Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილისა და დაკავებული ყოფილი სამართალდამცველების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა


სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ მოითხოვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირების, ასევე ბოლო დღეების განმავლობაში დაპატიმრებული ყოფილი პოლიციელების გათავისუფლება.

როგორც აქციის მონაწილე ირაკლი კვარაცხელიამ სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ხელისუფლების „უკანონო პატიმრები” მათ დღეს სიმბოლურად დასვეს სკამებზე.

აქცია-პერფორმანსის დასასრულს შეკრებილებმა რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, ტროტუარზე დატოვეს წარწერა „თავისუფლება მიშას”.

„აქ არიან ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ ის, რომ ქვეყანაში მუდმივად სჭირდებათ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, მუდმივად სჭირდებათ ბრძოლა სამართლიანისთვის. ჩვენ ეს ყველას მოგვბეზრდა და ამ ბრძოლას ახლა, ამ არჩევნებით მოვიყვანთ ბოლომდე და ამ არჩევნებით დავასრულებთ ამ ხელისუფლებას”, - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 20-21 ოქტომბერს ყოფილი სამართალდამცავები დააკავეს. ესენი არიან: ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ასევე ყოფილი მოადგილე, გიორგი დათიაშვილი. ისინი სპეცოპერაციების შედეგად, საკუთარ სახლებში დააკავეს და ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ იარაღი „ჩაუდეს” და დაკავება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ენმ-ის აქტიური მხარდამჭერები არიან.

ადვოკატის ინფორმაციით, ლექსო რაფავა მე-5 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG