Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

[საქართველოში] წარმოადგინეს აშკარა მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს - ჰელსინკის კომისია


აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა
აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა

აშშ-ის "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია", იგივე ჰელსინკის კომისია, გამოეხმაურა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ გავრცელებულ ცნობებს და განაცხადა, რომ წარმოდგენილი "აშკარა მტკიცებულება" "სისტემურ დარღვევებზე" მიუთითებს. 

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დღეებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, დამკვირვებლებმა წარმოადგინეს აშკარა მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს.

მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე როგორც არჩევნების წინა დღეებში, ასევე კენჭისყრის დღეს. ამან გავლენა მოახდინა არჩევნების მთლიანობაზე", - წერს ჰელსინკის კომისია.

განცხადებაში ნახსენებია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით - რომ იგი არ აღიარებს და გაყალბებულად მიიჩნევს შედეგებს. კომისია წერს, რომ ასეთ დროს აშშ და ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ.

"საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია, ხაზი გაუსვა არჩევნებში რუსეთის ჩარევის ძალისხმევას და საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას.

როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება საარჩევნო პროცესისათვის ადგენენ გზას, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ და არსებითი ნაბიჯები გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს, დაიცვან საკუთარი დემოკრატია", - ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები შედგა, რაც ეუთო/ოდირის მისიამაც დაადასტურა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ფორუმი

XS
SM
MD
LG