The Times of Israel-ის ცნობით, რომელიც ისრაელის პოლიციას ეყრდნობა, დადგენილია ორივე თავდამსხმელის ვინაობა - 19 წლის მოჰამედ მესეკი და 25 წლის ახმედ ჰიმოუნი. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ ისინი პალესტინის მოქალაქეები არიან და ისრაელში ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ.
რა მოხდა იერუსალიმის ქუჩაზე?
თავდასხმა თელ-ავივის რკინიგზაზე, იერუსალიმის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს მატარებლის ვაგონში და გაჩერებაზე მყოფ მოქალაქეებს.
როგორც ისრაელის პოლიცია აცხადებს, ერთი თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა, მეორე კი შეიარაღებულმა მოქალაქემ.
თავდასხმისას დაიღუპა 7 და დაიჭრა 12 მოქალაქე, მათ შორის, ბავშვი.
სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრებიც.
ერთ-ერთ ასეთ ვიდეოს X-ზე აქვეყნებს The Times of Israel-ის სამხედრო კორესპონდენტი ემანუელ ფაბიანი.
როგორ აღმოჩნდა ილია თავდასხმის ადგილას?
პირველ ოქტომბერს, თავდასხმის დროს, ილია ნოზაძე სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. მატარებლის ვაგონში მეგობართან ერთად იჯდა. მის გაჩერებამდე ხუთი წუთის სავალი გზა იყო დარჩენილი.
„თავდასხმა იერუსალიმის ქუჩაზე მოხდა, ჩვენ იქვე, ძალიან ახლოს, როჩილდის ქუჩაზე ვცხოვრობთ“, - გვიყვება დალი ნოზაძე, ილიას მამიდა, რომელიც მასთან ერთად, ხუთი წელია თელ-ავივში ცხოვრობს.
ქალაქში საჰაერო განგაში რომ ჩაირთო, ძმისშვილთან რეკვა დაიწყო:
„ზოგადად, როცა სირენები ირთვებოდა, ერთმანეთს ვურეკავდით ხოლმე, ვამოწმებდით, ხომ კარგად ვიყავით. გუშინაც, განგაშის ხმა რომ გავიდე, დავურეკე, მაგრამ მისი ტელეფონი არ იჭერდა. ვიფიქრე, ალბათ თავშესაფარში ჩავიდა-მეთქი. ცოტა ხნის მერე კიდევ რომ დავრეკე, ზარი გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა. მალევე დამირეკა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ილიას ვეძებთ, ხომ არ გამოჩენილაო. მაშინვე ავფორიაქდი, ვიფიქრე, შესაძლოა, სადმე რაიმე ბომბი ჩამოვარდა, ან ნატეხი დაეცა, ან ავარიაში მოყვა-მეთქი. მოგვიანებით შეგვატყობინეს, რაც მოხდა“...
დალი ნოზაძეს ილიას მეგობარმა უამბო თავდასხმის დეტალები:
„ისიც ქართველია, ერთად მუშაობდნენ. როგორც მითხრა, მათ ვაგონში ყოფილან თავდამსხმელები. დავინახეთ, როგორ ჩავიდნენ ვაგონიდან, მაგრამ რას ვიფიქრებდით, რომ გაჩერებაზე ჩასულები, შემობრუნდებოდნენ და ცეცხლს გაგვიხსნიდნენო.
როგორც ჩანს, ილია ფანჯარასთან იჯდა. პირდაპირ გულში აქვს ტყვია მოხვედრილი. სროლა და პანიკა რომ ატყდა, მეგობარს მაშინვე დაუწყია ილიას ძებნა. მაისურით ამოვიცანიო. როგორც ამ ბიჭმა მითხრა, სასწრაფოს მანქანაში რომ შეჰყავდათ, ჯერ კიდევ სუნთქავდა. ექიმის თქმით, ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი, რომელმაც ზურგში გაიარა, უკან დატრიალდა და ისევ სხეულში შევიდა“.
ვინ იყო ილია ნოზაძე?
ილია ნოზაძე ისრაელში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი წლის წინ წავიდა. ის ხაშურის რაიონიდან, სოფელ ქინძათიდანაა. იქ ცხოვრობს მისი ოჯახიც, ცოლი, ორი არასრულწლოვანი შვილი და დედა.
ილია ისრაელში ავტომობილების სამრეცხაოში მუშაობდა:
„ჯერ ილია ჩამოვიდა და შემდეგ მე", - გვიყვება ილიას მამიდა. "წვალობდა, მუშაობდა, რასაც შოულობდა, ყველაფერს სახლში აგზავნიდა. გოგო და ბიჭი დარჩა, ერთი 17 წლისაა, მეორე 12-ის. სოფელში სახლის გამართვა დაიწყო, მაგრამ ისიც ვერ დაამთავრა ბოლომდე. ბავშვებს იმდენი რამ სჭირდებათ, სწავლა, ჭამა, ტანსაცმელი. ერთი ადამიანი განა რამდენს გაწვდებოდა. მამა ორი წლის წინ გარდაეცვალა. ავადმყოფი დედა ჰყავს, რომელიც წამლებზეა დამოკიდებული.
10 ლარიც კი არ ჰქონდა გვერდზე გადადებული, ყველაფერს საქართველოში აგზავნიდა. ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო. ფიქრობდა, რომ „მარშუტკის“ ფულს შეაგროვებდა, საქართველოში დაბრუნდებოდა და ამ მანქანის დახმარებით ააწყობდა პატარა საქმეს. ომი რომ დაიწყო, სულ ეშინოდა, სირენები რომ ჩაირთვებოდა, მაშინვე მირეკავდა, ამოწმებდა, ხომ მოვასწარი ბუნკერში ჩასვლა, დამალვა“.
დალი ნოზაძე ამბობს, რომ ოჯახს უკვე დაუკავშირდა ისრაელში საქართველოს საელჩო: „გვითხრეს, რომ ისინი მოაგვარებენ ილიას საქართველოში გადასვენების დეტალებს. იმედია, დროულად მოხერხდება“.
რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსწერეს:
„საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით“.
Your browser doesn’t support HTML5
ვინ არიან სხვა დაღუპულები?
The Jerusalem Post-ი აქვეყნებს თავდასხმისას დაღუპული ხუთი ადამიანის მონაცემებს:
ინბარ სეგევი, 33 წლის ქალი, თავდასხმისას 9 თვის შვილთან ერთად იმყოფებოდა. მის შვილს დაზიანებები არ მიუღია. ისრაელის მედიის ცნობით, რომელიც თვითმხილველებს ეყრდნობა, ქალი მატარებლის ვაგონიდან ჩამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელებმა ესროლეს.
რევიტალ ბრონშტაინი, 24 წლის ქალი, თელ-ავივში კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა.
შაჰარ გოლდმენი, 30 წლის ქალი ერთი წლის წინ დაქორწინდა. მედია მის შესახებ წერს, რომ იყო წარმატებული მოცეკვავე.
40 წლის ნადია სოკოლენკო მოლდოველი ემიგრანტი იყო, მას ერთი შვილი დარჩა.
The Jerusalem Post-ი მოკლე ცნობას აქვეყნებს ილია ნოზაძის შესახებაც და წერს, რომ ის „საქართველოს მოქალაქე იყო“.
პირველ ოქტომბერს, სროლა იერუსალიმის ქუჩაზე, ისრაელში საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. ქვეყნის თავდაცვის არმიამ ირანიდან მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. ისრაელის ტერიტორიაზე ორასზე მეტი რაკეტა გაისროლეს. მათი უდიდესი უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ აშშ-ის დახმარებით ჰაერშივე გაანადგურა.