რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო, მათ შორის ნავთობის ბაზაზე.
ვოლგორადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის თანახმად, რუსმა სამხედროებმა დღვანდელი შეტევა მოიგერიეს, თუმცა, დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ქალაქ კალაჩის ნავთობის ბაზაზე და ქალაქ ფროლოვის ქვესადგურზე. რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ნავთობის ბაზაზე არავინ დაშავებულა.
დრონებით შეტევის გამო დროებით დახურეს ვოლგოგრადის აეროპორტი. ანალოგიურ ზომას მიმართეს რუსეთის ქალაქ ასტრახანის აეროპორტშიც. ასტრახანის ოლქის გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „უკრაინელმა ნაცისტებმა“ უპილოტო საფრენი აპარატებით სცადეს მასირებული შეტევა რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ობიექტებზე, თუმცა, შეტევა „წარმატებით მოიგერიეს“. გუბერნატორი ამ ობიექტებს და დრონების „მოგერიებით“ ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს არ აკონკრეტებს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როსტოვის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ ელექტროქვესადგურს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, 21 დრონი გაანადგურეს როსტოვის ოლქში, 5 - ასტრახანში, 3 - ბელგოროდში, 7 - კურსკის ოლქში და 2 - ვორონეჟში. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში".
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი