„ოცნების“ პრემიერ-მინისტრებმა, ივანიშვილის გარდა, პოსტები ისე დატოვეს, ბუნდოვანი იყო ზღვარი გადადგომასა და გადაყენებას შორის.
ყოფილი პრემიერების მიერ დასახელებული მიზეზი - „პირადი გადაწყვეტილება“ - ყოველთვის არ დაადასტურა თავად „ოცნებამ“. წასვლის შემდეგ ბოლომდე არასდროს არაფერი თქმულა - ზოგიერთი მათგანი პოლიტიკიდანაც გაქრა.
გადამდგარი პრემიერ-მინისტრებიდან „ქართულ ოცნებასთან“ ღია დაპირისპირებაშია მხოლოდ ერთი.
პოლიტიკაში მესამედ გამოჩენილმა ბიძინა ივანიშვილმა, 2023 წლის 30 დეკემბერს თქვა, რომ - პრემიერ-მინისტრს არ გამოცვლიდა, მაგრამ თვეც არ გასულა, და ღარიბაშვილს ცვლის.
რადიო თავისუფლებამ თვალი გადაავლო საქართველოს პრემიერ-მინისტრების მოსვლისა და წასვლის ქრონიკას.
#1 - ივანიშვილი მომხიბვლელი დაპირებებით
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი 2012 წელს გახდა და პოსტი 2013 წელს დატოვა. როგორც წინასწარვე ამბობდა, წასვლის დაპირება შეასრულა.
სამაგიეროდ, „ოცნების“ ძველი მხარდამჭერები მას დღემდე ახსენებენ სხვა ხმამაღალ და შეუსრულებელ დაპირებებს, მათ შორის არის: „უფასო ფული“, 60 ქარხანა 2013 წლის ბოლომდე, ხალხის ჯიბეზე ეკონომიკის ასახვა უკვე მესამე წელს და „ძალიან კარგი“ მდგომარეობა მეოთხე წელს.
თავისი შემცვლელი ბიძინა ივანიშვილმა თავად შეარჩია - ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობასთან ერთად, პარტიის თავმჯდომარეობაც გადაულოცა.
2013 წლის შემდეგ, ივანიშვილმა პოლიტიკიდან კიდევ ერთი დეკლარირებული წასვლა და ორიც - მოსვლა მოასწრო.
ბოლოს ის, სრულიად მოულოდნელად, 2023 წლის 30 დეკემბერს გამოჩნდა, როცა ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს და მალევე პარტიის დებულებაც შეცვალეს - საპატიო თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენის ფორმალური უფლება მიიღო.
ბოლო პერიოდში ოლიგარქად მრავალგზის წოდებულმა ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე თქვა, რომ წინა, „საბოლოო“ წასვლის შემდეგ, „ოცნებას“ კვლავ აძლევდა რჩევებს და ეს რომ არ გაეკეთებინა - „პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“.
არ შესრულდა მის მიერ 30 დეკემბერს ნათქვამი, რომ პრემიერ-მინისტრი არ გამოიცვლებოდა. სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ „ოცნების“ ძველი მხარდამჭერების ნაწილს ეს სიურპრიზი არ მოეწონა.
#2 და # 6 ღარიბაშვილი - ორი მსგავსი წასვლით
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ჯამში, ყველაზე ხანგრძლივი ვადით დარჩა - 5 წელი: პირველად - 2013 წელს ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე; ხოლო მეორედ - 2021 წლის თებერვლიდან 2024 წლის იანვრამდე.
29 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ გადადგა და მართალია, თანაგუნდელები პოსტზე მის ზაფხულამდე დატოვებასაც განიხილავდნენ, მაგრამ - თავად მან წასვლა ახლა ამჯობინა.
მიზეზად ითქვა, რომ გუნდში სხვა წარმატებული ლიდერებიც არიან და ძალები მათაც უნდა მოსინჯონ. თავად ღარიბაშვილი კი იქნება თავმჯდომარე მმართველი პარტიისა, სადაც საპატიო თავმჯდომარედ და პრემიერის მრჩევლად ბიძინა ივანიშვილი ჰყავს.
პირველადაც და ახლაც ღარიბაშვილმა პოსტი საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე დატოვა. თანაც, წინასწარ არაფერი მოასწავებდა, რომ ის წასვლას გეგმავდა: ამაყობდა ეკონომიკის წინსვლით, [ხანმოკლე პერიოდით] ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და მშვიდობით, რომელსაც „ოცნება“ - „მეორე ფრონტის“ გახსნის დაუდასტურებელ წნეხს უკავშირებს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ წასვლის არცერთი გადაწყვეტილება ღარიბაშვილს თავად არ მიუღია.
პირველად როცა წავიდა, 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა „დროული“ წასვლის გამო, ბიძინა ივანიშვილის ქებაც დაიმსახურა; თუმცა ივანიშვილი მასთან მიმართებით - კორუფციის ერთ-ერთ სახეზე - ნეპოტიზმზეც აკეთებდა აქცენტს. ექსპერტები გადადგომისთვის კორუფციის საფუძველს არც ახლა გამორიცხავენ.
29 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის ჩვეულ სტილში მადლობა გადაუხადა „ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, „პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის“. არ დაკონკრეტებულა, რა მხარდაჭერა იგრძნო მან პოლიტიკიდან საჯაროდ განრიდებული ივანიშვილისგან.
ირაკლი ღარიბაშვილი ხისტი განცხადებებით გამოირჩეოდა. სხვადასხვა დროს - ხმაური გამოიწვია მისმა განცხადებებმა უკრაინაში რუსეთის ომთან, ნატოსა თუ ლგბტ თემის უფლებებთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ძირითადი აქცენტები არაერთხელ დაემთხვა პრორუსი, მოძალადე, რადიკალური ჯგუფების პოზიციებს.
ღარიბაშვილის დროს მოხდა პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთთან თუ ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან, ბევრისთვის სადავო პირობებით.
ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული პოლიტიკური ოჯახის [„ევროპელი სოციალისტების პარტია“ (PES)] დატოვებაც, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC-ში), დევიზით - „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“.
გამორჩეული იყო ღარიბაშვილის მეგობრობა და ინტენსიური კონტაქტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომლის ხელისუფლებასაც ევროპაში ხშირად ადანაშაულებენ რუსეთთან საეჭვო კავშირებში.
#3 კვირიკაშვილი - წასვლა უთანხმოების გამო
გიორგი კვირიკაშვილი, „ოცნების“ რიგით მესამე პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 2015 წლის 30 დეკემბერს შეცვალა ღარიბაშვილი, 2018 წლის 13 ივნისს გადადგა.
პოსტიდან წასვლამდე ერთი თვით ადრე მან მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა დაუთმო პოლიტიკაში ახლად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს და ლიდერის დაბრუნების სიხარული საჯაროდ გამოხატა.
ერთი თვის თავზე კი, გადადგომის გადაწყვეტილების გამოცხადებისას, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ გუნდთან შეუთანხმებლობა ჰქონდა.
„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ კვირიკაშვილი გაუშვეს სიღარიბის არასათანადო დაძლევის გამო. 2018 წლის ივლისში კვირიკაშვილი უკვე აღარც „ოცნების“ პოლიტსაბჭოში ირიცხებოდა.
მას შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ აქტიურობს და საზოგადოებას იშვიათად, მოზომილად კრიტიკული განცხადებებით ახსენებს თავს. ასე იყო მაგალითად „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტებთან დაკავშირებული ხმაურიანი მოვლენების დროს. ფეისბუკზე მან დაწერა, რომ კანონპროექტის მიღება დამაზიანებელი იყო საქართველოს იმიჯისა და ევროინტეგრაციის გზისთვის.
პოლიტიკასთან გამიჯვნის მთავარ მიზეზს გიორგი კვირიკაშვილი უკავშირებდა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის აშენების ტენდერშიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, 2016 წელს, მისი პრემიერობის დროს გაიმარჯვა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ, რომ „ოცნების“ გუნდში გამოკვეთილად პროდასავლელი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ინიციატივებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების გამო დაისაჯა და, რომ ანაკლიის პორტის თავდაპირველი პროექტი ივანიშვილის „პრივატულ და პოლიტიკურ ეჭვიანობას“ შეეწირა.
კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად „ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
#4 ბახტაძე - უხმაუროდ მოსვლა და წასვლა
როცა 2018 წლის ივნისში, ყოფილი ფინანსთა მინისტრი - მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელდა, ექსპერტების შეფასებით, მას პოლიტიკური წონა თითქმის არ ჰქონდა. წასვლის შესახებ ბახტაძემ, 2019 წლის 2 სექტემბერს, საკუთარ ფეისბუკზე დაწერა.
მიზეზები მას არც ჟურნალისტებთან განუმარტავს. თქვა, რომ თანამდებობის დატოვება თვეებით ადრეც უნდოდა და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილსაც ელაპარაკა.
ბახტაძე წერდა, რომ შეასრულა მიზანი, რაც „შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას“. მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შორისაა მცირე მთავრობის ფორმირება [სამინისტროების გაერთიანება] და დედოლარიზაცია [სესხის პრიორიტეტულად ლარში გაცემა], რასაც წლების განმავლობაში მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა.
მამუკა ბახტაძის დროს მოხდა სესხების ჩამოწერა 600 000 მოვალისთვის, ფონდ „ქართუს“ ჩართულობით და წასვლისას მან მადლობა „ქართუსაც“ გადაუხადა.
მამუკა ბახტაძე ხშირად აღნიშნავდა გამოკვეთილ მიზანს - მჭიდრო კავშირის დამყარებას აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატოსთან. ევროინტეგრაციას ის ხშირად „ჩვენი ერის ცივილიზაციურ არჩევნად“ მოიხსენიებდა.
„ჩვენი საერთაშორისო პოზიციები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა და მას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება და შემდგომი განმტკიცება“, - დაწერა მან წასვლისას.
ბახტაძის პრემიერობის პერიოდში, 2018 წელს, დამტკიცდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომლის გაფართოება კვლავ სადავო პრობლემად რჩება.
#5 გახარია - ყველაზე ხმაურიანი წასვლა
პრემიერ-მინისტრად 2019 წლის 8 სექტემბერს დამტკიცებული გიორგი გახარია პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და ბევრისთვის მოულოდნელად - მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას დაუკავშირა.
პოსტი სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა და თქვა, რომ გუნდს ამ საკითხზე მისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა.
„ოცნება“ გიორგი გახარიას, უკვე წლებია, მოღალატედ მოიხსენიებს. მმართველ პარტიაში ლაპარაკობდნენ „ხელისუფლების აყირავების“ სცენარში გახარიას მონაწილეობაზეც, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად.
გიორგი გახარიას პარტიამ ცრუ ბრალდებებისთვის პროკურატურაში განცხადებაც შეიტანა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
გახარიას „ქვეყნისა და გუნდის“ მოღალატე კიდევ ერთხელ უწოდა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, პოლიტიკაში მესამედ მოსვლის პირველ დღეს და თქვა, რომ ეს ღალატი მან ვერ გათვალა.
გახარია ყოველთვის ერიდებოდა პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას და შიდა ამბებზე ლაპარაკს მიუღებელ „ჭორაობას“ უწოდებდა. თუმცა 2023 წელს, როცა „აგენტების შესახებ კანონი“ განიხილებოდა, გახარიამ თქვა, რომ ივანიშვილი „გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო“, „ისტორიის არასწორ მხარეს“ დადგა.
გიორგი გახარიას სახელი არაერთ ხმაურიან მოვლენას უკავშირდება და მათ შორის არის 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევა, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დაშავდა. 2023 წელს „ოცნებამ“ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას კრიტიკა ბოლო დროს ამ ფაქტის გამოც დაიწყო, თუმცა გახარია სწორედ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ დაწინაურდა.
#7 კობახიძე - შემდეგი?
როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ გადადგა, „ქართულ ოცნებაში“ დაადასტურეს მანამდე მედიით გავრცელებული ვერსია, რომ - პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ქათული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. გამოდის, რომ კობახიძე და ღარიბაშვილი ადგილებს ცვლიან.
რატომ გახდა აუცილებელი ეს ცვლილება - ადამიანებს შორის, რომლებიც მიზნებითა და ხისტი ხასიათითაც კი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს? - ამ შეკითხვაზე ექსპერტებს პასუხი ჯერ არა აქვთ.
ირაკლი კობახიძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა.
პოსტიდან ის 2019 წლის 21 ივნისს გადადგა, 20 ივნისის აქციის დარბევის მეორე დღეს. გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გამოაცხადა ბრიფინგზე, რომელსაც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად კობახიძეც ესწრებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, საღამოს დაწყებულ საპროტესტო აქციაზე.
ხალხი კობახიძეს აკისრებდა პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის რუსი დეპუტატისთვის დათმობის გამო. ასე გახსნა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა.
ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა დროს, აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის - ელჩებთან, - დაპირისპირების პროცესებში. ის ხშირად ლაპარაკობდა „მეორე ფრონტის“ გახსნისა და საქართველოს ომში ჩასათრევად „გლობალური ომის პარტიის“ განზრახვებზე. შესაბამისი, სარწმუნო მტკიცებულებები არასოდეს წარმოუდგენიათ.
2022 წლის 6 ივლისს, ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გარანტირებული ექნება ომის დაწყების შემთხვევაში, თუმცა „ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს“ და „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ სტატუსი მიიღო.