Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალოვან უწყებაში დასაქმებულები შსს-ს დევნაში ადანაშაულებენ


ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავათ, მმართველ გუნდს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ განცხადება ყოფილმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან გააკეთეს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ჩხრეკებს ატარებს ყოფილი სამართალდამცავების სახლებში იმის გამო, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ასეთი სპეცოპერაცია "უკანონო დაკავებით" დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებს შსს-ს გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ განუცხადა, გამთენიისას, ხობის მუნიციპალიტეტში, საკუთარ სახლში, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა დააკავეს. მისი მტკიცებით, რაფავას სახლში თითქოს ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა იპოვეს, რაც რეალურად ჩხრეკისას "დაუდეს".

"ხელისუფლება არის აგონიაში. ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან, მაქსიმალურად პირველ ტურში ხელს უშლიდნენ გაყალბებაში და ამიტომაც ეშინიათ, ამიტომაც მიმართავენ ასეთ უმსგავსო მეთოდებს", - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

მისი სიტყვებით, როგორი რეპრესიული მეთოდებიც უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, ისინი უკან დახევას არ აპირებენ. მისი სიტყვებით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ვერ დარჩება ამ უმსგავსობის გამო და ყველა აგებს პასუხს.

"არ გაუმართლათ და ლექსოსნაირად მე არ ვიყავი სახლში, თორე შეიძლებოდა მეც მქონოდა მათი მოტანილი ავტომატიც და ხელყუმბარაც. წაღებულია, მე რაც მქონდა გაფორმებული, სანადირო თოფზეა საუბარი, როგორც ოჯახის წევრები მეუბნებიან", - განაცხადა რუსლან შამახიამ.

მისივე სიტყვებით, მსგავსი "უკანონო ჩხრეკები" შესაძლოა ჩატარდეს სხვა ქალაქებშიც, ამიტომ მიმართავს პოლიციელებს, რომ არ მიიღონ "ამ უსამართლობაში" მონაწილეობა.

ბრიფინგზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წუხანდელი სპეცოპერაციის ჩატარებაზე სამეგრელოს პოლიციამ უარი თქვა, რის გამოც ეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ მამუკა ჭელიძეს და შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს მოუწიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხობში ჩატარდა "სტანდარტული საპოლიციო ღონისძიება".

"არაფერი განსაკუთრებული. დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით, სპეცოპერაციის დროს ის თავად თბილისში იყო.

XS
SM
MD
LG