20-21 ოქტომბერს შსს-მ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა - ჯერ ლექსო რაფავა, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, შემდეგ კი გიორგი დათიაშვილი - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ასევე ყოფილი მოადგილე. მაღალჩინოსნებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა წლების წინ, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად დატოვეს.
"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პოლიციელების დევნა. ჩვენ, ყოფილი და მოქმედი პოლიციელები, ვემსახურებით საქართველოს და არა რომელიმე პარტიას", - უთხრა პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, 25 ოქტომბერს, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ ტოვებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას.
დღეს, 26 ოქტომბერს იგივე თქვა და თანამდებობა დატოვა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა საბა კუხალეიშვილმა. მანამდე თითქმის სიტყვასიტყვით იგივე თქვა ჟურნალისტებთან შს სამინისტროს იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა, მაიორმა რომან ანთიამ: „ლექსო რაფავა ჩემი მეგობარია. პროტესტს ვაცხადებ მისი უკანონო დაკავების გამო და დავტოვე სამსახური. მე ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას“.
ასევე ნახეთ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალოვან უწყებაში დასაქმებულები შსს-ს დევნაში ადანაშაულებენხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ ერთ-ერთი პირველი, ვინც სამსახური დატოვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი რევაზ ლაზიშვილი იყო. მან ეს გადაწყვეტილება 21 ოქტომბერს მიიღო. ლექსო რაფავას დაკავებასთან ერთად მან გააპროტესტა 20 ოქტომბრის ღამეს, კუდ-ის ყოფილი უფროსის, რუსლან შამახიას სახლის ჩხრეკა.
ვთხოვ პოლიციის თანამშრომლებს, ჩვენი მეგობრები ვინც არიან დარჩენილები, ვინც იცნობს ლექსოს, რუსლანს, იციან მათი შრომა, რაც გასწიეს ქვეყნისთვის, რომ ხმა აიმაღლონ...თენგიზ გუნავა
"ჩემი პროტესტი გამოიწვია პოლიციის თანამშრომლის დაკავებამ, ვისთანაც მე მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების აწიოკებამ. არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე", - თქვა მან.
პოლიციელების პროტესტს წინ უძღოდა 21 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლების განცხადება. ისინი ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ჩხრეკებს ატარებს ყოფილი სამართალდამცავების სახლებში იმის გამო, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან. ერთ-ერთი ასეთი სპეცოპერაცია კი ლექსო რაფავას "უკანონო დაკავებით" დასრულდა.
კუდ-ის ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია ამბობს, რომ მისი სახლი იმ დროს გაჩხრიკეს, როდესაც თავად შინ არ იყო. სახლში რომ ვყოფილიყავი, იარაღს სავარაუდოდ მეც ჩამიდებდნენო, - თქვა მან.
შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა, თენგიზ გუნავამ კი პოლიციის თანამშრომლებს მიმართა: „ვთხოვ პოლიციის თანამშრომლებს, ჩვენი მეგობრები ვინც არიან დარჩენილები, ვინც იცნობს ლექსოს, რუსლანს, იციან მათი შრომა, რაც გასწიეს ქვეყნისთვის, რომ ხმა აიმაღლონ“.
ასევე ნახეთ სააკაშვილისა და დაკავებული ყოფილი სამართალდამცველების მხარდასაჭერად აქცია გაიმართალექსო რაფავას დაკავებაზე საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „სტანდარტული საპოლიციო ღონისძიება... არაფერი განსაკუთრებული“, - თქვა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ სამართალდამცავ უწყებებს ყველა დარღვევაზე აქვთ რეაგირება და ყოფილი პოლიციელი იქნება ის თუ მოქმედი, როცა დანაშაულს სჩადის, პასუხს აგებს კიდეც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აყენებენ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ აქ [ზუგდიდში] რეალურად ჩამოყვანილი ჰყავთ კრიმინალები და მათ ალაგებინებენ თავიანთი ჭკუით სიტუაციას...ნიკო მიქაია
მან ასევე გააკეთა კომენტარი სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის, სადგურ „ანაკლიის“ უფროსის გადადგომასთან დაკავშირებით: „ძალიან კარგია. რაც მალე მოხდება ამ ადამიანების ლუსტრაცია, რაც მალე აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის. გაიწმინდება პოლიციაც ასეთი ფსევდოოფიცრებისგან“, - თქვა პრემიერმა.
პრემიერის თქმითვე, ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს პოლიციას, ჯარს, მათ შორის, ყოფილ პოლიციელებს თუ სამხედროებს, რომლებიც „ღირსეულად“ ატარებენ მუნდირს. მისივე თქმით, ვისაც პარტიული საქმიანობა სურს, ჯერ ეს მუნდირი უნდა გაიხადოს.
გადამდგარი სამართალდამცავების განცხადებებს, გარდა შინაარსისა, აერთიანებთ ისიც, რომ ჟურნალისტებს ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ყოფილ ძალოვნებთან ერთად ესაუბრებიან.
მაგალითად, დღეს, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, სადაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა საბა კუხალეიშვილმა პირველად ისაუბრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, განმარტება ასევე გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ყოფილმა სამართალდამცავმა ნიკო მიქაიამაც.
„ეს ჯაჭვი გაგრძელდება, არ გაჩერდება. პროტესტი არის ძალიან დიდი, რომელიც გამოიწვია არა მარტო დაკავებებმა, არამედ იმანაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აყენებენ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ აქ [ზუგდიდში] რეალურად ჩამოყვანილი ჰყავთ კრიმინალები და მათ ალაგებინებენ თავიანთი ჭკუით სიტუაციას“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ზუგდიდში სპეცოპერაცია იგეგმება