ესებუა ზუგდიდის ბანკის ძარცვასთან კავშირს უარყოფს - კითხვები 28 თვის შემდეგ

კოლაჟი გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალებით. 2020 წლის ოქტომბერი.

8 თებერვლამდე ითვლებოდა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლები ბადრი ესებუამ აიყვანა, შემდეგ 500 ათასი დოლარი მოითხოვა, თანხა მიიღო და შენობა უსაფრთხოდ დატოვა. დაკავების შემდეგ, ესებუა დანაშაულს არ აღიარებს, ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის. 

28-თვიანი ძებნის შემდეგ დაკავებულმა, ლამის უკვე ლეგენდად ქცეულმა ბადრი ესებუამ თავის ადვოკატს უთხრა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდის ბანკში ის არ ყოფილა და არც ის იცის, რატომ დაიწყეს მასზე საუბარი. „თავს დამნაშავედ არ ცნობს“, - 8 თებერვლის შემდეგ ბევრჯერ გაიმეორა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

დაკავებულ ბადრი ესებუას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრას უარყოფს - ადვოკატი

როგორ დაადგინა გამოძიებამ, რომ ბანკში სწორედ ბადრი ესებუა შეიჭრა და რა მტკიცებულებებია საქმეში?

დამნაშავის სავარაუდო სახელი და გვარი - ბადრი ესებუა, თავდაპირველად ჟურნალისტებმა ახსენეს, მომხდარიდან 5 დღის შემდეგ, 26 ოქტომბერს, შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვლადიმირ ბოცვაძემ მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა იყო; მისი იდენტიფიცირება კი თავდასხმის ღამით მოხდა.

როგორც მძევლები ჰყვებიან, თავდამსხმელის სახე, უნიღბოდ, მათ არ უნახავთ: ის ნიღბით იყო ბანკშიც, შენობიდან მძევლებთან ერთად გამოსვლისასაც და საჯაროდ არავის უთქვამს, რომ ნიღაბი პოლიციის მანქანაში მოიხსნა, ბანკის ტერიტორიიდან გაყვანის დროს.

ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ 9 თებერვალს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება“, რაც ბადრი ესებუას მიერ ამ დანაშაულის ჩადენას უტყუარად დაამტკიცებდა. მისი განმარტებით, არ არის ჩატარებული დნმ-ის კვლევა.

„გამოძიების თანახმად, ხმის იდენტურობაა დადგენილი და რაღაც მასრების იდენტურობაა დადგენილი. ისინი ეყრდნობიან მხოლოდ ხმის ექსპერტიზას და მასრებს. მასრებია ამოღებული და ვარაუდობს ბრალდების მხარე, რომ ბანკში გასროლილი [ტყვიის] მასრა იდენტურია მის სახლში ამოღებულ ერთ მასრასთან. მაგრამ ეს სადავოდ მიგვაჩნია ჩვენ და ამაზე ვდავობთ“, - გვეუბნება ჯანაშია, რომელსაც დღეს ქუთაისიდან ბათუმშიც მოუწია ჩასვლა, ბადრი ესებუას იქ გადაყვანის გამო.

რას ეყრდნობა ხმის ექსპერტიზა?

„ჰქონდათ რაღაც ადრინდელი ჩანაწერი და იმასთან არის შედარებული [ბანკში ლაპარაკის დროს ჩაწერილი ხმა]“, - ამბობს ადვოკატი, რომელმაც დაკავებულის კიდევ ერთხელ მონახულების შემდეგ, დამატებით განმარტა, რომ ბადრი ესებუა მტკიცებულებებს გაყალბებულად თვლის და ამბობს, რომ ვერაფრით ვერ აღმოჩნდებოდა მასრა მის სახლში.

ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".
9 თებერვალს, პროკურატურამ ესებუას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა - ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე.

ასევე ნახეთ ბადრი ესებუას პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

„ეს არის ცილისწამება. არანაირი მსგავსება არ არის [თავდამსხმელსა და ბადრი ესებუას შორის], სიმაღლეში და ტანადაც სხვა შეფერილობა აქვს“, - უთხრა 2020 წლის 26 ოქტომბერს ჟურნალისტებს, ბადრი ესებუას ძმამ, ამჟამად პატიმარმა ბიძინა ესებუამ. ხოლო მამა, ტარიელ ესებუა აცხადებდა, რომ თავდამსხმელის თვალები და ხმა მისი შვილისას არ ჰგავდა; რომ შვილს 21 ოქტომბერს, საღამოს ესაუბრა და იცოდა, რომ თბილისში აპირებდა წასვლას, დღე-დღეზე დაბრუნდებოდა და კომენტარსაც გააკეთებდა. თუმცა ბადრი ესებუა მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4-წლიანი პატიმრობა 2021 წლის ივლისში მიესაჯა. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. მისმა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიძინა ესებუა „მხოლოდ იმიტომ ისჯება, რომ ის ძებნილ ბადრი ესებუას ძმაა“. ბიძინა ესებუა 2020 წლის დეკემბერში დააკავეს.
შს სამინისტროს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კავშირი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთი. შესაბამისად, პოლიცია მას უთვალთვალებდა. ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამბობს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციამ „ჩაუდო“.

ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ, ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. მანამდე მან თქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი შეხება არ ჰქონია შვილთან.

ასევე ნახეთ ბადრი ესებუას მამა: თბილისშია, ხვალ ან ზეგ მოვა

სად იყო აქამდე?

არაოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის 21 ოქტომბერს, ბანკიდან გასვლის შემდეგ, თავდამსხმელი, მძევლებთან ერთად, ზუგდიდიდან ჩხოროწყუს მიმართულებით, პოლიციის „პიკაპით“ წავიდა და ბოლოს, სოფელ კირცხის ტყეში გაუჩინარდა. მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ თავდამსხმელი შესაძლოა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულიყო. თუმცა ამ ვერსიას მისი ახლობლები გამორიცხავდნენ იმ ლოგიკითაც, რომ ბადრი ესებუა, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას მოერიდებოდა.

„ასე მითხრა, რომ იყო იქეთაც. მაგრამ ძირითადი პერიოდი როგორც ვიცი იყო აქ, საქართველოს ტერიტორიზე”, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

პროკურატურა აცხადებს, რომ, ბრალდებულს დაკავებისას თან ჰქონდა „მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი“.

2021 წლის 23 ივნისს, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ: „[ესებუა] იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა“.

თუ ის არ ყოფილა თავდამსხმელი, რატომ იმალებოდა?

ადვოკატი ჯანაშია, თავისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბადრი ესებუას გამოჩენა სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო ეშინოდა და საფრთხე შესაძლოა არა მხოლოდ სამართალდამცველებისგან, არამედ რომელიმე რიგითი მოქალაქისგანაც წამოსულიყო, რომელსაც სჯეროდა, რომ ესებუამ ბანკიდან 500 ათასი დოლარი წაიღო.

„რადგან გაჟღერდა მისი სახელი, აქედან გამომდინარე ის იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო. რატომ გაჟღერდა მისი სახელი, ამის ახსნა ნამდვილად არ აქვს. ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელიც ბანკში შევიდა, ბადრი ესებუა არ არის“, - ამბობს ადვოკატი ჯანაშია.

2020 წლის ოქტომბრის მიწურულს, მედიაში გავრცელდა ზუგდიდის ქუჩებში ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველი კადრები; თუმცა შს სამინისტრომ მაშინ განმარტა, რომ ეს მასალები ძველია და დანაშაულის ჩადენამდე, 6 ოქტომბერს არის გადაღებული.

28 თვის განმავლობაში შს სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და თავად მინისტრს მედია მუდმივად ეკითხებოდა - რატომ ვერ დაიჭირეს ბადრი ესებუა?!

„ეს არის ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული“, - განაცხადა 2021 წლის ივნისში, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

ასევე ნახეთ ესებუას ნათესავი: არ ვიცი, როგორ მოვიდა, ღამე იყო, ჩვენ ვიწექით

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბადრი ესებუა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს“. მისი ნათესავი, ომიანე ჯიქია ადასტურებს, რომ სპეცოპერაცია მის სახლში ჩატარდა; თუმცა განმარტავს, რომ არ იცის, როგორ შევიდა მათ სახლში ბრალდებული. ომიანე ჯიქიას თქმით, ესებუა მისი ძმის შვილიშვილია. ესებუას მამამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ომიანე ჯიქია „მეუღლის ბიძაა“ და მასთან სახლში მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი - „5 წლის უკან, სატირალში“. გამოკითხვის შემდეგ, ომიანე ჯიქია სახლში დაბრუნდა.

ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი, 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე შეიჭრა და 40-ზე მეტი მძევალი აიყვანა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, თავდამსხმელი თავიდან აგრესიულად იქცეოდა და შესაშინებლად გაისროლა კიდეც, მაგრამ შემდეგ, ძირითადად სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ის ითხოვდა 500 ათას დოლარს და ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლას. მოთხოვნებს მედიასაშუალებებს ონლაინრეჟიმში უზიარებდა. გავრცელებული მასალები ადასტურებს, რომ მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა და თანხაც მანვე გადასცა.
8-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თავდამსხმელმა ბანკის შენობა 3 მძევალთან და ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა. კადრებში ჩანს აწეული ხელი, რომელშიც მას სავარაუდოდ ხელყუმბარა ეჭირა. გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

2020 წლის ოქტომბრის შემდეგ, ბანკებზე თავდასხმის არაერთი შემთხვევა მოხდა და მათ შორის: 2020 წლის ნოემბერში, თბილისში, „საქართველოს ბანკის“ დიღმის ექსპრეს ფილიალიდან, თანხა შეიარაღებულმა პირმა გაიტაცა; 2021 წლის აპრილში - ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკში“ ერთი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა; 2021 წლის სექტემბერში, თავდამსხმელმა ისევ მძევლები აიყვანა - „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში; 2022 წლის ივნისში თავდასხმა მოხდა ბათუმის „საქართველოს ბანკის“ ფილიალზეც. 2022 წლის სექტემბერში, თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში.

ზუგდიდისგან განსხვავებით, უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავეების დაკავება მალევე მოახერხეს.