აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ პარლამენტში გუშინდელი კენჭისყრის შედეგები ოპოზიციას მისცემს თავისი გადაწყვეტილების გადახედვის საშუალებას. ამის შესახებ კელი დეგნანმა პარლამენტში ყოფნისას განაცხადა, მედიისთვის მიცემულ კომენტარში. ის დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას.
მისი სიტყვებით, თუ პარტიების ლიდერები პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ, მოისმენენ, რა მიაჩნიათ ამომრჩევლებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად - სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე და კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე - ამ საკითხების სიმწვავე წაახალისებს მათ, რომ მიაღწიონ კომპრომისს, მონახონ გადაჭრის გზა და შევიდნენ პარლამენტში მუშაობის დასაწყებად.
„ჩემი აზრით, გუშინდელი კენჭისყრა იყო შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს ცოტა მეტ დროს მისცემს, რათა სცადონ განსხვავებების გადალახვა, თუ ამას მოახერხებენ. ჩემი აზრით, საკითხის გადაჭრა შესაძლებელი იქნება, თუ პარტიები წინ საქართველოს ინტერესებს დააყენებენ. არაერთი გამოკითხვის მიხედვით, ქართველი ხალხი აცხადებს, რომ მათთვის მთავარი სამუშაო ადგილებია, მაღალი ფასებია, სიღარიბეა... ქართველების 75 პროცენტზე მეტმა NDI-ის ბოლო გამოკითხვაში თქვა, რომ სურთ მათმა პარლამენტარებმა ერთად იმუშაონ პარლამენტში ამ საკითხების გადასაჭრელად. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ამას გაითვალისწინებენ, როდესაც იმსჯელებენ სხვადასხვა გზაზე განსხვავებების გადასალახად“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი სიტყვებით, მზად არიან, პარტიის ლიდერებს ნეიტრალური ფორუმი შესთავაზონ, რათა ისინი შეიკრიბონ და განიხილონ გადაჭრის გზები. მან ასევე გამოთქვა მზაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან სასაუბროდ, „ვისაც სურს ამ სიტუაციის გადაჭრა სწრაფად და დროზე, რადგან ყველა ჩვენი ქვეყნის წინაშე სერიოზული ამოცანები დგას კორონავირუსის გამო“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
პარლამენტის სხდომას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეკრება, რომლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან.
ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით ცდილობს, დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.
უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. 2 თებერვალს ისინი პირველად დაესწრნენ პარლამენტის სხდომას. „მოქალაქეების“ ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს, საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების შემდეგ.
უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ „ქართულ ოცნებას“ სთხოვა, ოპოზიციონერი კოლეგებისთვის უფლებამოსილება არ შეეწყვიტა.