პროფკავშირების მუქარას საფრანგეთის ხელისუფლებამ რადიკალური გადაწყვეტილებით უპასუხა - კანის ფესტივალის დღეებში აიკრძალა საპროტესტო აქციები კრუაზეტის სანაპიროზე, ფესტივალის “წითელი ხალიჩის” მიდამოებში. თუმცა აქაური საავადმყოფოების თანამშრომლებმა მაინც დაარღვიეს შეზღუდვა და სასტუმრო “კარლტონთან“, სადაც მსოფლიო კინოს ვარსკვლავები ცხოვრობენ, მრავალათასიანი დემონსტრაცია გამართეს ლოზუნგით “არა საპენსიო რეფორმას”. კანის ფესტივალი კარგა ხანია კეკლუცობს გლამურისა და სოციალური სიმართლის ამ ნაზავით; ერთ მხარეს წითელი ხალიჩა, ძვირფასი ქვები და სმოკინგები, მეორე მხარეს - სიღარიბე და უთანასწორობის მიმართ გამოხატული პროტესტი - მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფესტივალის თავისებური მხატვრული სახეა, რომელსაც აქაური დირექცია ისევ ფესტივალის რეკლამისთვის იყენებს. მაგრამ წელს ორგანიზატორებს უფრო მეტად მოუხდათ თავის გამართლება, ვიდრე წინა წლებში. კინოფორუმის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელებში დაიწყო აქცია #CannesYouNot, რომლის ორგანიზატორებმა ფესტივალი ძალადობის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. “კანი ყოველთვის გამოირჩეოდა მოძალადე მამაკაცების მიმართ სიმპათიით”, - აღნიშნავენ ვირტუალური აქციის ავტორები და აქვეყნებენ ჯონი დეპის, რომან პოლანსკის, ვუდი ალენის, ლუკ ბესონის, ჟერარ დეპარდიეს ფოტოებს “წითელ ხალიჩაზე”... ამათგან ერთი, ჯონი დეპი უკვე ვიხილეთ ცრემლიანი თვალებით წლევანდელი ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე. რაც შეეხება ფესტივალის დირექციის პასუხს - ძალადობის მხარდაჭერის კატეგორიული უარყოფა კანის წლევანდელი ფორუმის საკონკურსო პროგრამის პასუხია - ამ ფილმებში ქალები არა მარტო თავს იცავენ მოძალადე სისტემისგან, არამედ გარკვეული თვალსაზრისით შურსაც იძიებენ მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრის გამო.
სამყარო რომ შეიცვალა და არა მხოლოდ “იცვლება” (როგორც ამას ამტკიცებს დამფრთხალი პატრიარქალური სისტემა. მათ შორის დღევანდელ საქართველოში), თუნდაც მარტინ სკორსეზეს ფერისცვალებაში ჩანს. ამდენი წლის განმავლობაში მისი “თეთრი კაცი” (სულერთია, რობერტ დე ნიროს პერსონაჟი იქნებოდა თუ ლეონარდო დი კაპრიოსი), ავტორისა და მაყურებლის თანაგრძნობას იწვევდა. სკორსეზეს ახალ ფილმში “ყვავილის მთვარის მკვლელები” (Killers of the Flower Moon) ეს კაცები ცალსახა ბოროტებას განასახიერებენ. არავითარი გამართლება არა აქვს ინდიელების ამოჟლეტას. ბოროტება ბანალურია და არ ცნობს ნიუანსებს. ეგაა, რომ ნიუანსებით ახლა უკვე არც სკორსეზეს კინოა მდიდარი. ვფიქრობ, ეს უკვე ინტერნეტის ეპოქის შედეგია. დიდი რეჟისორის ფილმი Apple TV-ის პროდუქტია. სტრიმინგი კინოს ცოცხალ კლასიკოსებსაც კი თავის წესებს უკარნახებს - მკაფიობა, დინამიკა, ხმაური (როგორც მუდმივი აკომპანიმენტი) და კამერის დაუსრულებელი წაფენები! სკორსეზე ამ თამაშში ჩაერთო... და მართალია მისი გვარის დანახვას ფილმის ტიტრებში კანის ფესტივალის პუბლიკა მქუხარე ოვაციებით შეხვდა, სამაგიეროდ სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა მომდევნო ტიტრს - Apple-ის გამოჩენას. მოგეხსენებათ, კანის ფესტივალზე უყვართ მხოლოდ ის ფილმები, რომელთა პრემიერა კინოდარბაზებისთვის არის განსაზღვრული.
ბოროტების ბანალურობის ახლებურმა გააზრებამ (უკრაინის ომის ფონზე), ვფიქრობ, თანამედროვე კინოენაზეც იმოქმედა. სამყაროს დანახვა პრინციპით “ერთი მხრივ, მეორე მხრივ”, რაც, მაგალითად, იაპონელმა რეჟისორმა კორეედამ შემოგვთავაზა კანის წლევანდელ კონკურსში, არა მარტო მოდაში აღარაა, არამედ რეაქციულადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ კანის 76-ე ფესტივალზე, კრიტიკოსთა გამოკითხვებში ლიდერობს ბრიტანელი რეჟისორის ჯონათან გლეიზერის “ინტერესების ზონა” - მარტინ ემისის რომანის ეკრანიზაცია. ფილმს აქვს ჰოლოკოსტის თემის ახლებური ინტერპრეტაციის პრეტენზია, თუმცა ვისაც რომანი წაკითხული აქვს, შეიძლება გაღიზიანდეს გლეიზერის სტილის დემონატრაციული სწორხაზოვნებით და ლიტერატურული პირველწყაროს ცოტა არ იყოს ზერელე წაკითხვით. სხვა საქმეა, როგორ ან რატომ უნდა მიაღწიო “ჩაღრმავებას” და ნიუანსების სიმდიდრეს, როცა შემზარავია თავად ამბავი ოსვენციმის ბანაკის ოფიცერზე, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად პირდაპირ ბანაკის კედელთან ცხოვრობს ფეშენებელურ ვილაში - სადილობს, მიირთმევს ცოლის მომზადებულ შტრუდელს, ეთამაშება ბავშვებს. კედლის იქიდან გაზის კამერებს კვამლი ასდით და ხანდახან ისმის ნაწამები ტყვეების ხმები...
ხმა, საერთოდ, გლეიზერის ფილმის მთავარი გამომხატველი საშუალებაა - სიტუაციის აბსურდულობას სწორედ ხმაში და ნაკლებად გამოსახულებაში (მთელი ფილმი საერთო ხედებზეა გადაღებული) შევიგრძნობთ. თუმცა, რომანისგან განსხვავებით, ყველაფერი ცხადი ხდება თითქმის პირველსავე ეპიზოდში. ამის შემდეგ იწყება მიგნებული სტილის ექსპლუატაცია, რასაც, სამწუხაროდ, ვერც საკონკურსო პროგრამის კიდევ ერთი ლიდერი, თურქი რეჟისორი ნური ჯეილანი გადაურჩა თავის ახალ ფილმში “გამხმარი ბალახის შესახებ”. აქ ამბავი აღმოსავლეთ ანატოლიაში ხდება, უკვე ჩვენს დროში. თუმცა პატრიარქალური სისტემა, თურქეთის ღარიბი რეგიონებისთვის დამახასიათებელი მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, კულტურული სტერეოტიპები, ქურთების პრობლემები თავს იჩენს სოფლის სკოლაში, სადაც ფილმის გმირი, ახალგაზრდა მასწავლებელი დღეებს ითვლის, ოცნებობს მალე დაასრულოს სამუშაო და საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდეს. უსიამოვნება მაშინ იწყება, როცა მას მოსწავლე გოგონას შევიწროებაში დაადანაშაულებენ. ჯეილანის თითქმის ოთხსაათიანი ფილმი, გრძელი და დაუნაწევრებელი კადრებით, ჭარბი დიალოგებით, სტილისტის ფილმია. მაგრამ სწორედაც რომ კარგად მოძებნილი ფორმა სადღაც მეორე ნახევარში თვითტკბობის შთაბეჭდილებას ტოვებს და სულ უფრო ძნელი ხდება მიჰყვე ავტორის სურვილს, მხედველობიდან არ გამორჩეს არცერთი თემა, აქტუალური თანამედროვე თურქეთისთვის.
ფესტივალის პირველ ნახევარში ნაჩვენებ საკონკურსო ფილმებს შორის აშკარად გამოირჩევა ფრანგი რეჟისორის ჟიუსტინ ტრიეს “დაცემის ანატომია” - ფსიქოლოგიური დეტექტივი, უაღრესად საინტერესო ფემინისტური აქცენტებით. სანდრა ჰულერი, რომელიც აქ ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მწერლის როლს ასრულებს, ნამდვილად იმსახურებს “პალმას” ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
საერთოდ ქალებმა კანის წლევანდელ ფესტივალზე გამორჩეულად იყოჩაღეს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ რეჟისორი ქალი გახდეს (მესამედ კანის ფესტივალის ისტორიაში) მთავარი “პალმის” ლაურეატი. მით უფრო სასიხარულოა ელენე ნავერიანის ფილმის “შაშვი შაშვი მაყვლის” წარმატებული პრემიერა სექციაში “თხუთმეტი კინემატოგრაფისტი”. ელენესთან ინტერვიუს ამ დღეებში შემოგთავაზებთ. მანამდე კი დაელოდეთ ჩვენს დღიურებს! წინ დიდი კლასიკოსების პრემიერებია.