ვინ და რას გამოიძიებს 21 დღეში და აისახება თუ არა შედეგები არჩევნებზე?

Your browser doesn’t support HTML5

ზუსტად 21 დღე რჩება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების შედეგები შეაჯამოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი გამოსცეს.

ეს ვადა საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმადაა გაწერილი, რომლის მიხედვითაც, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს აჯამებს არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ეს თარიღი 21 ნოემბერია.

შეიძლება თუ არა, პროცესი სხვაგვარად წარმართოს დამკვირვებელი ორგანიზაციების ასობით საჩივარმა, ათასობით უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნამ, არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამო დაწყებულმა ათობით გამოძიებამ, თუ იმან, რომ გაყალბების საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს?

გიორგი სანტურიანი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეებზე დაწყებული გამოძიების შემთხვევაში, არჩევნების შედეგების შეჯამების შეჩერების პროცედურები არაა განსაზღვრული, თუმცა, წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, შეუძლებელია:

გიორგი სანტურიანი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი

მე არ ვარ გამომძიებელი და პროკურორი, შესაბამისად, ვერც იმას გეტყვით, რა შესაძლო ღონისძიებები შეიძლება გაატაროს გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ. მე ერთადერთი, რაც შემიძლია პირდაპირ გითხრათ, არის ის, რომ გამოძიების დაწყების საფუძველზე, განსაკუთრებით ჩვენი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რაიმეს შეჩერების პროცედურა არ არის გათვალისწინებული“.

გიორგი სანტურიანის თქმით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, შემაჯამებელი შედეგების გამოცხადება შესაძლებელია შეზღუდოს მხოლოდ სასამართლო დავებმა და არა გამოძიებებმა:

„მაგალითად, სანამ ამ დავების განხილვა არ დასრულდება რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში, მანამდე შეჯამება ვერ განხორციელდება, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთ დათქმას გამოძიების დაწყების პროცედურების თაობაზე.

ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიები იხილავენ საარჩევნო დავებს, აქედან გამომდინარე, დავების განხილვის პროცესში ვართ, შემდგომში შეიძლება ეს დავები გასაჩივრდეს სასამართლოებში, რა თქმა უნდა, საოლქო საარჩევნო კომისიები დაელოდებიან სასამართლოების გადაწყვეტილებებს“, - ამბობს ცესკოს იურისტი და ხაზს უსვამს, რომ დავები შემჭიდროებულ ვადებში განიხილება.

საარჩევნო კოდექსში წერია, რომ თუ ბათილად ცნობენ კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საქართველოში ხელახალი არჩევნები არ ჩატარებულა. საქართველოს პარლამენტის ბოლო ხელახალი არჩევნები 2004 წლის 28 მარტს ჩატარდა. ამ არჩევნებს წინ უძღოდა "ვარდების რევოლუცია" და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ნაწილობრივი გაუქმება. მაშინ ხელახალ არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“, რომელიც აერთიანებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, „გაერთიანებულ დემოკრატებს“, რესპუბლიკურ პარტიასა და ეროვნულ ძალთა გაერთიანებას. საპარლამენტო მანდატები ასევე მოიპოვა ბლოკმა „მემარჯვენე ოპოზიცია“, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

არის თუ არა საკმარისი გამოძიებისთვის 21 დღე?

არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებს საქართველოში სამი უწყება იძიებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • საქართველოს პროკურატურა
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სამივე შემთხვევაში, გამოძიებას პროკურატურა ზედამხედველობს.

სისხლის სამართლის კოდექსი არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებს რამდენიმე მუხლზე ანაწილებს. მათ შორის:

  • მუხლი 162 - არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
  • მუხლი 163 - საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა;
  • მუხლი 162​ პრიმა - კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა;
  • მუხლი 164 - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება;
  • მუხლი 164 ტერცია - ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა
  • მუხლი 164​ პრიმა - ამომრჩევლის მოსყიდვა.

პროკურატურის 31 ოქტომბრის განცხადების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე, ჯამში, სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, ორი ადამიანი დაკავებულია საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი გამოკითხვაზეა დაბარებული - პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო

იურისტი გოგა ხატიაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებებს აქვთ ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე დაწყებული გამოძიება სწრაფად ჩაატარონ.

მისი სიტყვებით, შესაბამისი ნების ქონის შემთხვევაში, ზოგიერთ დანაშაულებზე გამოძიების დასრულება რამდენიმე დღეშიც კია შესაძლებელი:

გოგა ხატიაშვილი, იურისტი

„დიახ, ამ გამოძიების ჩატარება შესაძლებელია მოხდეს 21 დღეში. მით უმეტეს, როდესაც საჯაროდ არის გავრცელებული მთელი რიგი ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ ინტენსიური მუშაობის პირობებში, რიგ საქმეებზე ნამდვილად შესაძლებელია გამოძიების დასრულება.

გამოძიება მიმდინარეობს არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად დასრულდეს, რადგან თუკი გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ მასშტაბურ დანაშაულს, რასაც შესაძლოა, არჩევნების საბოლოო შედეგებზე ჰქონოდა გავლენა, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს შედეგების ანულირებას და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები დროულად წარიმართოს.

კანონში გვიწერია, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს გონივრულ ვადებში. ახლა საინტერესოა, გონივრულ ვადას ვინ როგორ განმარტავს. შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში, არ მახსენდება ამაზე დიდი საჯარო ინტერესის მქონე საქმე. შესაბამისად, საგამოძიებო უწყებებს აქვთ ანგარიშვალდებულება, რომ ასეთ ფაქტებზე დაწყებული გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ. აქ გონივრულობა უნდა იყოს განმარტებული მაქსიმალურად შეზღუდულად. ეს ვადები არ უნდა იყოს რამდენიმე თვე. ინტენსიური გამოძიების ჩატარების, ადამიანური რესურსების მობილიზების პირობებში, სავსებით შესაძლებელია დავუშვათ, რომ ეს საქმეები ორ კვირაშიც კი იყოს გამოძიებული“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის პირველი არჩევნები, როდესაც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. თუმცა, გამოძიების შედეგებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები. მაშინ, მხოლოდ ორ უბანზე გაყალბებისთვის 13 ადამიანს წარუდგინეს ბრალი.

საერთაშორისო გამოძიება - თუ კი, ვინ უნდა ჩაატაროს?

26 ოქტომბრის ღამეს, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე გაირკვა, რომ არცერთმა მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ის გაყალბებულად გამოაცხადა.

  • მომდევნო დღეს, 27 ოქტომბერს, ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მასთან ერთად ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებოდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე კენჭისყრის დღეს მიმდინარე პროცესებს. სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე თქვა: „ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე“.
  • 27 ოქტომბერსვე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნები, რომლებშიც მიუთითებდნენ არჩევნების პროცესში ზეწოლის, დაშინებისა და სავარაუდო გაყალბების შემთხვევებზე.
  • ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის განცხადებები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამოძიების აუცილებლობაზე.

მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება:

„ჩემს განცხადებაში მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც უნდა ჩაატაროს გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი“, - უპასუხა მილერმა ჟურნალისტის კითხვას საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ.

„საშინაო გამოძიებას რას ერჩიან?!“ - აი, ასე გამოეხმაურა 29 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნას.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე

„ჩვენ ძალიან კარგი საშინაო გამოძიებები გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, თუკი რაიმე საჭირო არის და, უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება საჩივრების განხილვა ცესკოში. ყველა ნახავს ამას და დააკვირდნენ და ნახონ, კმაყოფილები იქნებიან თუ არა ამ განხილვებით... რაიმე საჩივრები თუ არის, იქნება განხილული. ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის. ყველა, მათ შორის უცხოელები, აშშ-ის ყოფილი ელჩი და სხვები, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებას მიკერძოებულობას აბრალებდა, დამარცხდა საქართველოს მართლმსაჯულებასთან სტრასბურგში“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე ნახეთ [საქართველოში] წარმოადგინეს აშკარა მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს - ჰელსინკის კომისია

„ეს უნდა იყოს ფაქტების დადგენის მისია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი დავით ჯანდიერი, რომელიც საერთაშორისო საგამოძიებო პროცესის წარმართვის გზებსა და მის ეფექტიანობაზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო გამოძიებასთან საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე:

დავით ჯანდიერი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი

„საერთაშორისო საგამოძიებო პროცესი შეიძლება გაერთიანდეს ერთი რგოლის ქვეშ, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფი; ან შეიძლება იყოს არჩევნების შეფასების კომისია - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელშიც მონაწილეობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო/ოდირი“.

დავით ჯანდიერი ხაზს უსვამს საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის უპირატესობას და ამბობს:

„ის არ არის დამოკიდებული ხელისუფლებასა და შიდა სახელისუფლებო ვერტიკალზე. იმისათვის, რომ დაიწეროს ისეთი დასკვნა, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება, უნდა არსებობდეს საერთაშორისო გამოძიების პროცესი. მასში შეიძლება ჩართული იყოს ცესკოს წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ მათი პოზიცია ექსკლუზიურად გადამწყვეტი ვერ იქნება, რადგან ეს კომისია იქნება ნეიტრალური ექსპერტებისგან დაკომპლექტებული“.

როგორც დავით ჯანდიერი გვიხსნის, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას არ სჭირდება ხელისუფლების თანხმობა და მას მაგალითად მოჰყავს 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა:

„შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ ევროკავშირის მიერ 2008 წლის ომის შემდგომ კომისიის შექმნასთან. მაშინ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ის დაეყრდნო მის სადამფუძნებლო დოკუმენტს. ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება და არა საქართველოს ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი კომისია. ამ ტიპის კომისიის შექმნა არ არის დამოკიდებული კონკრეტული ქვეყნის თანხმობაზე.

მაგრამ ხაზგასასმელია, რომ გამოძიების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა... მაგალითად, სრულფასოვანი დასკვნის გაკეთება გაჭირდება ელექტრონულ აპარატებზე აუდიტის ჩატარების გარეშე“.

რაც შეეხება კონკრეტულად საარჩევნო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ბოლო დღეებია, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გაისმის საქართველოს ხელისუფლების მისამართით, დავით ჯანდიერი იხსენებს 2023 წელს, დეკემბერში, სერბეთის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და ევროპარლამენტის რეზოლუციას:

„2024 წლის 8 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო სერბეთში არჩევნების შემდგომ სიტუაციასთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელშიც გარდა იმისა, რომ მოუწოდა სერბეთის ხელისუფლებას გამოძიების ჩატარებისკენ, ამავდროულად, მან ასევე გააკეთა მოწოდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების თაობაზე. ამ მოწოდებას მოჰყვა წინააღმდეგობა სერბეთის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, მალევე განცხადება გაკეთდა სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში, ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროების თაობაზე. შესაბამისად, ასეთი ტიპის პრაქტიკა ევროპარლამენტის მხრიდან, არსებობს და საქართველო არ იქნება პირველი“.

ბელგრადში განმეორებითი არჩევნები 2024 წლის 2 ივნისს ჩატარდა. ის ამომრჩევლის ნაკლები აქტივობით წარიმართა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გადაწყვიტა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან, მათი შეფასებით, დაკმაყოფილებული არ იყო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები. ოპოზიციურმა კოალიციებმა, "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" და NADA ("იმედი"), მმართველი პარტიის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას ბრალი დასდეს ხმების ქურდობაში 2023 წლის 17 დეკემბრის არჩევნებზე, რომელზეც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ბევრი დარღვევა გამოავლინეს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53.93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

  • არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
  • კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
  • პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.


არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

ასევე ნახეთ ISFED 2024 წლის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს