მმართველი პარტია არ აზუსტებს, თუ რომელი პარტიის რიგებში ეგულება პარლამენტში შესვლის მსურველი დეპუტატები. 20 დეპუტატს ეძებდა დღეს ყველა - თავად პარტიები, მედია.
ამ ეტაპზე პარლამენტში შესვლის ღია მზაობას გამოხატავს მხოლოდ იაგო ხვიჩიას „გირჩის“ სამი დეპუტატი. თუმცა მათ მიერ წამოყენებული პირობები ჯერ ისევ დაუკმაყოფილებელია.
ადასტურებთ თუ არა?
ვიდრე პარლამენტი ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავდა, 51-ვე დეპუტატს სათითაოდ დაუკავშირდნენ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტიდან და თითოეულ მათგანს ჰკითხეს -ადასტურებდნენ თუ არა, რომ სურდათ უფლებამოსილების შეწყვეტა.
პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ეს პროცედურა სავალდებულოა ამა თუ იმ დეპუტატის საკითხის პარლამენტის სხდომაზე გასატანად. თუკი რომელიმე მათგანი არ დაადასტურებდა განცხადების საკუთარი ნებით დაწერას ანდა მანდატის შენარჩუნების სურვილს გამოხატავდა, მისი საკითხი სხდომაზე არ გავიდოდა.
ასევე ნახეთ საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზეგადაწყვეტილების სიმტკიცეში დარწმუნებულია „ნაციონალური მოძრაობა" და როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიით გასული პირებისგან არანაირი სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი.
„ამის გარანტიას ვიძლევით, რადგან 36-ვე დეპუტატმა დაუდასტურა ბოლო პერიოდში პარლამენტის აპარატს, რომ უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატზე... ჩვენ ასევე მუდმივი აქტიური კონტაქტი გვაქვს ბლოკის ყველა წარმომადგენელთან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოველთვის ბლოკის ყველა წევრის თანხმობით მიიღება. ბლოკი ახლაც ერთ პოზიციაზე დგას...
„ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის და ვფიქრობ, ეს არც სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის მოსალოდნელი“ - გვითხრა ზაალ უდუმაშვილმა.
ის დარწმუნებულია, რომ პროპაგანდის ნაწილია და რეალობას არ ასახავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადება პარლამენტში შესვლის მსურველი 20-მდე ოპოზიციონერის არსებობის შესახებ - „დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. ეს არ არის მართალი“. ხოლო ბულინგისა და დაშინების ბრალდება უბრალოდ არასერიოზულია მისთვის. მმართველმა პარტიამ ნაციონალური მოძრაობა, ევროპულ საქართველოსთან ერთად სხვა ოპოზიციური პარტიების დაშინებაში დაადანაშაულა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ბლოკში სრული თანხმობაა, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე არავინ შევა პარლამენტში; ხოლო შესვლა განიხილება ერთადერთ შემთხვევაში - თუკი მიეცემათ ასეთი არჩევნების დანიშვნის გარანტია, მაშინ პარლამენტში შესვლა საჭირო გახდება, შესაბამისი საარჩევნო გარემოს მოსამზადებლად.
რას ფიქრობენ „რესპუბლიკელები“?
ენმ-ის ბლოკში შემავალი პარტიებიდან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებებს გამოხატავდა მაგალითად „რესპუბლიკური პარტია“. ამ პოლიტიკური ძალის ორი დეპუტატი თავის დროზე არც მანდატებზე უარის თქმის პროცესის დაჩქარებას ემხრობოდა. თუმცა 16 დეკემბერს, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად პარლამენტს პირადი განცხადებებით „რესპუბლიკელებმაც“ მიმართეს. რას ფიქრობენ ისინი ახლა?
როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პარლამენტში შესვლის მსურველი დეპუტატები გაერთიანებულ ოპოზიციაში არც მას ეგულება და ამ ეტაპზე წითელ ხაზს ისევ რიგგარეშე არჩევნები წარმოადგენს. თუმცა, სამნიძის თქმით, საჭიროა კომპრომისებზე ფიქრიც.
„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაადეკვატურად აფასებს ვითარებას, ლაპარაკობს რაღაც ეფემერულ 20 ადამიანზე და არ ასახელებს მათ. ჩვენ ოპოზიციაში ზუსტად ვიცით, რომ ასეთი ადამიანები არ არიან ჩვენს რიგებში, არ ჩანან და ეს კეთდება განგებ, ოპოზიციაში განხეთქილების შესატანად...
როცა ასეთი ვითარებაა, მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ოპოზიციურმა ძალებმა და უნდა შევძლოთ კომპრომისებზე საუბარი. მაგალითად, დასახელდა ასეთი ვერსია, რომ შესაძლებელია განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება 2022 წელს. ეს ყველაფერი განსახილველი და შესათანხმებელია ოპოზიციის შიგნით.
განსხვავებული აზრი ყოველთვის იყო ოპოზიციაში, მაგრამ მთავარზე ყოველთვის ვთანხმდებოდით... ამ ეტაპისთვის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ჩემი პარტიისთვისაც და მთლიანად ბლოკისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს. მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ სხვა იდეები და სხვა წინადადებები ამ წინადადებასთან ერთად იმისთვის, რომ კომპრომისი გამოვნახოთ" - გვითხრა სამნიძემ.
ხმას ვინც არ იღებს...
„გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა. თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა“ - განაცხადა 2 თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ.
ამის შემდეგ გაიმართა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ დაუკმაყოფილეს მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით დაწერილი პირადი განცხადებები. მანდატებზე უარი აქვს ნათქვამი 6 საარჩევნო სუბიექტის 51 დეპუტატს:
- „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი „ძალა ერთობაშია“ - 36 დეპუტატი;
- „ევროპული საქართველოს“ 5 დეპუტატი;
- ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 დეპუტატი;
- „ლელოს“ 4 დეპუტატი;
- „გირჩის“ 1 დეპუტატი (ზურაბ ჯაფარიძე);
- „ლეიბორისტული პარტიის“ 1 დეპუტატი.
ვინ არის ის 20-მდე დეპუტატი, ეს არც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარენ, მამუკა მდინარაძემ გაამხილა. მან მიგვანიშნა, რომ პარლამენტში შესვლის მსურველები უნდა ვეძებოთ მათ შორის, ვისაც ხმა არ ამოუღია:
- „მათი დიდი ნაწილი არ ჩნდება მედიასაშუალებებთან... მათი დიდი ნაწილის ნება ჩვენ დებატებში, გამოსვლებში არ გვინახავს“;
- "როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოდიან მოწოდებით, რომ შევუწყვიტოთ უფლებამოსილება, ბევრი მათგანი, ჩვენი ინფორმაციით, ასეთ სურვილს არ გამოხატავს";
- "ჩვენ იმ დეპუტატებს, რომლებიც არ ჩნდებიან ტელეკამერებთან, არ ხსნიან თავიანთ პოზიციას და მხოლოდ მათი განცხადებები გვაქვს ჩვენ ნანახი, ამ დეპუტატებს ჩვენ ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს, რომ სახელმწიფოებრივად იფიქრონ და მიიღონ გადაწყვეტილება - ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში".
„ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებთან“ ინტერვიუს დროს ისიც თქვა, რომ ოპოზიციის რიგ წარმომადგენლებთან გარკვეული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ გივი მიქანაძე: პარლამენტში შემოსვლის მსურველი 20-მდე ოპოზიციონერი დეპუტატის შესახებ სხვადასხვა წყაროდან ვიცითენმ-ის ბლოკის გარდა, თავიანთ რიგებში პარლამენტში შესვლის მსურველების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავენ დანარჩენ პარტიებშიც. რადიო თავისუფლებას ეს ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტშიც დაუდასტურეს. „ევროპულ საქართველოში“ „სტრატეგია აღმაშენებელში“, „ლელოში“ და „ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ წითელ ხაზად კვლავ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა რჩება. მანდატზე უარის თქმის მკაფიო პოზიცია არაერთხელ გამოხატა პარლამენტში „გირჩის“ სიით გასულმა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარლამენტში შესვლის მსურველების შესახებ სხვადასხვა დროს ლაპარაკობდნენ „მოქალაქეების“ წარმომადგენლები. ალეკო ელისაშვილის პარტია 2 დეპუტატით უკვე შევიდა პარლამენტში და ახლა სხვებსაც იგივესკენ მოუწოდებს.
თუმცა ჯერჯერობით პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ვერც იაგო ხვიჩიას „გირჩმა“ მიიღო, რომელიც ღიად და დაუფარავად ლაპარაკობს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობებზე. პარტია არ მალავს, რომ ხვდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც.
„გირჩის“ გეგმები
„გირჩის“ იმ ნაწილს, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძე გაემიჯნა, ამჟამად 3 მანდატი აქვს. იაგო ხვიჩიას პარტიას ამ მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ჯერჯერობით არც იყენებს.
როგორც ხვიჩიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართულ ოცნებასთან“ პარტია მოლაპარაკებებს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე არ მიაღწევს სასურველ მიზანს - სრულად პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი ბარიერით.
ამ მიზნისთვის პარტიის დეპუტატები მზად არიან პარლამენტში შესასვლელადაც, თუმცა საკითხი ასე მარტივად არ დგას - ჯერ ერთი, მმართველი პარტიისგან „გირჩს“ ასეთი დაპირება ჯერჯერობით არ მიუღია და რომც მიიღოს, მხოლოდ „გირჩის“ შესვლით პარლამენტში მაინც ვერ გროვდება 113 დეპუტატი, რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება.
ასევე ნახეთ სერგო ჩიხლაძე: მეც მაინტერესებს, გვითხრას ბატონმა კობახიძემ, ვინაა ის 20 ოპოზიციონერი, ვინც პარლამენტში შესვლას აპირებსროგორც იაგო ხვიჩია გვეუბნება, „ეს ამბავი არ გამოვა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შერიგების გარეშე“.
„ყველა უნდა შევიდეს პარლამენტში იმიტომ რომ, მარტო ჩვენ არ ვყოფნით ამ ამბავს... ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგება შესაძლებლად მეჩვენება იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების საგანი იქნება პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით (0.67%) ჩატარება... თავის დროზე ოპოზიცია „ლეიბორისტების“ ოფისში ხომ იმის გამო გაერთიანდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაგვაგდო პროპორციულ არჩევნებში?!
მე გავაგრძელებ წვალებას, რომ შეთანხმებაში ჩაიწეროს ეს (და არა 3%, რაც წერია „მოქალაქეების“ მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში)... მგონია, რომ ამ საკითხის შეთავაზების შემთხვევაში ოპოზიცია შევა პარლამენტში“ - გვეუბნება ხვიჩია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხს სერიოზულად არ განიხილავენ და პროცესში ჩართვასაც გამორიცხავენ.
„ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ყურადღების გადატანა ნებისმიერ სხვა საკითხზე - ეს იქნება საარჩევნო ბარიერი თუ სხვა, ეს არის სწორედ ის, რაც უნდა დღეს „ქართულ ოცნებას“, რომ კონცენტრაცია აღარ გავაკეთოთ მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნები. თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, აზრს კარგავს ყველანაირი ბარიერის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ჩვენი პროტესტი განპირობებულია მთავარი საკითხით, რომ წაგვართვეს არჩევნები“ - გვითხრა უდუმაშვილმა.
ჯადოსნური სივრცის აღმოსაჩენად
საერთაშორისო თანამეგობრობა ოპოზიციას მკაფიოდ მოუწოდებს პარლამენტში შესვლისკენ. განცხადებები კეთდება როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.
ასევე ნახეთ კელი დეგნანის თქმით, სოციალური საკითხების სიმწვავემ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ უნდა უბიძგოს3 თებერვალს მედიასთან პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისა და შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ.
- „ჩემი აზრით, საკითხის გადაჭრა შესაძლებელი იქნება, თუ პარტიები წინ საქართველოს ინტერესებს დააყენებენ...ქართველების 75 პროცენტზე მეტმა NDI-ის ბოლო გამოკითხვაში თქვა, რომ სურთ მათმა პარლამენტარებმა ერთად იმუშაონ პარლამენტში ამ საკითხების გადასაჭრელად. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ამას გაითვალისწინებენ, როდესაც იმსჯელებენ სხვადასხვა გზაზე განსხვავებების გადასალახად“ - კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში;
- „ჩვენ კვლავ ველით იმ ჯადოსნური სივრცის აღმოჩენას, სადაც ყველა მხარე შეთანხმდება. როგორც იცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგაც ბოიკოტის რეჟიმშია“ - კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პარლამენტში არ შედის.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი ამომრჩეველთა ნების მიხედვით მოქმედებენ.
„ჩვენს მტკიცე პოზიციას კვებავს ჩვენი ამომრჩეველი. ცესკოს მონაცემებითაც რომ ვთქვათ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დგას ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომელმაც, ხმა მისცა გაერთიანებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ამომრჩეველს - არჩევნები წაგართვეს, მოგპარეს და ამის შემდეგ ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას და შევიდეთ პარლამენტში?! გასაგებია, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. ელჩები ყოველთვის მოგიწოდებენ, რომ შეთანხმება შედგეს, მაგრამ ამ სიტუაციაში ჩვენ ერთადერთ გზად მიგვაჩნია სწორედ ბოიკოტი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით“ - გვითხრა უდუმაშვილმა.
ასევე ნახეთ კარლ ჰარცელის თქმით, მხარეთა შესათანხმებლად კვლავ „ჯადოსნური სივრცის“ გაჩენას ელიანპარალელურად, ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ მზადყოფნას გააგრძელონ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. ხელისუფლება კატეგორიულად გამორიცხავს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.
ჩიხში შევიდა არჩევნების შედეგების გადამოწმების საკითხიც. არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ, ოპოზიცია არ ენდობა ხელისუფლების შემოთავაზებას ბიულეტენების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით.