- შესაძლებელია თუ არა აზრის გამოტანა 60-ტომიანი „კაბელების საქმიდან“ გასაჯაროებული რამდენიმე ათეული ფურცლის მიხედვით?
- ჰქონდა თუ არა უფლება ირაკლი კობახიძეს, „ბოლომდე ჩაეხედა" „კაბელების საქმის“ მასალებში?
- რით ჰგავს ან არ ჰგავს ეს ფაქტი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ 2014 წლის შემთხვევას?
- რა საგანგაშო ნიშნებს ხედავს არასამთავრობო სექტორი?
ვის შეეძლო ნახვა, ვის არ შეეძლო ნახვა
„უხეშად რომ ვთქვათ, მთავარმა პროკურატურამ თავის ვებსაიტზე საქმის დაახლოებით 60 ტომიდან მხოლოდ 60 ფურცელი გამოაქვეყნა და თუკი ამის მიხედვით რომელიმე იურისტი მსოფლიოში რამეს გაიგებს და მით უმეტეს - დასკვნებს გამოიტანს, მე სახალხოდ დიდ ბოდიშს მოვიხდი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან სამუშია, ადვოკატი, რომელიც „კაბელების საქმეს“ საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში უძღვებოდა.
ასევე ნახეთ "კაბელების საქმის" ადვოკატი პარლამენტის თავმჯდომარის გამოკითხვას ითხოვსლევან სამუშია დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გაკეთებული განცხადებით ირაკლი კობახიძემ დაადასტურა „კაბელების საქმის“ მასალებთან სხვა გზებით წვდომის ფაქტი, რაც უკანონოა და სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს.
- თუნდაც საერთოდ არ იყოს საქმე გრიფირებული და არ იყოს მიჩნეული სახელმწიფო საიდუმლოებად, მასალებზე წვდომა მაინც არ უნდა ჰქონოდა ირაკლი კობახიძეს, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს;
- ამის გაკეთება შეეძლოთ მხოლოდ პროცესში მონაწილეებს: ბრალდებულების დაცვის მხარეს, პროკურატურასა და სასამართლოს.
„დავინტერესდი, ჩავიხედე ბოლომდე“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ 5 თებერვალს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას. მისი თქმით, აღმასრულებელი მდივნობის პერიოდში, „კაბელების საქმის“ სამართლებრივი ანალიზით დაასკვნა, რომ მოხდა მკაფიოდ გამოხატული დანაშაული და საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე.
ამასთან, კობახიძის თქმით, მსჯავრდებულებს ფული არ წაუღიათ და, როგორც ჩანს, რეალურ დამნაშავეს პასუხი არ უგია.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩავიხედე ბოლომდე“ - ეს ფრაზა და დამაჯერებელი ტონი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს მიანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქმის გასაჯაროებულ მასალებზე მეტი აქვს ნანახი.
აქედან გამომდინარე, სალაძე პროკურატურის დამოუკიდებლობის ნაწილში „ღრმა და სისტემურ“ პრობლემასაც ხედავს:
- „მე რომ დღეს მოვითხოვო „კაბელების საქმის“ იმ ნაწილის მასალები, რასაც გრიფი აქვს მოხსნილი, არავინ მანახებს, რადგან არ ვარ ამ პროცესის მონაწილე;
- ბატონი კობახიძე „კაბელების საქმის“ მასალებს გაეცნო როგორც „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობაზე მყოფი პირი და მას ამ მხრივ კანონი რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას არ ანიჭებდა;
- ლოგიკურია დავსვათ კითხვები: რატომ უნდა გაცნობოდა საქმის მასალებს მმართველი პარტიის თანამდებობის პირი და რატომ უნდა ეჩვენებინა მისთვის ეს მასალები პროკურატურას?
ასევე ნახეთ „კაბელების საქმის“ მსჯავრდებულები სამართლებრივ დავას გათავისუფლების შემდეგაც განაგრძობენ
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ირაკლი კობახიძე საქმის მასალების მხოლოდ გრიფმოხსნილ ნაწილს გაეცნო და მისი სატელევიზიო კომენტარიც მხოლოდ ამას ეყრდნობოდა - „კაბელების საქმე იყო ნაწილობრივ გრიფირებული და რაც არ იყო გრიფირებული, იმაზე დაყრდნობით საუბრობდა ირაკლი კობახიძე“.
ასევე ნახეთ „კაბელების საქმის“ მასალებს გრიფი საიდუმლო მოეხსნარაც შეეხება მთავარი პროკურატურის პოზიციას, 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებას უწყება ამ ეტაპზე აღარაფერს ამატებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც გამოძიების ანდა შიდა მოკვლევის დაწყების საკითხი განიხილება.
რა აქვს ნანახი ბიძინა ივანიშვილს?
იმის დასტურად, რომ „კაბელების საქმეს“ მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ჩარევა და ინტერესი არასდროს აკლდა, ლევან სამუშია 2014 წლის შემთხვევას იხსენებს. მაშინაც დიდი ხმაური მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მიერ ასევე ტელეეთერში გაკეთებულ კომენტარს, რომელიც საქმის მასალებზე წვდომას ადასტურებდა.
Your browser doesn’t support HTML5
ლევან სამუშია განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ:
- 2014 წლის 8 ნოემბერს, როდესაც იმ ხანად უკვე ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საქმის დეტალების ცოდნა გამოამჟღავნა, მთლიანად საქმე იყო გრიფირებული;
- ადვოკატებს არ გვაცნობდნენ მაშინ საქმეს და დეტალები იცოდა ბიძინა ივანიშვილმა;
- ბიძინა ივანიშვილი, როგორც იმხანად თავად ამბობდა, მხოლოდ მოქალაქე იყო და შესაბამისად, არანაირი წვდომა არ უნდა ჰქონოდა გასაიდუმლოებულ მასალებთან.
„კაბელების საქმე სახელმძღვანელოშია შესატანი იმის საჩვენებლად, თუ როგორია პოლიტიკურად შეკერილი საქმე. ადამიანებისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ ისეთი საქმე გააკეთეს, მილიონები დაუზოგეს ბიუჯეტს და სამაგიეროდ, ეს ხალხი ციხეში ჩასვეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან სამუშიამ.
ასევე ნახეთ ალასანია ამბებს ამერიკაში ჩაიტანს
2016 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე და გიორგი ლობჟანიძე. მათ 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვისთვის შვიდწლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
2017 წლის იანვარში, სააპელაციო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო არა სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებიდან მალევე ყველა მსჯავრდებული პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.