი გამოგვიგზავნა, რომელშიც წერია, რომ მაგალითად:

  • მიღებული ლიცენზიის პირობების შესაბამისად, კომპანიას უნდა გადაბარებოდა სალიცენზიო ფართობი, რის გამოც 2022 წლის 19 აპრილს, ჯერ კიდევ ვალდებულებების შესრულების დაწყებამდე, განცხადებით მიმართეს გარემოს ეროვნულ სააგენტოს და სთხოვეს მიღება-ჩაბარების პროცედურის დაწყება, რაც დღემდე არ მომხდარა.
  • შემდეგ სალიცენზიო ფართობში შევიდა ცვლილება, რის გამოც, შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ" მოითხოვა ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება 6 თვით, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.

კახა ამისულაშვილი ამავე წერილში წერს, რომ ამ და სხვა არაერთი მიზეზის გამო კი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის წარდგენა შეუძლებელი იყო.

ამონარიდი წერილიდან

ასევე ნახეთ „თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ" - ხიდაშელი ამბობს, რომ რაჭის სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის

„თუ ჩემი ინვესტიციები არ აინტერესებთ, კარგად იყვნენ უჩემოდ", - თქვა დავით ხიდაშელმა.

კომპანიის განცხადებიდან შევიტყვეთ ისიც, რომ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც“.

პრეისტორია - ლიცენზიის გაცემის ამბავი

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა.

„წინააღმდეგი ვართ, მაგაზე თანახმა ვინ იქნება? არაფერი გაგვიგია“, - უთხრა მაშინ რადიო თავისუფლებას ლამარა მაისურაძემ სოფელ წედისიდან.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიცა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა ინფორმაცია მედიით გავრცელდა.

მალე გაირკვა, „შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელმაც ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო და იქ ირმები და კავკასიური დომბა (ევროპული ბიზონი) მოეშენებინა.

ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია

გამოცემა „მთის ამბებმა“ მაშინ თავისი ჟურნალისტური გამოძიებით გაარკვია, რომ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 100 %-ს შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ ფლობს. ეს კომპანია საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. ჰყავს ორი დირექტორი - კახა ამისულაშვილი და რევაზ მაისურაძე, წილს კი მთლიანად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Global Victory Investments Limited-ი ფლობს, რომლის მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან.

დავით ხიდაშელის სახელი ასევე უკავშირდება დავითგარეჯთან დაკავშირებულ, რეზონანსულ „კარტოგრაფების საქმეს“.

სწორედ მან ჩამოიტანა მოსკოვიდან თბილისში რუკები, რომელთა საფუძველზეც დაიწყო პროკურატურამ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობის შედეგების კანონიერების შესწავლა და ამ რუკების გამო დასდეს ბრალი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში“.
თავად ხიდაშელი 2007-2014 წლებში რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი “სისტემის” ვიცე-პრეზიდენტი იყო - ეს არის კომპანია, რომლის წილის 49.2% ვლადიმირ ევტუშენკოვს ეკუთვნის, კიდევ 15.3% მისი ვაჟის, კომპანიის უფროსი მმართველი პარტნიორის, ფელიქს ევტუშენკოვის საკუთრებაა.
ევტუშენკოვსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, კარგი ნაცნობობა აკავშირებთ - 2022 წელს ინტერნეტში გავრცელდა მათი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. ერთ-ერთ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და მას „ბორინკად“ მოიხსენიებს.
ასევე ნახეთ „ხორბლის გარიგება“: რას ითხოვს სანქცირებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან?

ევტუშენკოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რუსი ოლიგარქია, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

„ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია ჩემი მეგობარია, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში“, - განმარტა დავით ხიდაშელმა თავის წერილში, რომელიც რაჭის ტყეებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, აპრილში გამოაქვეყნა.

ასევე ნახეთ „ვინც აგებს პასუხს, ისინი ჩამოვიდნენ“ - „რიონის მცველები“ რაჭის ტყის გასხვისებას აპროტესტებენ

რას ითხოვენ "რაჭის ტყის მცველები"?

რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას.

ეს მოთხოვნა „რიონის ხეობის მცველებმა“ თანამოაზრეებთან ერთად 27 სექტემბრიდან დააყენეს.

ქუჩის პროტესტი ჯერ რაჭაში, ქალაქ ონში დაიწყო, რამდენიმე დღის წინ, 18 ნოემბერს კი, თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროს წინ გადაინაცვლა. იმავეს მოითხოვენ რაჭის სათემო ორგანიზაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „მწვანე ალტერნატივა“, რაჭის ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი.

ვარლამ გოლეთიანი გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე

„რიონის ხეობის მცველებს“ არც დავით ხიდაშელის განცხადების სჯერათ და არც გარემოს დაცვის სააგენტოსი.

მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ „სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ორივეს მიზანი კი საზოგადოების პროტესტის განეიტრალებაა“.

აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც გარემოს დაცვის სამინისტროსთან დგანან და ხელმძღვანელ პირებთან მოითხოვენ შეხვედრას.

ასევე ნახეთ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს სამართალდამცავებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდებს:

  • გააკეთოს ცხადი და ერთმნიშვნელოვანი განმარტებები გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე წარმოების შინაარსის და მიზნის შესახებ;
  • განმარტოს, იგეგმება თუ არა ლიცენზიის გაუქმება, თუ განიხილება მისი სხვა კომპანიისთვის გადაცემის საკითხი.

ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს პატივი სცეს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში.