შემთხვევის ადგილზე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა რაკეტა Х-101-ის უკანა კორპუსის და საჭის ნამსხვრევები იპოვეს. რუსული რაკეტის ფრაგმენტებზე მკაფიოდ ჩანს საბრძოლო მასალის სერიული ნომერი, ხოლო თავად რაკეტის ფრენის ტრაექტორია და სიჩქარე, რაც შემთხვევით ვიდეოკამერის ობიექტივშიც მოხვდა, დაგეგმილ სარაკეტო იერიშზე მეტყველებს. უკრაინის ოფიციალურ ვერსიას დამოუკიდებელი ექსპერტებიც ემხრობიან.
რა მტკიცებულებები აქვს უკრაინულ მხარეს?
9 ივლისი უკრაინის დედაქალაქ კიევში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
რუსეთის მიერ წინა დღით მთელი უკრაინის მასშტაბით განხორციელებული მასირებული საავიაციო და სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტმა რაკეტამ" სამშაბათს მიზანში ამოიღო კიევი, დნეპროპეტროვსკი და კრივოი როგი ცენტრალურ უკრაინაში, ისევე, როგორც კრამატორსკი და სლოვიანსკი დონეცკის რეგიონში.
როგორ წინა იერიშების დროს, რაკეტების დიდი ნაწილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჰაერშივე გაანადგურეს, მაგრამ რამდენიმე მათგანმა მაინც მოახერხა მიზნამდე მიღწევა.
უკრაინის უსაფრთხოების უწყებამ განაცხადა, რომ საავადმყოფოს შენობაზე დარტყმა საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა Х-101-ით განხორციელდა. ამას ადასტურებს როგორც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცება, რაკეტის ნამსხვრევები, ისე უკრაინული მედიისა და სოციალური ქსელების მიერ გავრცელებული რამდენიმე ვიდეო.
"ეს უბრალოდ ჩანს სტოპ-კადრზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება არცთუ ისე ხარისხიანია, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ამ რაკეტას, შეგვიძლია ამოვიცნოთ მისი კონტური, შეგვიძლია დავინახოთ მცირე რეაქტიული ძრავა, რომელიც მიმაგრებულია რაკეტის უკანა ნაწილზე, ჩანს კუდისა და შუა ნაწილის ფრთები", - უთხრა რუსმა სამხედრო ექსპერტმა, იან მატვეევმა "ნასტოიაშჩეე ვრემიას".
რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივმა რუსულენოვანმა პროექტმა მაყურებელს უჩვენა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელზეც სავარაუდო რუსული რაკეტის მოხვედრის მომენტია დაფიქსირებული.
"საკმაოდ მნიშვნელოვანია ასევე მეორე ფაქტორი: ამ და კიდევ სხვა ვიდეოზე ისმის ერთგვარი სტვენის ხმა, რაც დამახასიათებელია სწორედ ასეთი ფრთოსანი რაკეტის რეაქტიული ძრავისთვის. ამ რაკეტას, უხეშად თუ ვიტყვით, ისეთივე რეაქტიული ძრავა აქვს, როგორც თვითმფრინავს. და ბოლოს, მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია დაზიანება და ნგრევა, რომელიც ამ რაკეტამ გამოიწვია. ეს არის ძალიან სერიოზული, მასშტაბური ნგრევა. ჩვენ ვხედავთ ამ ტოქსიკოლოგიური საავადმყოფოს თითქმის ნახევრად განადგურებულ კორპუსს, ვხედავთ, რომ თითქმის მთელი საავადმყოფოს ყველა ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. ეს ნიშნავს, რომ იქ [რაკეტაში] ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იდო", - დასძენს იან მატვეევი.
რუსული სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა Х-101-ის სასტარტო წონა 400-430 კილოგრამს შეადგენს. სტრატეგიულ ბომბდამშენ Ту-95МСМ-ს ერთბაშად 8 ცალი ასეთი რაკეტის აწევა და გაშვება შეუძლია. Х-101 მოდელის რაკეტები შექმნილია ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც ამცირებს მათ რადიოლოკაციურ შესამჩნევადობას, რის გამო უკრაინის საჰაერო თავდაცვა ყოველთვის ვერ ახერხებს ამ კლასის რაკეტების განადგურებას. როგორც კიევში მცხოვრები სამხედრო ანალიტიკოსი, თადარიგის პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე ამბობს, უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის მოსატყუებლად ბოლო ხანს რუსეთი იყენებს შერეული, ტალღოვანი საავიაციო დარტყმების ტაქტიკას.
"ჯერ აფრინდება ბომბდამშენების ერთი წყება, გამოუშვებს რაკეტებს, შემდეგ მეორე და ასე ტალღებად მოდის. მერე ამას, პარალელურად, აზავებენ ყირიმიდან, ბელარუსიდან და ბელგოროდიდან გამოშვებული დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით, რადგან რაღაცნაირად დაგაბნიონ. საჰაერო თავდაცვის სისტემისათვის ადვილია, როდესაც რაღაც ერთი ტიპის რაკეტები და დრონები მოფრინავენ, მაგრამ როდესაც საფრენი ობიექტები სხვადასხვა ტიპისაა, იმათ წინააღმდეგ ბრძოლა შედარებით ჭირს. იმ დღეს, 8 ივლისს, დაახლოებით 38 რაკეტა იყო გასროლილი და როგორც უკრაინის სამხედრო უწყება აცხადებს, მათგან 30-მდე ჩამოაგდეს. დანარჩენებმა კი მიზანს მიაღწიეს დნიპროსა და კიევში", - ამბობს არჩილ ცინცაძე.
ანალოგიური ტალღოვანი საჰაერო იერიში რუსეთმა უკრაინის სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30 მაისსაც განახორციელა.
ასევე ნახეთ
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა დრონებით და რაკეტებითგენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ცნობით, რვა საზენიტო მართვადი რაკეტა (С-300/С-400) იყო გამოყენებული ხარკოვის ოლქში. უკრაინის სხვა რეგიონებს სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან შეუტიეს 11 ფრთოსანი რაკეტით (Х-101/Х-555). გამოყენებული იყო „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატიც.
მანამდე ანალოგიური ბალისტიკური რაკეტებით რამდენჯერმე შეუტიეს კიევს, ხარკოვს, დნეპრსა და უკრაინის სხვა ქალაქებს.
ამასთან, ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის ქალაქებს ხშირ შემთხვევაში სწორედ ის მძიმე სტრატეგიული თვითმფრინავები უშენენ, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთს უკრაინამ გადასცა.
ასევე ნახეთ
რატომ გადასცა კიევმა რუსეთს ბომბდამშენები, რომლებიც რაკეტებს ესვრიან უკრაინის ქალაქებს?
რას აცხადებს რუსეთი?
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევში სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოზე დარტყმა უარყო და განაცხადა, რომ ნგრევა გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცის სისტემის რაკეტის ჩამოვარდნამ. მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომ კიევში მდებარე საავადმყოფო "ახმატდეტს" NASAMS-ის საზენიტო რაკეტა მოხვდა.
"როგორც ეს არაერთხელ მოსვლია უკრაინის საჰაერო თავდაცვას, მისი რაკეტები ხშირად სცდებიან კურსს და საცხოვრებელ კორპუსებსა და სოციალურ ინსტიტუტებს ხვდებიან. ამჯერად სწორედ ეს მოხდა ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
არანაირი მტკიცებულება ზახაროვას არ წარმოუდგენია. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის რაკეტის საავადმყოფოზე მოხვედრა, თურმე, თვითმხილველებმა დაინახეს.
უკრაინის არმიამ აშშ-ისგან და ნორვეგიისაგან რამდენჯერმე მიიღო დახმარების სახით საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის რაკეტები და მათი გამშვები დანადგარები და აქტიურად იყენებს მათ რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: საბრძოლო მზადყოფნაშია პარტნიორებისგან მიღებული NASAMS-ის დამატებითი სისტემებიმაგრამ საზენიტო-სარაკეტო სისტემის რაკეტები საჰაერო მიზნებისთვისაა განკუთვნილი და მოსკოვის მხრიდან, მიწისზედა სამიზნეებზე მათი შეცდომით მოხვედრაზე უაპელაციო საუბარი, როგორც სამხედრო ექსპერტი იან მატვეევი ფიქრობს, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
"სურათზე შეგიძლია ყველაფერი დახატო და მერე იძახო, რომ აი, ნახეთ, როგორ ეცემა რაკეტა მიზანსო. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ NASAMS-ის რაკეტას გადააქვს დაახლოებით 20-კილოგრამის საბრძოლო ნაწილი. და მისი ეს საბრძოლო ნაწილი ძირითადად შედგება მსხვრევადი ელემენტებისგან, ვინაიდან ეს რაკეტები განკუთვნილია თვითმფრინავების, დრონებისა და სხვა საჰაერო ობიექტების გასანადგურებლად. ამ რაკეტებში ცოტაა ასაფეთქებელი ნივთიერება და მას არ შეუძლია ისეთი დიდი მასშტაბის ნგრევის გამოწვევა, როგორიც 8 ივლისს კიევში ჩამოვარდნილმა რაკეტამ გამოიწვია. და გარდა ამისა, NASAMS-ის რაკეტას აქვს არა რეაქტიული, არამედ სარაკეტო ძრავა, რომელიც კვამლს გამოყოფს. და ესეც გამოჩნდებოდა იმ ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა", - ამბობს იან მატვეევი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცინიზმი უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ნგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია.
8 ივლისის საავიაციო იერიშების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში შეხვედრის გამართვა მოითხოვა და განაცხადა, რომ სამაგიერო გადახდილი იქნება რუსეთის "მასშტაბური" საჰაერო თავდასხმისთვისო.
9 ივლისს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მოხდა. თავდასხმის სამიზნე ამჯერადაც ნავთობის ბაზა და ელექტროქვესადგური იყო.
ასევე ნახეთ
რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევა იყორუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, 21 დრონი გაანადგურეს როსტოვის ოლქში, 5 - ასტრახანში, 3 - ბელგოროდში, 7 - კურსკის ოლქში და 2 - ვორონეჟში. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ
რუსეთის თავდაცვას სულ უფრო უჭირს უკრაინულ დრონებთან ბრძოლა