"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დღეს, 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.
უწყების განცხადებით, ბრალდებულს დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს. რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეს, ამაზე სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლი ოჯახის ნათესავს, ომიანე ჯიქიას ეკუთვნის.
შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".
ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს:
„თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია”.
რაც შეეხება მიმალვის მიზეზს, ჯანაშიას სიტყვებით, რადგან „საქართველოს ბანკის” თავდასხმის საქმეზე გაჟღერდა ბადრი ესებუას სახელი, იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.