საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადაა ბევრ საკითხზე გამოხატოს საჯარო პოლიცია, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს იმ „უბრალო მიზეზის გამო“, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო:
„მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით.
დღეს პოლიტიკაში ჩართვით არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას და მიიჩნევს, რომ იგი თავისი თვისებებით აქტივია არა მარტო პოლიტიკისთვის, არამედ ქვეყნისთვის მთლიანად.
გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 2018 წლის ივნისში გადადგა. საგანგებო ბრიფინგზე ამის მიზეზად მან მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მან 2015 წლის 30 დეკემბერს დაიკავა.