ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტი მოულოდნელად დატოვა. ოპოზიციურ და სამთავრობო მედიაში იუწყებიან, რომ მომავალი პრემიერი კობახიძე იქნება. მისი კანდიდატურის განხილვას „ოცნებაშიც“ ადასტურებენ. თავად ორი დღეა, მედიასთან არ ჩნდება.
მოკლედ გიამბობით, რა ვიცით ირაკლი კობახიძეზე.
მაგისტრი, ლექტორი, დოქტორი, პროფესორი
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი... აქ შევჩერდები, ბევრს არ გავაგრძელებ, გახლავართ მე, ირაკლი კობახიძე, სიის მესამე ნომერი“, - ასე წარადგინა ირაკლი კობახიძემ საკუთარი თავი 2020 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საარჩევნო სია გაასაჯაროვა.
აკადემიური საქმიანობა მის ბიოგრაფიაშიც დიდ ნაწილს იკავებს და მის ახლანდელ ცხოვრებაშიც.
კობახიძე, რომელიც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, 2005 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ჯერ ასისტენტ-პროფესორი იყო, შემდეგ ასოცირებული პროფესორი, შემდეგ კი სრული პროფესორი.
სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი 2006 წელს მიენიჭა დიუსელდორფის უნივერსიტეტში, გერმანიაში.
2008 წელს გამოსცა სახელმძღვანელო: „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“; 2019 წელს კი - „კონსტიტუციური სამართალი“.
წლების შემდეგ ის საკუთარ სახელმძღვანელოებში გამოხატულ აზრებს დაუპირისპირდება:
- 2008 წლის წიგნში დაუშვებელს უწოდებს პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო, 2020 წელს კი თვითონ გაამართლებს კანონპროექტს, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს;
- 2019 წლის წიგნში ის „არაკონსტიტუციურს“ უწოდებს უმაღლესი პოლიტიკური პირების მხრიდან ისეთ განცხადებებს, რომლებიც ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას შეეხება; 2023 წელს კი კბილებით დაიცავს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის შეფასებით, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს აზიანებს.
მწერალი - „ედელვაისის“ ძიებაში
ბედი მხატვრულ ლიტერატურაშიც სცადა.
გერმანიაში სტუდენტობისას დაწერა „ზღაპარი პატარა დიდებისთვის“, რომელიც პირველად 2009 წელს გამოსცა. წიგნის სათაურია „დაბრუნება ტერანუოვაში“.
გამოგონილი ქალაქი ტერანუოვა - ლათინურად „ახალი მიწა“ - ჩრდილოეთ იტალიაში, ალპებშია. ლეგენდის თანახმად, იქ ხარობს ედელვაისი - „თეთრზე უთეთრესი“ უკვდავების ყვავილი.
ედელვაისის საძებნელად წასული პერსონაჟი, ჯოაკინო სარტი, უკვდავების ყვავილს ვერა, მაგრამ ოქროს საბადოებს კი პოულობს. ეს აღმოჩენა სარტისა და თანამოაზრეებს ჯადოსნური ყვავილის ისტორიას დაავიწყებს.
მატერიალისტური აქაც სძლევს იდეალისტურს.
„წიგნი სწორედ ამაზეა - შეძლო და დაინახო ზღაპარი რეალურ ცხოვრებაში, წაშალო ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის“, - წერს ავტორი წინასიტყვაობაში („ოცნებას ამ შემთხვევაში არ აქვს პოლიტიკური დატვირთვა“, - იტყვის კობახიძე ათი წლის შემდეგ, 2019 წელს).
რომანის ერთ-ერთ ეპიზოდში ქალაქს ეწვევა ოთხი რომაელი, რომლებიც „ათ სკოლის ბიჭს, რომელსაც ყველაზე მეტი წიგნი ექნება წაკითხული“, სამუშაოზე აყვანას დაჰპირდებიან - კარგი პირობებით:
„სამი თვის განმავლობაში თითოეული ერთ მეწველ ძროხას, ათ ქათამს, სამ ჰექტარ სათეს მიწას და ას კილოგრამ სათესლე სიმინდს მიიღებს“.
- „კი მაგრამ, ამის ფასი რა უნდა გავაკეთოთ?“ - ინტერესდება ერთ-ერთი პერსონაჟი.
- „წყალი უნდა ნაყოთო“, - უპასუხებენ.
ბიჭებიც, „რკინის ნებისყოფის წყალობითა და გულუხვი გასამრჯელოს იმედით“, დღეში რვა საათს ატარებენ ქვასანაყებით მდინარეში წყლის ნაყვაში.
„სხვა რა გზა ჰქონდათ, უნდა მოეთმინათ“.
„ტერანუოვას“ მრავალ პერსონაჟს შორის მკითხველი თავიდანვე იცნობს სიგიზმუნდ მესაას, დონ კონსეოს ერთგულ და დაუზარელ მსახურს. მას ავტორი ასე ახასიათებს: „ოსტატის ნებისმიერ ნათქვამზე ყურადღების გამახვილება სიგიზმუნდს თავის პირდაპირ მოვალეობად წარმოედგინა“.
წიგნი 2018 წელს ხელახლა გამოსცეს.
ამბობს, რომ რაც პოლიტიკაშია, „ლიტერატურული მისწრაფებებისთვის“ დრო არ რჩება.
„ენჯეოების“ ყოფილი დასაქმებული - „ენჯეოების“ წინააღმდეგ
პოლიტიკაში შესვლამდე დიდხანს მუშაობდა არასამთავრობო სექტორში:
- 2000-01 წლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი იყო;
- 2006-2014 წლებში კი გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) მუშაობდა პროექტის ექსპერტად და პროექტის მენეჯერად.
ეს ორივე ორგანიზაცია დღემდე მნიშვნელოვანი დონორია არასამთავრობო სექტორში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხშირად საყვედურობს და თავს ესხმის - ვერბალურად.
2023 წელს, როდესაც „ოცნების“ მთავრობის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის“ სცენარზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, სწორედ ამერიკულ USAID-ს დაადო ხელი.
კობახიძემ ყოფილ დამსაქმებელს უსაყვედურა და განაცხადა: „დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“.
„ოცნების“ ეს რიტორიკა, აშშ-ის წინა თუ ახალი ელჩების მიერ „სასაცილოდ“ მოხსენიებისა და მტკიცე უარყოფის მიუხედავად, დღემდე არ გამქრალა.
ირაკლი კობახიძე, რომელსაც 9 წელი მაინც აქვს გატარებული არასამთავრობო სექტორში, ხშირად გამოდის „ენჯეოების“ - ის თავად იყენებს ამ ტერმინს დამაკნინებელი კონოტაციით - წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს „ომში ჩათრევის მცდელობების“ შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიაშიც აქვთ ადგილი გამოყოფილი
„მდიდარი „ენჯეოები“ არც საქართველოს, არც ამერიკის და არც ევროპის ინტერესებს არ ემსახურებიან. სინამდვილეში, ისინი ემსახურებიან „გლობალურ ომის პარტიას“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა“, - ირაკლი კობახიძე, 2023 წლის 30 ოქტომბერი.
ასევე ნახეთ ბაქო, თბილისი, სოხუმი - ვინ და რატომ ებრძვის USAID-სპოლიტიკაში - ოჯახური ტრადიციით
UNDP-დან წამოსვლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ უკვე ოფიციალურად გადავიდა.
შეიძლება ითქვას, პოლიტიკა ოჯახური საქმეა: მამა, გიორგი (გია) კობახიძე მესამე-მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან“; იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც.
მოგვიანებით გია კობახიძე ნინო ბურჯანაძის პრორუსულად მიჩნეული „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. პარტიაში იყო 2015 წლამდე.
როდესაც შვილი „ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე წარადგინეს, „დემოკრატიული მოძრაობა“ და პოლიტიკა დატოვა - მიზეზად „სახელმწიფო ინტერესებისა და ეთიკის ნორმების პატივისცემა“ დაასახელა.
ამჟამად გია კობახიძე საქართველოს რაგბის კავშირშის გამგეობის წევრია. რაგბის კავშირის დირექტორი კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი, სოსო ტყემალაძეა. 2021 წელს ის საპროტესტო დემონსტრაციისა და დაპირისპირების ფონზე აირჩიეს.
აღმასრულებელი მდივანი
როდესაც უმცროსი კობახიძე 2015 წელს „ოცნებაში“ აღმასრულებელ მდივნად წარადგინეს (ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი შეცვალა), მან თქვა:
„როდესაც შეიქმნა პარტია „ქართული ოცნება“, ჩართული ვიყავი ანალიტიკურ მუშაობაში, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი ვიყავი ჯერ კიდევ [2012 წლის] საპარლამენტო არჩევნებამდე და ამის შემდგომ მქონდა მუდმივი კონსულტაციები სხვადასხვა ინტენსივობით პარტიასთან“.
თუმცა აქტიურად სწორედ 2014-15 წლებში გამოჩნდა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც „ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილის ახალი გუნდით წარდგა ამომრჩევლის წინაშე, საარჩევნო სიის მესამე ნომერი იყო; ამავდროულად, იყო პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის, კახა კალაძის მოადგილე. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე თავად იყო საარჩევნო შტაბის უფროსი.
პარლამენტის სპიკერი
„ოცნების“ გამარჯვების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. იმ არჩევნებში „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რის შემდეგაც კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, სათავეში ედგა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც 2017 წელს მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს კონსტიტუცია.
2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სპიკერის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა, რასაც მღელვარე საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. დემონსტრაციები ძალის გამოყენებით დაარბიეს - რასაც რამდენიმე ადამიანის თვალი ემსხვერპლა. კობახიძე დარბევის მეორე დღეს, 21 ივნისს, პოსტიდან გადადგა.
მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც ითხოვდნენ დემონსტრანტები, მალე პრემიერი გახდა.
- კობახიძე 2020 წელს, როდესაც გახარია პრემიერად დაასახელეს: „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“.
- კობახიძე, მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგა და „ოცნება“ დატოვა: „გუნდის შიგნით მისი მეტსახელი იყო „ბოლი““; „ვიღაცებს ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი“.
„ოცნების“ თავმჯდომარე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე 2021 წლის 16 იანვარს აირჩიეს, - რასაც წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შესახებ განცხადება.
ამ აზრით, ის გახდა ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე.
მის თავმჯდომარეობას დაემთხვა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რის შემდეგაც „ოცნების“ რიტორიკა უფრო ცხადად ანტიდასავლური გახდა.
შიდა პოლიტიკაში პოლარიზაციამ უკიდურეს ნიშნულებს მიაღწია. „ჩვენი პრინციპი მარტივია: არც ერთი ნაცი არც ერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2023 წლის მაისში.
შეურიგებლობა პოლიტიკურ ოპოზიციასთან, დეზინფორმაციის კამპანია „ომში ჩათრევასა“ და „სახელმწიფო გადატრიალებაზე“, მედიისა და არასათავრობოების წინააღმდეგ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი, კამპანია აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ - ეს ყველაფერიც მისი თავმჯდომარეობის პერიოდს ახასიათებდა.
რას აკეთებს ახლა?
ბოლო პერიოდში ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორებთან: უნგრეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.
9 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ, 5-დღიანი ვიზიტი დაიწყო უნგრეთში. იქ ყოფნისას განაცხადა, რომ უნგრეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასეც მოხდა. უნგრეთი მხოლოდ უკრაინის შემთხვევაში გაჯიუტდა.
2024 წლის 14-20 იანვრის პერიოდში ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. კობახიძის თანახმად, გარდა ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობისა, - რაზეც აქამდე ტრადიციულად იყო აქცენტები, - ოფიციალურ შეხვედრებზე საუბარი პოლიტიკურ თანამშრომლობასაც შეეხო.
მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასაც საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ დაუდო საფუძველი.
დელეგაციაში, კობახიძესთან ერთად, იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.
ასევე ნახეთ მხარდაჭერა „ერთიან ჩინეთს“ და კომუნისტურ პარტიას - „ოცნების“ დელეგაცია ჩინეთშიოპოზიციური „მთავარი არხი“, რომელმაც პირველმა, წინმსწრებად გაავრცელა ცნობები ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ, ახლა იუწყება, რომ მინისტრთა კაბინეტშიც იგეგმება ცვლილებები. „მთავარის“ თანახმად,
- ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება;
- ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის მინისტრი.
მთავრობის პრესცენტრში შესაძლო ცვლილებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
30 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას ვერ უთხრეს, ვინ ასრულებს პრემიერის მოვალეობას.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი გადადგა - როდის გვეყოლება ახალი პრემიერი?