საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქმის არასოდეს აძლევს ინტერვიუს დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიასაშუალებების რედაქციებს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა ყველა ჟურნალისტს, თუმცა იქვე დააზუსტა, თუ ვის გულისხმობდა „ყველაში“ - ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიასო.
ამ განცხადების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში შედის იმის განსაზღვრა, თუ ვინ როგორი ჟურნალისტია და ვინ როგორ ემსახურება თავის პროფესიას.
როგორც ჩანს, იგი სწორედ ამ თავისი სუბიექტური წარმოდგენის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ვის მისცეს ინტერვიუ და ვის - არა, ვის ეწვიოს სტუდიაში და ვის კი საჯარო ღონისძიების დროსაც არ გასცეს პასუხი.
ცხადია, ყველას აქვს უფლება, მოსწონდეს ესა თუ ის მედიასაშუალება და არ მალავდეს თავის ამ დამოკიდებულებას, რომელიც, პოლიტიკოსის შემთხვევაში, მნიშვნელოვანიც კია საზოგადოებამ იცოდეს, მაგრამ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი იმასაც უნდა აცნობიერებდეს, რომ იგი არ არის მხოლოდ რომელიმე ცალკე აღებული მედიაორგანიზაციის აუდიტორიის პრემიერ-მინისტრი და, რომ ის ასევე ანგარიშვალდებულია სხვა, კრიტიკული მედიების მაყურებლებისა და მკითხველების წინაშეც.
2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიით ევროპის გაოცების პირობას დებდა, ხოლო საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მისი ამ დაპირებისა სჯეროდა, საყურადღებო განცხადება გაკეთდა სწორედაც რომ ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების შესახებ, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა ახალი პოლიტიკური ლიდერის როგორც ღირებულებებზე, ასევე პოლიტიკურ გემოვნებაზე.
ქსენოფობიურ, ობსკურანტულ, ანტიდემოკრატიულ და პრორუსულ მედიაორგანიზაციებთან არც ბიძინა ივანიშვილსა და არც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 3 მაისს გამოქვეყნებული მისალოცი ტექსტის ადრესატებიც სწორედ ასეთი მედიაორგანიზაციების თანამშრომლები არიან, რის გამოც, განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს მილოცვის ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია უტყუარი ინფორმაციის გავრცელებისა და თავისუფალი პრესის მნიშვნელობაზე:
„უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება. თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიასივრცე”.
ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ „უტყუარი და დაბალანსებული“ ინფორმაციის გავრცელებისთვის არასაკმარისია მხოლოდ პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკა და პროფესიონალი ჟურნალისტები, რომ ასევე საჭიროა:
- მედიასთან ურთიერთობა (ინტერვიუების მიცემა, პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობა და ა.შ.) და არა მისი ბოიკოტირება-ბლოკირება
- ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება და არა ახალი ბარიერების შექმნა
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით, ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. არადა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით (4 ნოემბერი, 2022), საქართველოში უკიდურესად დაბალია მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე:
- ჟურნალისტთა მხოლოდ 12%-მა შეძლო კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით საჯარო ინფორმაციის სრულად მოპოვება
- შემთხვევათა 50%-ში საჯარო ინფორმაციის განცხადება არ დაკმაყოფილდა ან დარჩა უპასუხოდ
„საქართველოს აქვს თავისუფალი მედიასივრცეო“, ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ, როცა, სულ ცოტა, ბოლო ორი წელია, დემონსტრაციულად არ ხდება ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებისა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება. დღემდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის დარბევის ორგანიზატორები, რომლებიც ღიად და საჯაროდ მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს ძალადობისკენ.
საქართველოს პარლამენტმა, ჟურნალისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებები შეიტანა აკრედიტაციის წესში, რომლის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დეპუტატის, აპარატის თანამშრომლის ან საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფი პირის მიერ უარის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინტერვიუ. ამ ცვლილების საფუძველზე აკრედიტაცია უკვე შეუჩერდა ტელეკომპანიების „ფორმულის”, „ტვ პირველისა” და „მთავარი არხის” 3 ჟურნალისტსა და 3 ოპერატორს.
ასევე ნახეთ GDI: პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი არაკონსტიტუციურიასაერთაშორისო ავტორიტეტიანი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შეფასებით, (2021-2022 წლების პერიოდში) საქართველოში მკვეთრად (29 პუნქტით) დაეცა მედიის თავისუფლების ინდექსი, შედეგად, საქართველომ მე-60 ადგილიდან 89-ზე გადაინაცვლა.
ქართული მედიაორგანიზაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მედიის თავისუფლების ხელყოფის საფრთხე დაინახა მმართველი პარტიის მიერ 2023 წლის თებერვალში ინიციირებულ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტში.
„კანონის მიზანია აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები – დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ“, - ნათქვამია 2023 წლის 27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოში მომუშავე 60 მედიაორგანიზაცია.
2023 წლის 22 აპრილს საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ მნიშვნელოვანი კვლევა გამოაქვეყნა DW Akademie-მ. კვლევაში სახელწოდებით „მედიის თავისუფლება იკლებს“, მედიის წინაშე არსებულ მთავარ პრობლემათა შორის დასახელებულია ჟურნალისტების უსაფრთხოების ნაკლებობა, სუსტი სარეკლამო ბაზარი, თვალთვალი (სუსის კრებსები) და მუქარა ჟურნალისტების მიმართ. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში მედია პოლარიზებულია და თითქმის მთლიანად პარტიულ-პოლიტიკურ დღის წესრიგზეა ორიენტირებულიო.
25-30 წლის წინათაც, როცა საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ფეხს იდგამდა, უცხოელი კოლეგებისგან ხშირად გაგვიგონია, რომ ჟურნალისტიკის ისტორია ბოლო 200 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ერთგულებიდან საზოგადოების ინტერესების ერთგულებაზე გადავიდაო და, რომ, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით, ახალ საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ ბრძოლა დემოკრატიისთვის პროპაგანდის წინააღმდეგ, ბრძოლა „ობიექტური“ და „დამოუკიდებელი“ მედიის გარდაუვალი გამარჯვებისთვისო.
ასევე ნახეთ "საქართველო ღია ავტორიტარიზმია" - ინტერვიუ ნიკა გვარამიასთანსაქართველოში ეს ბრძოლა 30 წელია მიმდინარეობს და ვერავინ იტყვის, რომ დამოუკიდებელ მედიას, ცალკეული წარმატებების მიუხედავად, აღარ უდგას ეგზისტენციალური საფრთხეები, რომ მის არსებობას არაფერი ემუქრება. ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ „შეკერილი“ საქმე, მისი პატიმრობა დაუსაბუთებელი ბრალდებით და ივანიშვილის ხელისუფლების სიჯიუტე, ოპტიმიზმის არანაირ წინაპირობას არ იძლევა. იმისგან, რაც ნიკა გვარამიას დაემართა, არავინაა დაზღვეული, მათ შორის არც ის ჟურნალისტები, რომლებსაც ღარიბაშვილმა დღეს გულწრფელად მიულოცა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.