„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი გივი მიქანაძე დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტში ორზე მეტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დასმულ კითხვაზე, საიდან იცის მმართველმა პარტიამ, რომ პარლამენტში შესვლას ამ დროისათვის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 20-მდე პირი აპირებს, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან აქვთ და ამას გარდა, რიგ წარმომადგენლებთან გარკვეული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს:
„სამწუხაროდ დღემდე ეს ადამიანები ვერ დაეხსნენ იმ გარკვეულ მძევლურ სიტუაციას, შეიძლება ითქვას და იმ ბულინგსა და ძალიან ინტენსიურ წნეხს, რომლებსაც რიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან განიცდიან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ დილის საუბრებში. გადაცემაში მან დაასახელა ის პარტიებიც, რომლებიც, მისი თქმით ამ წნეხს ახორციელებენ. გივი მიქანაძის თანახმად, ესენი არიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
„ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს და ვქმნით ყველანაირ შესაძლებლობებს რომ ოპოზიცია გახდეს კონსტრუქციული და შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ არავის არაფერს არ ვაძალებთ ეს არის მათი გადასაწყვეტი, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს არა ჩვენთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
პარლამენტის სხდომას წინ უძღოდა "ქართული ოცნების" უმრავლესობის შეკრება, რომლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა ისიც, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც პარტია "ევროპელი სოციალისტები" და "მოქალაქეები" შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, კიდევ 20-მდე დეპუტატს სურს თავისი ადგილის დაკავება პარლამენტში.
ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით ცდილობს, დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიასა და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.
უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. 2 თებერვალს ისინი პირველად დაესწრნენ პარლამენტის სხდომას. „მოქალაქეების“ ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების შემდეგ.
უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ „ქართულ ოცნებას“ სთხოვა, ოპოზიციონერი კოლეგებისთვის უფლებამოსილება არ შეეწყვიტა.