ირანი და რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის „ზანგეზურის დერეფანზე“ ვერ თანხმდებიან

სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების საკითხი, „ზანგეზურის დერეფანი“, ირანისა და რუსეთის ურთიერთობებზეც მოქმედებს

ტრადიციულად ძლიერ მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს შორის ვითარება მსუბუქად დაიძაბა. მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებისთვის საკვანძო „ზანგეზურის დერეფანია“.

რამდენიმე კვირის განმავლობაში გაურკვეველი ვითარების, ირანში რუსეთის ელჩის დაბარებისა და მწვავე განცხადებების შემდეგ, მოსკოვმა განაცხადა, რომ თეირანს „საკუთარი პოზიცია განუმარტა“ და იმედოვნებს, რომ ამით საკითხი ამოიწურა.

თეირანს პასუხი ჯერ არ გაუცია.

ამ ამბის გამო ესკალაცია ვლადიმირ პუტინის ბაქოში ვიზიტის პარალელურად დაიწყო.

ლავროვი „ზანგეზურის დერეფანზე“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბაქოში ორი დღით 18-19 აგვისტოს ჩავიდა. ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დაკარგული პოზიციების დაბრუნების მცდელობა იყო.

სხვადასხვა საკითხთან ერთად - გაზის მიწოდება იქნება ეს, „ბრიკსში“ გაწევრებაზე განაცხადი თუ „3+3“ ფორმატი, - პუტინმა კვლავ ისაუბრა რუსეთის, როგორც შუამავლის როლზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

ასევე ნახეთ რატომ ჩავიდა პუტინი ბაქოში

ორ ქვეყანას სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ არ აქვთ ბოლოში გაყვანილი.

მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების: გზების, რკინიგზის გახსნაა, რაზეც რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას სხვადასხვა, საკუთარი ინტერესის შესაბამისი პოზიცია აქვს.

რუსეთის თანამდებობის პირების ბოლოდროინდელი განცხადებები თეირანში აღიქვეს, როგორც ამ საკითხზე - „ზანგეზურის დერეფანზე“ მოსკოვის პოზიციის ცვლილება.

სერგეი ლავროვი და ილჰამ ალიევი. 2021 წლის 10 მაისი

პუტინის ვიზიტის პარალელურად, 19 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა სომხეთის პოზიცია „ზანგეზურის დერეფანზე“ და იგი რუსეთის მედიაციით 2020 წელს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების „საბოტაჟში“ დაადანაშაულა.

„სწორედ სომხეთის ხელისუფლება ახდენს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმოწერილი შეთანხმების საბოტაჟს. რთულია ასეთი პოზიციის გაგება“, - განაცხადა ლავროვმა.

ამ განცხადებამ ირანში შეშფოთება გამოიწვია.

თეირანის წუხილი

ადგილობრივი მედიის თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლავროვის ამ რემარკის გამო თეირანში რუსეთის ელჩი დაიბარა განმარტებების მისაღებად.

ირანის ნახევრად სამთავრობო მედიამ, „ტასნიმმა“, ასევე დაწერა, რომ მოსკოვში ირანის ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაიმეორა თეირანის უკმაყოფილება.

„ირანში ექსპერტები ურჩევენ რუსეთს, რომ გაითვალისწინონ, თეირანი ეწინააღმდეგება ნებისმიერი დერეფნის შექმნას, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს ნახიჭევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით, და რუსებს არ უნდა უკვირდეთ ირანის ლეგიტიმური, ცხადი და უცვლელი პოზიციები ამ საკითხზე“, - დაწერა სააგენტომ 4 სექტემბერს.

სექტემბრის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის დიპლომატი, მოჟთაბა დემირჩილუ რუსეთის ელჩს შეხვდა ირანში, რათა განეხილა „კავკასიაში მიმდინარე მოვლენები“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კვალდაკვალ, ირანელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა „ირანის ძლიერ წინააღმდეგობას რეგიონში რაიმე სახის გეოპოლიტიკური ცვლილების მიმართ“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ 5 სექტემბერს სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „ჩვენი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისადმი ნებისმიერი საფრთხე ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან … არის წითელი ხაზი ირანისათვის“.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ირანელი პარლამენტარები და მთავრობის დაქვემდებარებული მედიასაშუალებები ღიად გმობდნენ მოსკოვის პოზიციას მომდევნო დღეებში.

6 სექტემბერს სომხეთში ირანის ელჩმა, მეჰდი სობჰანიმ, გამორიცხა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ დერეფანს, რომელიც დაარღვევს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ეს ეწინააღმდეგება სომხეთისა და ირანის ინტერესებს“.

ნიკოლ ფაშინიანი და ირანის ახალი პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი. 2024 წლის 30 ივლისი

„ოცნებები, რაც ვიღაცებს აქვთ სომხეთთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახელდებით, მათ შორის ეგრეთ წოდებული დერეფნის შესახებ, არასოდეს ახდება“, - განაცხადა მან.

მოსკოვი ახლა თეირანის დამშვიდებას ცდილობს.

„ცხადია, რომ ანტირუსული საინფორმაციო კამპანია შთაგონებული იყო კონკრეტული წრეების მიერ, რომლებიც იყენებენ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე აბსურდულ შესაძლებლობას, დათესონ უთანხმოება მოსკოვისა და თეირანის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობაში“, - განაცხადა 11 სექტემბერს მარია ზახაროვამ.

„მედიის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები არსებული გეოპოლიტიკური საზღვრების ცვლილების შესახებ და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რეალობას არ შეესაბამება“, - თქვა მან.

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

მედიის თანახმადვე, მსგავსი პოზიცია მოისმინა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს უმაღლესმა მდივანმა, ალი აკბან აჰმადიანმა, სანქტ-პეტერბურგში თავდაცვის მინისტრისგან, სერგეი შოიგუსგან. ირანული სააგენტო Mehr-ის თანახმად, შოიგუმ აჰმადიანს უთხრა, რომ რუსეთი „ერთგული რჩება თეირანთან წინა შეთანხმებებისა“ ახალ სატრანზიტო კავშირებთან დაკავშირებით.

მარია ზახაროვამაც განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციას „არავითარი ცვლილება არ განუცდია“. მისი თქმით, რუსეთს მხოლოდ ის სურს, რომ სომხეთი დაემორჩილოს 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-9 პარაგრაფს.

მაგრამ საკამათო სწორედ ისაა, ვინ როგორ კითხულობს შეთანხმების ამ პუნქტს.

შეთანხმება და ჩანაწერი

2020 წლის 9 ნოემბერს, როდესაც მოსკოვის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა, მხარეებმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

კრემლის მიერ მაშინ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების მე-9 პუნქტში წერია, რომ „რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო ხაზი განიბლოკება“. სრული ჩანაწერი კი ასეთია:

  • „სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო ხაზების უსაფრთხოებას, რათა მოახდინოს მოქალაქეების, ავტომობილებისა და ტვირთის შეუფერხებელი მოძრაობა ორივე მიმართულებით“;
  • „სატრანსპორტო კომუნიკაციის კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო დაცვის სამსახური“;
  • „მხარეთა შეთანხმებით, იწყება ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმების ეს ვერსია ეჭვქვეშ დააყენა.

ვლადიმირ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი. 2020 წლის 31 ოქტომბერი. სოჭი

„სომხეთი მზად არის, რომ [აზერბაიჯანის ნახიჭევანთან] დაკავშირება უზრუნველყოს და უზრუნველყოს [ამ დამაკავშირებელი ზოლის] უსაფრთხოება, როგორც 9 ნოემბრის მე-9 პუნქტშია მითითებული. მაგრამ სად წერია, რომ რუსეთის ფსბ უნდა აკონტროლებდეს მთელ გზას? ასეთი ჩანაწერი არ არსებობს“, - განაცხადა მან 11 სექტემბერს.

სომხეთს შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნებული არ აქვს.

„ზანგეზურის დერეფნის“ ბაქოს, მოსკოვისა და ანკარისეული ხედვის საპირისპიროდ, ერევანი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივით გამოდის. ეს ინიციატივა ნიკოლ ფაშინიანმა პირველად თბილისში წარადგინა 2023 წლის ოქტომბერში.

ასევე ნახეთ „მშვიდობის გზაჯვარედინი“ - რას სთავაზობს ფაშინიანი მეზობლებს

თვეების განმავლობაში აზერბაიჯანი ზეწოლას ახორციელებდა სომხეთზე „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის მოთხოვნით, თუმცა 2024 წლის ზაფხულში ბაქომ თქვა, რომ ეს საკითხი უკანა პლანზე გადასწია.

2024 წლის აგვისტოს დასაწყისში ელჩინ ამირბაიოვმა, აზერბაიჯანის სპეციალურ დავალებათა ელჩმა, - რომელიც ღრმად არის მოლაპარაკებებში ჩართული, - რადიო თავისუფლების ცენტრალურ სამსახურს უთხრა, რომ ბაქომ და ერევანმა გადაწყვიტეს, სატრანსპორტო კომუნიკაციების საკითხი - ყველაზე საკამათო საკითხი, - გვერდით გადადონ და არ გახადონ იგი ძირითადი სამშვიდობო ხელშეკრულების ნაწილი.

პუტინის ბაქოში ვიზიტიც და ლავროვის განცხადებაც, - რამაც ირანის წყრომა გამოიწვია, - ამის შემდეგ შედგა.

„ზანგეზურის დერეფნის“ საკითხის სამშვიდობო შეთანხმების მიღმა განხილვა რუსეთის გავლენას კიდევ უფრო ასუსტებს; მოსკოვის გადმოსახედიდან, სწორედ ის უნდა აკონტროლებდეს „დერეფანს“, - რაც, ბოლო პერიოდში რუსეთთან დისტანცირების ფონზე, წითელი ხაზია სომხეთისათვის.

ირანს ქალაქ კაპანში, - სომხეთის სიუნიქის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ანუ იქ, სადაც „ზანგეზურის დერეფანმა“ უნდა გაიაროს, - საზღვრიდან ასიოდე კილომეტრში უკვე თითქმის ორი წელიწადია, მეორე საკონსულო აქვს გახსნილი.

მოგვიანებით, 4 სექტემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანთან კვლავ საუბრობენ „კომუნიკაციების გახსნაზე“, თუმცა მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ეს კომპანია, ერევნის პოზიციით, აშშ-სა ან ევროპაში უნდა იყოს რეგისტრირებული.

თეირანის გადმოსახედიდან, „ზანგეზურის დერეფანი“ კავკასიისათვის მის მნიშვნელობას უკარგავს.

თეირანი-მოსკოვი

ირანისა და რუსეთის ურთიერთობები სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობით ხასიათდება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში.

  • ირანმა და რუსეთმა გააძლიერეს სამხედრო თანამშრომლობა, - თეირანი მოსკოვს აწვდის ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს, რასაც მოსკოვი უკრაინაში ომში იყენებს;
  • სულ ახლახან, შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციების მორიგი პაკეტი დაუწესა რუსეთისათვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო, - რასაც თეირანი უარყოფს;
  • ისევე, როგორც ანტიდასავლურ რიტორიკას, დასავლური სანქციებისგან თავის დაღწევის სურვილსაც ორივე ქვეყანა იზიარებს, რაც მათ მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას განაპირობებს ენერგეტიკის, იარაღით ვაჭრობის, ავიაციისა თუ სხვა სექტორებში;
  • ირანი და რუსეთი მოკავშირეები არიან ახლო აღმოსავლეთში, სირიისა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტებში;

თუმცა, როგორც ჟურნალი Foreign Affairs-ი წერს, საერთო ჯამში, მათ ურთიერთობას სიტყვები, „პრაგმატული პარტნიორობა“ უკეთ აღწერს, ვიდრე „ახლო მეგობრობა“.

გარდა „ზანგეზურის დერეფნისა“, კიდევ ერთი საკითხი, რაც თეირანს ბოლო პერიოდში მოსკოვისგან აწუხებს, სპარსეთის ყურეში მდებარე სადავო კუნძულების შესახებ რუსეთის დამოკიდებულებაა.

2 სექტემბერს ირანის სახელმწიფო მედია იუწყებოდა, რომ ირანმა თეირანში რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და არაბულმა ქვეყნებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ეჭვქვეშ დააყენეს ირანის პრეტენზიები სპარსეთის ყურეში სადავო კუნძულებზე.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, IRNA-ს თანახმად, 1 სექტემბერს ირანის საგარეო უწყებაში დაბარებულ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს მოსკოვში გადასაცემად.

IRNA-ს ცნობითვე, საპროტესტო ნოტაში გამოთქმულია თეირანის პროტესტი მაროკოში არაბულ-რუსული თანამშრომლობის მე-6 ფორუმის განცხადების გამო, - განცხადებისა, რომელიც მოუწოდებდა მხარეებს ირანსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის კუნძულების გამო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ.

მანამდე 1 სექტემბერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ტელეფონით უთხრა, რომ „ქვეყნების სუვერენიტეტისა და მთლიანობის პატივისცემა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია“.

წელს ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა ირანმა რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა სადავო კუნძულების შესახებ კომენტარების გასაპროტესტებლად.

ასევე ნახეთ ირანმა თეირანში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა სადავო კუნძულების შესახებ განცხადების გამო